ელზა პაპოშვილი
25.09.2024

სადამდე შეიძლება საქართველო ამერიკის ურთიერთობა დაიძაბოს და რა საპასუხო  ნაბიჯები უნდა გადადგას ოფიციალურმა თბილისმა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პრემიერი კობახიძე ბაიდენის მიღებაზე ჯერ დაპატიჟეს, შემდეგ კი მიწვევა გაუუქმეს? 

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „ოცნების“  ხელისუფლება და პრემიერი კობახიძე საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩდნენ. ხოლო მათ მიერ ჩადენილი ქმედებების შესაბამისად, როცა საქართველოში მყოფ მაღალი თანამდებობის პირებს ბიძინა ივანიშვილი არ შეხვდა, სათანადო პასუხი მიიღეს. 

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ის, რაც ამერიკაში მოხდა, სამწუხარო ფაქტია და სირცხვილი ქართველ და ამერიკელ ხალხს შორის ამდენხნიანი მეგობრობის ფონზე. მათი  თქმით, სჯობდა ბაიდენის ადმინისტრაციას სტუმარ-მასპინძლობა ქართველებისგან ესწავლა. თუმცა ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ, რა იქნება საპასუხო ნაბიჯები. 

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი „რეზონანსთან“ ხელისუფლებას ურჩევს არ გადადგას რადიკალური ნაბიჯები, არჩევნებს და ქართველი ხალხის პასუხს დაელოდონ. 

„საქართველოს ხელისუფლება როგორც მანამდე, დღესაც და მომავალშიც გააგრძელებს მზადყოფნას, სტრატეგიულ პარტნიორთან ჰქონდეს ღია, გულწრფელი დისკუსია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს აშშ-სა და საქართველოს შორის,“ - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

მისი თქმით, დიალოგს, აზრების ურთიერთგაცვლას ალტერნატივა არა აქვს.

„ძალიან ვწუხვართ, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. საქართველოს ხელისუფლება როგორც მანამდე, დღესაც და მომავალშიც გააგრძელებს მზადყოფნას და მზაობას, ჰქონდეს სტრატეგიულ პარტნიორთან ღია, გულწრფელი დისკუსია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს ორმხრივ ფორმატში, აშშ-სა და საქართველოს შორის. ჩვენ ყოველთვის გამოვხატავდით მზადყოფნას ღია, გახსნილი, გულწრფელი დიალოგის და დღესაც იგივე პოზიციას ვინარჩუნებთ მიუხედავად ამ ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილებისა, რომელიც იქნა მიღებული. ჩვენ მზაობას გამოვხატავთ, რომ გვქონდეს ღია დისკუსია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ დიალოგს, აზრების ურთიერთგაცვლას არ აქვს ალტერნატივა. არსებობს საკითხები, როდესაც ქვეყნებს აქვთ სხვადასხვა შეხედულებები ზოგადად და დიალოგი, პარტნიორობა და მეგობრობა ჩვენ ვიცით სწორედ ამ მიმართულებით, როდესაც არის ღია, გულწრფელი საუბარი. ჩვენ ამისთვის კვლავ გამოვხატავთ მზაობას რადგან მიგვაჩნია, რომ დიალოგი არის ერთ-ერთი გზა იმისთვის, რომ სტრატეგიულმა პარტნიორებმა ისაუბრონ ურთიერთობების გაღრმავებაზე და განვითარებაზე.

„თუმცა, საქართველოში, ვწუხვარ, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება კვლავ დაკავებულია ტყუილის ტირაჟირებით, რომელიც კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან აზარალებს საქართველოს საგარეო პოლიტიკას. ყველას მინდა მოვუწოდო, რომ ტყუილის ტირაჟირებით ძალიან ზიანდება ქვეყანა და იმოქმედონ იმ სტანდარტებით, რომელიც არის ჟურნალისტიკაში. ეს ტყუილები არის ერთდღიანი, ორდღიანი და საბოლოო ჯამში ვხედავთ, რომ ამას ეფექტი არ აქვს გარდა იმისა, რომ ზიანდება ქვეყნის ინტერესები. ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ პარტნიორებმა, რომლებმაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება, მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ გადახედონ ამ გადაწყვეტილებას. მინდა დავაფიქსირო, რომ საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის მზად არის დიალოგისთვის, რადგან მიგვაჩნია, რომ სტრატეგიულ პარტნიორებს შორის დიალოგი არის ერთადერთი გზა, განსაკუთრებით დიპლომატიაში საუბარი, ურთიერთობებში არსებული საკითხების განხილვას არ აქვს არანაირი ალტერნატივა," - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ანალიტკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“  მიიჩნევს, რომ ის მოვლენები რაც ამერიკაში პრემიერის გარშემო განვითარდა, ძალიან მძიმე სურათს ქმნის და ფაქტია, რომ არჩევნებამდე ეს სიტუაცია არ განიმუხტება. 

„ვფქრობ, რომ ახლა საქართველოს ხელისუფლებამ ამ სიტუაციაზე რეაგირება არ უნდა მაოხდინოს და გარკვეულწილად სიმშვიდე შეინარჩუნოს. სიტუაცია იმდენად რთულადაა, რომ რაიმე ქმედება ან გადწყვეტილება ამ ყველაფერს კიდევ უფრო გაართულებს. ელჩის გაწვევა და ა.შ. არ ვფიქრობ, რომ საჭიროა, რადგან ეს პორცესებს კიდევ უფრო დაამძიმებს. სამწუხარო ისაა, რომ ამ საქციელით ამერიკა, გამოდის, საქართველოს რუსეთისკენ უბიძგებს. დღეს საქართველო საკვანძო სიტუაციაშია და დღევანდელი მდგომარეობა კრიტიკული იმით არის, რომ ხელისუფლებამ არც პასუხი უნდა გასცეს ამერიკას და ამასთანავე არც უნდა დაუთმოს. მმართველმა გუნდმა ახლა რომ დათმოს, მაშინ კანონი უნდა შეცვალოს და ყველა ის პოლიტკა, რაც აქამდე გაატარა, თავადვე უარყოს. ეს დეკორატიული პრეტენზიებია, რადგან საქართველოს იმ ხისტ და  დამოუკიდებელ პოლიტიკას არ პატიობენ, რაც აქამდე ჰქონდა“, - ამბობს საყვარელიძე. 

ანალიტიკოსი ამბობს, რომ ახლა „ოცნებისთვის“ ერთადერთი გამოსავალი არჩევნებია. მისი აზრით, მმართველი გუნდი საკუთარ ხალხს და მათ პასუხს არჩევნებზე უნდა დაელოდოს. 

„დღეს საქართველოს ხელისუფლების ბედ-იღბალი მისი ხალხის ხელშია. ქვეყნის თავმოყვარეობაც ხალხის ხელშია. ჩვენს მოსახლეობას თუ სურს ხელისუფლება, რომელიც დათმობს, მაშინ „ოცნებაზე“ უარი უნდა თქვას და ნაციონალური მოძრაობა აირჩიოს. ის ხელისუფელბა ხომ თმობდა, აგერ 2008 წლის ომიც კი გვქონდა ამ თამაშის გამო. ზელენსკიმ პირდაპირ თქვა, ნაციონალები რომ ყოფილიყვნენ, საქართველო ომს დაიწყებდაო. ეს უკვე საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია, რა ტიპის პოლიტიკა და ხელისუფლება უნდა. 

„ვფიქრობ, „ოცნების“ პოლიტიკაც ეს არის, რომ, აბა, ვნახოთ ხალხის რას იტყვის და სურს თუ არა მას ის ხელისუფლება, რომელიც უსიტყვო მორჩილებაში იქნება. ოღონდ ამერიკას აამოს და ომსაც კი გამოუცხადებს რუსეთს. ამიტომ მე ვფიქრობ და ვურჩევ კიდევაც „ოცნებას“, არ მისცეს ამ ყველაფერს უფრო ხისტი რეაქცია და არჩევნებს დაელოდოს. მე მაინც მგონია, რომ ამერიკაშიც არიან პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანები, რომლებმაც აღმოჩნდა, რომ „მეგობრობის აქტის“ განხილვა გაურკვეველი ვადით გადადეს. რაღაც მოხდა, ფაქტია, და ვიღაცამ ჩათვალა, მოდი, ბოლომდე კონფრონტაციაში არ შევიდეთო. ამიტომ მეც ამას ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე სიტუაციის კიდევ უფრო  გამწვავება არ ღირს“, - ამბობს საყვარელიძე. 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×