
უკრაინის ფრონტზე ოთხი მიმართულებით მძიმე ბრძოლა გრძელდება, უკრაინელებსა და რუსებს შორის 40-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა. უკრაინამ გასული დღის განმავლობაში, რუსული ძალების 3 მართვის პუნქტი, ცოცხალი ძალების დისლოცირების 13 ტერიტორია და სხვა მნიშვნელოვანი სამიზნეები გაანადგურა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, თავდასხმების შედეგად მშვიდობიან მოსახლეობაში არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული ძალების ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ლიმანის, ბახმუტის, ავდიიკასა და მარინკას მიმართულებებზე და მძიმე ბრძოლა გრძელდება. აღნიშნული მიმართულებებით, რუსებსა და უკრაინელებს შორის, გასული დღე-ღამის განმავლობაში 40-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა.
„თავდაცვის ძალების ავიაციამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 12 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის დისლოცირების ტერიტორიებს და 6 - მტრის საზენიტო სარაკეტო სისტემებს. ასევე, ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს რუსული “მი-24“ ტიპის ვერტმფრენი და 7 სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი. გასული დღის განმავლობაში, სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა 3 სამეთაურო პუნქტს, 1 საზენიტო-სარაკეტო სისტემას, მტრის პერსონალი და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 2 ტერიტორიას, 13 საარტილერიო დანადგარს და მტრის საბრძოლო მასალის საწყობს დაარტყეს“, - აცხადებენ გენშტაბში.
რუსმა ოკუპანტებმა ასევე ხერსონის სატრანსპორტო საწარმოს დაარტყეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა, - ამის შესახებ ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ პროკუდინმა განაცხადა.
„მორიგი რუსული ტერორისტული აქტი. ხერსონში საოკუპაციო ჯარებმა მიზანმიმართულად დაარტყეს მუნიციპალურ სატრანსპორტო საწარმოს. სამწუხაროდ, 55 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ხუთი მისი კოლეგა დაშავდა, ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს“, - წერს პროკუდინი.
მოგვიანებით მან გაავრცელა ინფორმაცია, რომ საწარმოს კიდევ კიდევ ერთი თანამშრომელი, 43 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
„ექიმები ცდილობდნენ მის გადარჩენას, მაგრამ დაზიანებები ძალიან მძიმე იყო. მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა", - წერს ხერსონის გუბერნატორი.
რუსეთის ფედერაცია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტის მოწყობას განიხილავს და ამისთვის ყველაფერი მოამზადა, - აღნიშნული განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა.
"რუსეთი აგრძელებს ზაპოროჟიეს ატომური სადგურის გამოყენებას თავისი აგრესიისთვის. სადგური ოკუპირებული აქვს. ინახავს იარაღს და სამხედროებს. ჩვენმა დაზვერვამ მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ტერორისტული აქტის მოწყობის სცენარს განიხილავს, ტერორისტულ აქტს რადიაციის გაჟონვით. ამისთვის ყველაფერი აქვთ მომზადებული", – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე, შეახსენა საზოგადოებას, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უმსხვილესია ევროპაში და ყველამ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ჩათვლით, იცის, თუ რა ხდება იქ. გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რადიაცია არ ცნობს სახელმწიფო საზღვრებს და მხოლოდ ქარის მიმართულება განსაზღვრას მის დარტყმას.
მისივე თქმით, კონტრშეტევის დაწყების შემდეგ ბრძოლის ველზე პროგრესი „სასურველზე ნელია“, თუმცა მისი თქმით, კონტრშეტევა „ჰოლივუდური ფილმი“ არაა.
"ზოგიერთს მიაჩნია, რომ ეს ჰოლივუდური ფილმია და შედეგებს ახლავე ელის. ეს ასე არ არის", - განაცხადა ზელენსკიმ BBC-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, სასწორზე ადამიანების სიცოცხლე დევს. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ წარმატება ადვილი არაა, რადგან უკრაინის ტერიტორიის 200 000 კვადრატული კილომეტრი რუსული ძალების მიერაა დანაღმული.
„რაც არ უნდა სურდეს ზოგიერთს, მათ შორის ჩვენზე ზეწოლის მცდელობებით, მთელი პატივისცემით, ჩვენ ბრძოლის ველზე წინ წავიწევთ ისე, როგორც საუკეთესოდ მივიჩნევთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ბრძოლის ველზე გამარჯვება აუცილებელია და რომ უკრაინა გაყინულ კონფლიქტს არ დასთანხმდება. „რადგან ეს არის ომი, ეს არის უპერსპექტივო განვითარება უკრაინისთვის“, - აღნიშნა ქვეყნის პრეზიდენტმა.
ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გამაგრილებელი დანაღმეს, აფეთქების საშიშროება არსებობს. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
“სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის [აფეთქების ან ავარიის] გარკვეული საშიშროება არსებობს. ვინაიდან, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური როგორც იმყოფებოდა, ისევე იმყოფება საოკუპაციო ჯარების დროებითი კონტროლის ქვეშ”, - განაცხადა ბუდანოვმა.
მისი თქმით, კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქებით რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გამაგრილებლებთან წყლის ნორმალური მიმოსვლა გაანადგურეს.
ასევე, ოკუპაციის პირობებში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დამატებით იქნა დანაღმული, კერძოდ კი მისი გამაგრილებელი. “თუ მას [გამაგრილებელს] აფეთქების გზით გამოიყვანენ მწყობრიდან, დიდი ალბათობაა იმისა, რომ მნიშვნელოვანი პრობლემები იქნება”, - აღნიშნა ბუდანოვმა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ფიქრობს, რომ, დიდი ალბათობით, უკრაინელები კონტრშეტევას აგვიანებდა იმიტომ, რომ დასავლეთისგან „ეფ-16“-ებს ელოდნენ. თუმცა, კონტრშეტევის დაწყების დრო სწორად იყო შერჩეული და ახლა მათი მოქმედებები დროში ძალიან ზუსტია. მართალია ნელა მიიწევენ წინ, მაგრამ, გენერალი ფიქრობს, რომ ამხელა ფრონტის ხაზზე ერთდროულად სწრაფი შეტევა, როცა რუსებიც მომზადებულები არიან, ძალიან რთულია.
„უკრაინელები უკვე ნატოს სტანდარტებით იბრძვიან. 4 ივნისიდან დაწყებული იყო ე.წ. მაფორმირებელი მოქმედებები. ეს გულისხმობს მომზადებას შეტევის ძირითადი ღონისძიებისთვის. ამის შემდეგ კი ეს შეტევები ნელ-ნელა გაიზარდა. ჩემი აზრით, იყო თავდაცვის ზღუდის გარღვევა და შემდეგ აი, ამ გარღვევის მონაკვეთში, ძირითადი ძალების შემოყვანა.
„უკრაინელების შეტევის ორი მიმართულებაა - ეს არის ერთი კურსკის მიმართულება, რომელიც წარმოადგენს დამხმარეს და რუსების ყურადღების გადასატანად ხდება. მეორეა სამხრეთით, დონეცკიდან ზაპოროჟიეს მიმართულება, რომელიც უკვე მთავარი დარტყმის მიმართულებად ჩამოყალიბდა. რაც შეეხება ბახმუტს, უკრაინელებმა აქაც გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს, 1-1.5 კილომეტრში შეძლეს რუსების თავდაცვაში შეღწევა, თუმცა რაიმე განსაკუთრებული წინსვლა არ არის.
„ცუდი ისაა, რომ უკრაინელები არ არიან აღჭურვილი იმ რაოდენობის განაღმვის შესაძლებლობით, რაც მათ მისცემდა დანაღმული ველების გადაკვეთის საშუალებას. რუსებმა ძალიან მჭიდროდ დანაღმეს დიდი ტერიტორიები“, - ამბობს გენერალი კაპანაძე „რეზონანსთან“.
მისივე შეფასებით, უკრაინელებმა გარკვეული ოდენობის საბრძოლო ტექნიკა სწორედ ამ დანაღმულ ველებზე დაკარგეს. შესაბამისად იძულებული არიან გამოიყენონ არსებული გზები და ხოლო ამ გზებზე რუსები საცეცხლე ზემოქმედება ახორციელებენ, რაშიც დიდი უპირატესობა გააჩნიათ რაოდენობრივი თვალსაზრისით.