თამთა ჩაჩანიძე
28.08.2022

აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადაცემული თითქმის სამ მილიარდ დოლარიან მორიგი სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში პენტაგონი უკრაინისთვის 182 მილიონი დოლარის ღირებულების საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ნასამს"-ს შეიძენს. გარდა ამისა, გერმანიაც დამატებით სამხედრო დახმარებას გამოუყოფს კიევს. საუბარია საჰაერო თავდაცვის სისტემა „აირის-ტე"-ზე. სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ სისტემების მიწოდება კომპლექსურად მოხდება, მაშინ უკრაინას თავის დაცვის პრობლემა გარკვეულწილად მოეხსნება.

ოფიციალური ინფორმაციით, სულ საუბარია 6 ერთეულ საზენიტო-სარაკეტო სისტემაზე და მათი უკრაინისთვის მიწოდების ბოლო ვადად 2024 წლის 23 აგვისტო განისაზღვრა. პენტაგონის ინფორმაციით, სისტემების შესყიდვაზე კონტრაქტი უკვე გაფორმებულია ამერიკულ კომპანია „რეითეონთან". ამას გარდა, აშშ უკრაინას დამატებით სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალასა და სხვა სამხედრო აღჭურვილობებებს გადასცემს.

გარდა ამისა, გერმანია უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების დამატებით სამხედრო აღჭურვილობას მიაწვდის, მათ შორის სამ ერთეულ საჰაერო თავდაცვის სისტემა „აირის-ტე"-ს.

„აღჭურვილობა მოიცავს სამ „აირის-ტე" ტიპის საზენიტო სისტემას, ჯავშანტექნიკის სარემონტო და აღდგენის ათამდე მანქანას, 20 სარაკეტო გამშვებს, რომლებიც დამონტაჟებულია პიკაპებზე, ზუსტი საბრძოლო მასალისა და დრონების საწინააღმდეგო აღჭურვილობას", - განაცხადა გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა „ფრანს პრესთან".

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ უახლოეს თვეებში ამოქმედდება ამერიკული და გერმანული საჰაერო დაცვის სისტემები, „რაც თითქმის მთლიანად გადაკეტავს უკრაინის ცას, რითიც რუსეთს ბოლო ინსტრუმენტი გამოეცლება".

ვახტანგ მაისაიას შეფასებით, ექსპრეზიდენტის პროგნოზი შორს არის რელობისგან.

„ნასამი" ჰაერსაწინაარმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაა, რომელიც უკრაინულ ქალაქებს საჰაერო დარტყმებისგან დაიცავს, ეს შედარებით სერიოზული ტიპის დაცვაა.

„სააკაშვილი როგორი პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალიც იყო, ისეთივე სამხედრო ექსპერტია, სისულელეებზე კომენტარის გაკეტება მიჭირს.

„ჯერჯერობით უკრაინას „აირის-ტე" უნდ გადასცენ, რომელიც ასევე გერმანული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემაა. ამ სისტემების გაერთიანება თუ კომპლექსურად მოხდება, მაშინ პრობლემა გარკვეულწილად მოიხსნება. 2-3 კვირაში გაირკვევა გერმანელები როგორ გადასცემენ. მათ დღემდე თავი ვერ მოაბეს. ახლა 3 კვირაში, ან ერთ თვეში აპირებენ და თუ გადასცეს, კი, ბატონო, სიტუაცია გაუმჯობესდება. თუ დაგვიანდა, პროგნოზირება ძნელია, თუ რა იქნება", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

კითხვაზე, რა პრობლემები შეიძლება შეექმნეთ რუსებს მას შემდეგ, რაც უკრაინა დაპირებულ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს მიიღებს, მაისაია პასუხობს:

„ყოველ შემთხვევაში ისეთ ზარალს მაინც ვერ მიაყენებს როგორც ახლა აყენებენ. დარტყმების კუთხით სტრატეგიული ინიციატივა რომ აქვთ ეს ფაქტია და ამ კუთხით შესაძლოა ოპერატიულ-ტაქტიკური ინიციატივა უკრაინელების მხარეს გადმოვიდეს, რაც მაინც გარკვეული შეღავათია.

„ახლა უკრაინელები იმას აკეთებენ, რაც უკვე გადაცემული იარაღით შეუძლიათ - ფრონტის ხაზზე რუსეთს აკავებენ. რაც შეეხება მასირებული კონტრშეტევის დაწყებას, ჯერჯერობით ოპერატიულ და სტრატეგიულ დონეზე პრეცენდენტებს ვერ ვხედავ და ტაქტიკურ დონეზე 5-10 კილომეტრის სიღრმეზე კი შესაძლებელია", - განაცხადა მაისაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×