სანამ ხელისუფლება ინფლაციასთან დაკავშირებულ პრობლემას არ მიხედავს, მდგომარეობა ქვეყანაში სასიკეთოდ არ შეიცვლება
ქეთო გოგოხია
10.10.2022

ფასების სტაბილურობა საქართველოსთვის ისევ დიდ გამოწვევად რჩება. სპეციალისტები რადიკალური ზომების აუცილებლობაზე საუბრობენ. ფასების კლების გლობალური ტენდენციის, ლარის გამყარების და საწვავზე ფასების კლების მიუხედავად, საქართველოში სურსათი რეალურად არ იაფდება. მართალია, იმპორტული პროდუქტის ფასი მცირე ცვლილებას  განიცდის, მაგრამ ადგილობრივი ნაწარმი ძალიან ძვირი ღირს და  ფასის შემცირების ნიშნები საერთოდ არ ჩანს. როდესაც სამომხმარებლო ბაზარზე სრული განუკითხაობაა, წესით, სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ზომები უნდა იქნას მიღებული, რაზეც სპეციალისტების ნაწილი საუბრობს კიდეც და აცხადებს, რომ კონტროლის მექანიზმი უნდა ჩაირთოს, რა დონეზეც ეს შესაძლებელია.

პირველ რიგში, აუცილებელია ფასებსა და ოლიგოპოლიაზე პასუხისმგებელი სტრუქტურების ხელმძღვანელთა საკითხი გამოიკვეთოს. საფუძველი კი ნამდვილად არის, თუნდაც პურის მაგალითზე. მიუხედავად იმისა, რომ ფქვილი ბოლო პერიოდში მკეთრად გაიაფდა და ქარხნების ნაწილმა ფასი 10 თეთრით შეამცირა, სავაჭრო ობიექტებში ცვლილება არ ასახულა. მაღაზიებში პური და პურპროდუქტები კვლავ ძვირად იყიდება.

ანალოგიური მდგომარეობაა თითქმის ყველა სეგმენტში. მაგალითისთვის, თითქმის 80 თეთრით გაიაფდა საწვავი, მაგრამ ამას მგზავრობის ტარიფებში მცირე ცვლილებაც არ გამოუწვევია.  პარალელურად ლარი მყარდება და ყველანაირმა პრობლემამ ჩაიარა, რაც ფასებზე ზრდის მიმართულებით ახდენდა გავლენას.

მიუხედავად ყველაფრისა, ქვეყანაში ყველგან ტოტალური სიძვირე ბატონობს. ასეთ პირობებში ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა ფასების კონტროლის მექანიზმი შემოვიდეს და რამე მოიფიქროს სახელმწიფომ, ვინაიდან ზარალდება მოსახლეობა, ადამიანები ვერ ეტევიან ხარჯებში, არ ჰყოფნით შემოსავალი და ამის გამო ქვეყნიდან გარბიან.

როგორც ცნობილია, რეკორდულად მაღალი ინფლაციის დასაძლევად, პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და ბელარუსის მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდა აკრძალა. ცხადია, მისი ბრძანება სრულ წინააღმდეგობაშია ფუნდამენტურ საბაზრო პრინციპებთან და მისი ეფექტიანი აღსრულება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. თუმცა როდესაც მოსახლეობის ინტერესები ზარალდება და მაღალი ფასების გამო სოციალური ფონი მძიმდება ქვეყანაში, მთავრობის მხრიდან გარკვეული ზომების გატარების საჭიროება დგება.

ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებს შორის ყველაზე მართებულ გადაწყვეტილებად ანალიტიკოსი ნიკა შენგელია საწვავის გაიაფებას მიიჩნევს და აცხადებს, რომ საწვავი კიდევ 50 თეთრით უნდა გაიაფდეს, რომ სხვა პროდუქციას გაიაფება შეეტყოს. ამის რესურსი არის, მაგრამ მთავრობამ უნდა გადადგას ნაბიჯი და დაელაპარაკოს არაკეთილსინდისიერად განწყობილ ბიზნესს და საწვავის გაიაფება აიძულოს.

,,ფასების რეალურად შემცირების საკითხს განვიხილავთ მაშინ, როცა საწვავი  რეალურად გაიაფდება. არ ვთვლით, რომ ფასები დაკლებულია. ომამდე, ანუ მიმდინარე წლის თებერვალში, როცა დოლარის კურსი 3,0-იან ნიშნულს აჭარბებდა და ნავთობი 100 დოლარის ფარგლებში იყო, ფასი  ბრენდულ ავტოგასამართ სადგურებზე აფსი 3,30 ლარს აღწევდა. ახლა ნავთობი 90 დოლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო ლარის კურსი 2,80-ის დონეზეა. ჩვენთან თითქოს არაფერი შეცვლილა, დიზელი კვლავ 4 ლარის ფარგლებშია.

ასეთი მოცემულობაა და არ ველოდებით ფასების კალებას. დამთავრდება შემოდგომა, მიილევა ადგილობრივი მოსავალი და ფასები სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე აიწევს. მოგეხსენებათ, ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია, ხოლო იქიდან შემოტანილი პროდუქტები და პროდუქცია იქნება ძვირი, ვინაიდან თურქეთში  სამომხმარებლო ინფლაცია 83%-ს აღწევს.

მთავრობა საქმეში არ ერთვება. ფასების კლების საკითხით რომ ინტერესდებოდეს, მაშინ მიიღებდა აამოქმედებმდა სხვადასხვა პროგრამებს, რაც გამოიწვევდა საწვავის გაიაფებას. ჩვენ ამის პროექტი გვაქვს, მაგრამ ჯერჯერობით არავინ ინტერესდება. პირიქით, მთავრობა იქით ეხვეწება, ევედრება კარტელის თაოსან ,,სოკარს“ და სხვა კომპანიების წარმომადგენლებს, რომ ფასები დაბლა დასწიონ და მაღალი მარჟა არ გამოიყენონ. ამ დროს ჩვენ ,,სოკარის“  მაგალითით ვნახეთ საწინააღმდეგო რამ, როცა თხევადი გაზთან დაკავშირებით რუსეთიდან შეიქმნა პრობლემა, ,,სოკარმა“ თავისი პროდუქციის ფასი ერთ დღეში 1,70-დან 2,20 ლარამდე ასწია. როგორც კი გაიხსნა საზღვარი და გადმოვიდნენ ავტომობილები, ისევ 1,70-ზე ჩამოიყვანა. ეს არის უბედურება.

"სოკარის" საქმიანობა მომართულია, რომ რაც შეიძლება მაღალ ფასად მიყიდოს საწვავი ქართულ საავტომობილო ბაზარს. საწვავი 50 თეთრით უნდა გაიაფდეს, რომ დაეტყოს ფასებს კლება, ეს რესურსი არის, მთავრობამ უნდა გადადგას ნაბიჯი და დაელაპარაკოს არაკეთილსინდისიერად განწყობილ ბიზნესს, მაგრამ რეალურად არანაირი ქმედითი ნაბიჯები არ იდგმება“, - განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ ნიკა შენგელიამ და დასძინა, რომ შექმნილ სიტუაციაში არანაირი მოლოდინი არ აქვს, რომ ფასები დაიწევს, პირიქით, გარკვეული მიმართულებით მოსალოდნელია სურსათი და სხვა პროდუქციაც გაძვირდეს საქართველოში.

,,ფასების კომპონენტი თეორიულად დაკავშირებულია ინფლაციის კოეფიციენტთან, რომელიც 2023 წლის მეორე კვარტლიდან მნიშვნელოვნად დაიკლებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროდუქცია გაიაფდება. ძირითადი ორი  ფაქტორი იმისა, რომ საქართველოში პროდუქტი არ იაფდება მოგების დიდი მარჟა და საწვავის მაღალი ფასია. პრობლემის მოგვარება და საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვა თუ სურს მთავრობას, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა სწორედ აქედან უნდა დაიწყოს“ -  დასძინა ნიკა შენგელიამ.

ფასებთან დაკავშირებით მდგომარეობის შეცვლის მოლოდინი სპეციალისტების უმეტესობას არ აქვს და აცხადებს, რომ სახელმწიფო არაფერს აკეთებს ამ პრობლლემის მოსაგვარებლად, ელემენტარულად, შესაბამისი სტრუქტურების მიმართ პასუხისმგებლობის საკითხსაც არ აყენებს და ამასობაში ხალხი გამოუვალ სიტუაციას თავს ვერ აღწევს.

ეკონომისტ მერაბ ჯანიაშვილის აზრით, შექმნილ ვითარებაში პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკს უნდა დაეკისროს, ხოლო კონკურენციის სააგენტოს მეტი აქტიურობა სჭირდება, რომ დაკისრებულ მოვალეობას თავი გაართვას.

,,ფასების კონტროლი საკმაოდ რთულია, ამან ბევრი ქვეყნის ეკონომიკა დააზარალა. როდესაც ასეთი რთული სიტუაციაა, მთელი პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკს უნდა დაეკისროს. აშკარაა, რომ იგი თავის საქმეს ვერ ასრულებს და არც ფისკალური პოლიტიკა უწყობს ხელს ინფლაციის შემცირებას, რაც დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის.

არანაირი კომპეტენცია არ გააჩნიათ ქართველ ჩინოვნიკებს, რომ კონტროლი დააწესონ. გვყავს ეროვნული ბანკი, რომლის ერთადერთი ფუნქცია ფასების დონის სტაბილურობის უზრუნველყოფაა. კეთილი ინებონ და მიხედონ ამ საკითხს, სხვა გამოსავალს ამ ეტაპზე ვერ ვხედავ.  თუ ვერ ხერხდება ფასების კლება, მაშინ უნდა შეიცვალოს სებ-ის ხელმძღვანელობა, რაღაც ზომები ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას, ეს აუცილებელია. სხვანაირად ფასების დასტაბილურების შესაძლებლობა არ ჩანს.

არც სახელმწიფოს სისტემაა აწყობილი, არც პოლიტიკა გვაქვს ისეთი, რომ ვინმეს მოეთხოვოს პასუხი, როცა ქვეყნის ინტერესები ზარალდება. ყველა ეკონომიკის მინისტრი ზარ-ზეიმით მოვიდა და ასევე გავუშვით, მაგრამ ეკონომიკას მაინც არაფერი ეშველა. ასეა ეროვნულ ბანკთან დაკავშირებითაც,  ფასების სტაბილურობის განცდა საერთოდ მოიშალა, მაღალი ინფლაციაა და სებ-ს არავინ სთხოვს პასუხს. კონკურენციის სააგენტოს გაკეთებული კი არავის არაფერი უნახავს, ბევრ ბიზნესში ისევ ოლიგოპოლიაა და არც ერთი ფაქტი გამოვლენილი არ არის“, - განაცხადა ჯანიაშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ სანამ ფასებთან დაკავშირებით პრობლემას არ მიხედავენ, მდგომარეობა ქვეყანაში სასიკეთოდ არ შეიცვლება.

,,მაღალი ფასების პრობლემა ყოველთვის იქნება და ამას ვერაფრით უშველიან. უბრალოდ, პოლიტიკური ნება არ არის, არაფერი კეთდება და არც არავის მოეთხოვება პასუხი. ასე იყო წინა მთავრობის დროს და დღესაც სიტუაცია უცვლელია. ვერა და ვერ დაწესდა, რომ ჩინოვნიკს, რომელიც საქმეს ვერ აკეთებს, პასუხისმგებლობა დაეკისროს, პირველ რიგში კი, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას. ვერც ოპოზიცია აკეთებს რამეს, სხვა პრობლემით არის დაკავებული, როცა ეროვნული ბანკის წინ აქციებს უნდა აწყობდეს და ფასების სტაბილურებას და  სოციალურ კეთილდღეობას მოითხოვდეს“, - განაცხადა მერაბ ჯანიაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“.

ცნობისთვის, საქართველოში კვლავ მაღალი ინფლაციაა. სექტემბრის მდგომარეობით, ფასების საშუალო დონე წლიურად 11,5%-ით არის გაზრდილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×