
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრმა, დუდა სანაძემ ევრობასკეტის მეოთხედფინალში, ფინეთთან გასამართი მატჩის შესახებ ისაუბრა.
"ველოდებით ძალიან რთულ თამაშს. სტილით, დაახლოებით, იმავე კალათბურთს თამაშობს, რასაც საფრანგეთი - სწრაფ კალათბურთს და, ათლეტურობის ხარჯზე, გარედანაც ძალიან კარგად ესვრიან. ეგ არის ჩვენი ტაქტიკა, რომ რაც შეიძლება ნაკლები თავისუფალი სროლა ვასროლინოთ და მათ ტემპს არ ავყვეთ. ამ შემადგენლობით პირველად ვთამაშობთ. სულ სხვანაირი გუნდია ფინეთის ნაკრები, მაგრამ ჩვენც, კიდევ ორი მოთამაშე გვყავს დამატებული, - გოგა და მამუ, რაც ძალიან კარგ თამაშს გვპირდება. ვფიქრობ, ძალიან კარგი ბრძოლა იქნება. ჩვენს დასახულ მიზანს მივაღწიეთ, მაგრამ ამაზე არ ვჩერდებით, გულის სიღრმეში, ისედაც ყველას უფრო მეტი გვინდოდა, ქართველები ვართ, მაქსიმალისტები და რატომ უნდა გავიდეთ? თუნდაც მედლისთვის ვიბრძოლოთ, - რატომაც არა? ყველაფერი შეგვიძლია," - განაცხადა დუდა სანაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის მეოთხედფინალში ისტორიაში პირველად მოხვდა. დღეს, 10 სექტემბერს ნაკრები რიგაში, ფინეთის გუნდს დაუპირისპირდება. მატჩის მოგების შემთხვევაში, საქართველო ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავა.
საქართველო-ფინეთის მატჩი რიგაში დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.