
„ფორმატი 3+3 საქართველოსთვის ღიაა", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. საქართველო ჯერ არ შეერთებია აღნიშნული სახის საკონსულტაციო პლატფორმის ფორმატს „3+3", რომელიც თურქეთს, რუსეთსა და ირანთან ერთად სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ფორმატში მოქცევას ისახავს მიზნად.
„ჩვენს ქართველ მეზობლებს ჯერ არ დაუკავებიათ მათთვის განკუთვნილი სავარძელი, მაგრამ ეს სავარძელი მაგიდასთან, სადაც ჩვენ რეგიონის პრობლემების განხილვას ვაპირებთ, მათთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი დარჩება", - განაცხადა ლავროვმა.
რუსეთი ამ „გაერთიანებას" პერსპექტიულ ფორმატად მიიჩნევს, სადაც რეგიონული უსაფრთხოება გადაწყდება.
„ჩვენ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინიციატივას 3+3 მექანიზმის შექმნის შესახებ მხარი აქტიურად დავუჭირეთ - სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა და მათი სამი მეზობელი: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო - რუსეთი, თურქეთი, ირანი", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ლავროვის თქმით, პირველი კონტაქტები „მეზობლებს შორის უკვე შედგა", თუმცა საქართველოს „სკამი თავისუფალია".
ფორმატი რუსეთის, ირანის, თურქეთის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების გაერთიანებას ითვალისწინებს. 3+3 ფორმატის შეხვედრების გამართვის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ ერდოღანს ეკუთვნის. პირველი შეხვედრა 2021 წელს, მოსკოვში შედგა, ქართულმა მხარემ კი მასში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა.
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს. 2008 წლის აგვისტოს ომისა და მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ გაწყვეტილია. დღეისთვის ორ სახელმწიფოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული.
„რეზონანსთან" საუბრის დროს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ ეს ფორმატი იმ სახელმწიფოებისთვისაა მისაღები, რომლებსაც დასავლეთის იზოლაცია სურთ კავკასიის რეგიონში. კითხვაზე, რამდენად უზრუნველყოფს „3+3" ფორმატის გააქტიურება უსაფრთხოებას რეგიონში, კაკაჩია გვპასუხობს:
„რეგიონის უსაფრთხოებაში ეს ფორმატი არაფერს შეცვლის, თუ საქართველოს პოზიციიდან დავაკვირდებით. ჩვენ აქამდეც გვქონდა მშვენიერი ორმხრივი ურთიერთობა აზერბაიჯანთანაც, სომხეთთანაც და თურქეთთანაც (გარდა რუსეთისა). ეს ცვლილება უფრო მეტად იმ სახელმწიფოებს აწყობთ, რომლებსაც სურთ დასავლეთისგან იზოლაცია, ეს არის თურქეთი, რუსეთი და ირანი, რომელიც გამორიცხავს დასავლელი პარტნიორების მონაწილეობას კავკასიის რეგიონში".
კორნელი კაკაჩიას თქმით, ლავროვის განცხადება „ქართული ოცნებისთვის" ლაკმუსის ტესტია და ახლა გაირკვევა, რა სურს საქართველოს ხელისუფლებას. „ეს საქართველოს ხელისუფლებისთვის ლაკმუსის ტესტია. ბევრი ეჭვობდა, რომ „ქართულმა ოცნებამ" გადაუხვია ევროატლანტიკურ კურსს და თუ ის ახლა ლავროვის ინიციატივას შეუერთდება, ამის ცალსახა დადასტურება იქნება".
კითხვაზე, რატომ ითხოვს აქტიურად რუსეთი საქართველოს ამ ფორმატში ჩართვას, პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე გვპასუხობს, რომ რუსეთი ხედავს საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებს. გარდა ამისა, ამ განცხადებას წინ უძღოდა სხვა განცხადებებიც, რომელიც საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას შეეხებოდა.
„ლავროვის განცხადებები მეტყველებს, რომ ის არის ლოიალური საქართველოს ხელისუფლების მიმართ და ეს სხვადასხვა მინიშნებებით ვლინდება, მაგალითად, რომ აღდგეს 3+3 ფორმატი. ეს ფორმატი ცალსახაა, რომ საქართველოსთვის მიუღებელი არის, რადგან რუსეთის მიერ საქართველოს ეროვნული მიზნები იგნორირებულია და უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ფორმატი რუსეთის მიერაა შექმნილი, ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ.
„არანაირი ილუზია უნდა გვქონდეს, რომ საქართველომ აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა, ამიტომ ამ ფორმატში ჩართვა დაუშვებელია. ეს არ მოხდება. გავიხსენოთ, როცა კობახიძემ განაცხადა, რომ მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იყო მშვიდობიანი გზით, მეორე დღეს რუსეთმა მკაფიოდ თქვა - არა".-აღნიშნა ჩიტაძემ. კითხვაზე, უზრუნველყოფს თუ არა ეს ფორმატი რეგიონის უსაფრთხოებას, ჩიტაძე გვპასუხობს: „ფორმატი არ შეცვლის არაფერს, ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინტერესი".