თამთა ჩაჩანიძე
26.08.2022

ეს ჩვენს რეგიონში საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა და თუ ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენა მოხდება, ამან შესაძლოა სერიოზული პრეცენდენტი გამოიწვიოს, განსაკუთრებით პირველ რიგში საქართველოსთვის - ამის შესახებ „რეზონანსთან" სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ განაცხადა, 30 წლის შემდეგ აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის კორიდორზე კონტოლის აღდგენასთან დაკავშირებით. ეს გზა ყარაბაღსა და სომხეთს აკავშირებდა და მას რუსეთის „სამშვიდობო ძალები" აკონტროლებდნენ.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ქალაქ ლაჩინის ცენტრში დღეს აზერბაიჯანის არმიამ აზერბაიჯანის დროშა აღმართა.

დღეს, 26 აგვისტოს ჩვენ, აზერბაიჯანელები ქალაქ ლაჩინში დავბრუნდით - ვულოცავ ლაჩინის მოსახლეობას და ყველა აზერბაიჯანელს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.მისი თქმით, აზერბაიჯანის არმია უკვე ლაჩინშია დისლოცირებული.

„აზერბაიჯანის არმია ახლა ქალაქ ლაჩინშია დისლოცირებული, სოფლები ზაბუხი და სუსი ჩვენი კონტროლის ქვეშაა. გაუმარჯოს ლაჩინს! გაუმარჯოს აზერბაიჯანს!" - წერს პრეზიდენტი ალიევი „ტვიტერზე".

როგორც ვახტანგ მაისაია ამბობს, აზერბაიჯანმა საწადელს მიაღწია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

„პრინციპში, ლაჩინის კორიდორზე აზერბაიჯანის მხრიდან კონტროლის დაწესება 2020 წლის შეთანხმებაში იყო გათვალისწინებული. სომხური მხარე ამას აჭიანურებდა და უნდოდა, რომ ეს მომენტი გადაეწია. რუსეთს პასუხისმგებლობა დაეკისრა, რომ მთიანი ყარაბაღის მიმართულებით სომხეთის სამხედრო უსაფრთხოება უზრუნველჰყოს, რადგან ლაჩინი ერთადერთი კორიდორია, რომელიც სომხეთს მთიან ყარაბაღთან აკავშირებს.

„საუბარია, რომ მეორე ალტერნატიული კორიდორი გაიჭრება, რომელსაც სომხეთი გააკონტროლებს. ფაქტიურად სომხებისათვის ალტერნატივა შეიქმნა, თუმცა ლაჩინი მათთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იყო, საკმაოდ მოკლე გზა.

„აზერბაიჯანმა თავის მიზანს მიაღწია და ეს მთიანი ყარაბაღის დაბრუნების საკითხში წინ გადადგმული ნაბიჯია. ამით აზერბაიჯანი სანუკვარ ოცნებას მიუახლოვდა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მხრივ. შესაძლოა რუსეთმა და სხვა ფაქტორებმა არ მისცენ განხორციელების საშუალება, მაგრამ დროთა განმავლობაში არაა გამორიცხული, რომ შეძლონ. ლაჩინის კორიდორზე კონტროლის აღდგენა აზერბაიჯანს სომხეთთან მიმართებაში ერთგვარ გეოსტრატეგიულ უპირატესობას აძლევს.

„ეს ჩვენს რეგიონში საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა და თუ ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენა მოხდება, ეს შესაძლოა სერიოზული პრეცენდენტი აღმოჩნდეს, განსაკუთრებით პირველ რიგში საქართველოსთვის, ჩვენ ამ მხრივ რთულ მდგომარეობაში ვართ. ყარაბაღის ამბავში თურქეთისა და რუსეთის ჩართვა იყო 3+3"-ის ფორმატში, ჩემი აზრით რუსეთმა აზერბაიჯანსა და სომხეთზე ზეწოლა გააძლიერა. ამ ორმა ქვეყანამ ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით გავლენები გააძლერეს", - განაცხადა მაისაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×