თამთა ჩაჩანიძე
24.08.2022

ომში მყოფმა უკრაინამ დამოუკიდებლობის 31-ე წლისთავი რუსული ჭურვების წვიმის ქვეშ აღნიშნა. იყო პრეზიდენტის მიმართვაც. ვრცელდება ვიდეოები, სადაც უკრაინელი სამხედროები უკრაინელი ხალხის შეძახილებისა და ტაშის ფონზე კიევში დროშებით მსვლელობას მართავენ. თავდასხმების მოლოდინში კიევსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში, უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გამკაცრებული იყო, ხარკოვში კი კომენდანტის საათი მოქმედებდა.

სამხედრო ანალიტიკოსთა შეფასებით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რუსებმა უკრაინის მთავარ ქალაქებზე სარაკეტო იერიშებს მოუხშირეს, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ძირითადი დარტყმები მოიგერია. მათი თქმით, ის, რომ დაბომბვების მიუხედავად უკრაინამ დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა, პოლიტიკურ-ფსიქოლოგიური გამარჯვებაა.

ამის პარალელურად რუსეთმა აღიარა, რომ მათი შეტევის ტემპი შენელდა. თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს მტკიცებით, რუსული არმია ტემპს შეგნებულად ანელებს იმის გამო, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი თავიდან აიცილოს. ანალიტიკოსები კი აცხადებენ, რომ ეს რუსეთის უკანდახევის მაჩვენებელია და სიტუაციას ნიღბავენ.

იმის გამო, რომ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ოფიციალური კიევი რუსეთისგან „სიურპრიზებს" ელოდა, ხელისუფლებამ დედაქალაქში მასობრივი შეკრებები აკრძალა. მანამდე მსგავსი შინაარსის განცხადებება აშშ-მაც გააკეთა და საკუთარ მოქალაქეებს კიევის დატოვებისკენ მოუწოდა.

უკრაინის მთავარ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, კიევში ჩავიდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი. მან უკრაინისთვის დამატებით 54 მილიონი ფუნტის ღირებულების სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა. უკრაინის დედაქალაქს ასევე ეწვია პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა. კიევს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ სხვა დასავლური ქვეყნების ლიდრები, მათ შორის საქართველოდანაც. აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარების დღემდე ყველაზე დიდი ტრანშის შესახებ განაცხადა და 2.98 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დახმარება გამოუყო.

რა ხდება ფრონტზე

24 აგვისტოს უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, დროებით ოკუპირებული ყირიმისა და ხერსონის ოლქის გარდა, დილიდან საჰაერო თავდასხმის განგაშის სიგნალის ხმა ისმოდა. დილით რუსებმა ზაპოროჟიეში ინფრასტრუქტურული ობიექტები დაბომბეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის ჯარები ხარკოვის ოლქის ტერიტორიას 24 აგვისტოს დილიდან ბომბავენ. დაბომბეს ხარკოვის ოლქის ქალაქი დერგაჩი და მალა დანილივკას დასახლება.

დანილივკას ხელმძღვანელის ინფორმაციით, მტერი კასეტურ ჭურვებს ისვრის. თავდასხმის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა და კერძო სახლები. არიან დაშავებულები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსულმა ძალებმა პოლტავის ოლქის ქალაქ მირგოროდში, ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს.

ამის პარალელურად უკრაინელმა დამცველებმა ოკუპირებულ ქალაქ ტოკმაკში რუსების საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურეს. ამის ამსახველ ვიდეოს ტოკმოკიდან ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის პრესსპიკერი სერჰი ბრაჩუკი აქვეყნებს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში 13 ოკუპანტი, საბრძოლო მასალა და სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს.

ზელენსკის მიმართვა

„ახლა აღარავინ იტყვის უკრაინაზე, რომ ის სადღაც რუსეთთან მდებარეობს", - ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ახლა უკრაინისთვის ომის დასასრული იქნება გამარჯვება რუს დამპყრობლებზე და არავინ შეეცდება ტერორისტებთან ურთიერთგაგების ძიებას.

„ექვსი თვეა ვუძლებთ. ყოველი ახალი დღე არის იმის ახალი მიზეზი, რომ არ დავნებდეთ. ამდენი რამის გავლის შემდეგ არ გვაქვს უფლება ბოლომდე არ მივიდეთ. რა არის ჩვენთვის ომის დასასრული? ჩვენ ვამბობდით - მშვიდობა. ახლა ჩვენ ვამბობთ - გამარჯვება. ჩვენ არ ვეძებთ ტერორისტებთან ურთიერთგაგებას.

„ჩვენ არ ვვაჭრობთ ჩვენი მიწებითა და ხალხით. ჩვენთვის უკრაინა - მთელი უკრაინაა. ყველა 25 რეგიონი, არანაირი დათმობა ან კომპრომისი. ეს სიტყვები არ ვიცით, ისინი 24 თებერვალს რაკეტებმა გაანადგურა. დონბასი უკრაინაა და ჩვენ დავაბრუნებთ მას, როგორიც არ უნდა იყოს ეს გზა. ყირიმი უკრაინაა და ჩვენ მას დავაბრუნებთ, როგორიც არ უნდა იყოს ეს გზა.

„უკრაინელმა ხალხმა და მათმა გამბედაობამ შთააგონა მთელი მსოფლიო. მათ კაცობრიობას ახალი იმედი მისცეს, რომ სამართლიანობამ არ მიატოვა ჩვენი ცინიკური სამყარო და იმარჯვებს არა ძალა, არამედ სიმართლე; არა ფული, არამედ ღირებულებები; არა ნავთობი, არამედ ხალხი", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პოლიტიკურ-ფსიქოლოგიური გამარჯვება

ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ, როგორც მოსალოდნელი იყო, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რუსებმა მთავარ ქალაქებზე სარაკეტო იერიშებს მოუხშირეს, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვა ამას წარმატებით გაუმკლავდა.

„რასაც ვხედავთ არის ის, რომ რუსები, როგორც მოსალოდნელი იყო, ძირითადად ქალაქებზე სარაკეტო იერიშებით პასუხობენ და უკრაინელების საჰაერო თავდაცვა საკმაოდ სოლიდურად გამოიუყურება. ღამიდან მოყოლებული რუსული სტრატეგიული ბომბდამშენები ცდილობენ, რომ უკრაინის საჰაერო სივრცეში რაკეტები გაუშვან და მშვიდობიანი ქალაქები დაბომბონ. დნიპრო ინტენსიურად იბომბება, ყოველ შემთხვევაში ცდილობენ, რომ ეს ქალაქი დაიბომბოს, მაგრამ ჯერჯერობით რაკეტების უმეტესობა უკრაინელთა მხრიდან ჩამოგდებულ იქნა, ქალაქში მხოლოდ რამდენიმე ჩავარდა.

„ერთ-ერთი ქალაქი, რომელიც ამ წუთას ყველაზე მეტი მსხვერპლისა და დაზიანების ქვეშაა, ესაა მირგოროდი, რომლიც პოლტავას რაიონშია. ქალაქში უკვე ხუთი აფეთქება მოხდა და მოსალოდნელია, რომ რუსები ამ ყველაფერს გააგრძელებენ. თუმცა, არც უკრაინელები არიან გულხელდაკრეფილები. რუსებისგან განსხვავებით ისინი ქალაქებსა და სამშვიდობო ობიექტებს არ ესვრიან, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში სამხედრო ობიექტებს დონეცკში ინტენსიურად ბომბავენ.

„ასევე ვხედავთ, რომ კოლაბორაციონისტებზე, რომელიც ზაპოროჟიეს რაიონში რუსების მხარეს იყვნენ გადასული, სამშაბათს პარტიზანებმა ინტენსიური თავდასხმა მოაწყეს და რამდენიმე მათგანი დახოცეს, რაც ერთგვარი სიმბოლოა იმისა, რომ ყველა კოლაბორაციონისტი უკრაინის მხრიდან დასჯილი იქნება.

„სამშაბათს ვიხილეთ, რომ რუსებმა სპეციალური გალიები გააკეთეს, რათა ტყვეობაში მყოფი ბატალიონ „აზოვის" წევრები შიგნით გამოკეტონ და სამხედრო სასამართლო მათ წინააღმდეგ ისე აწარმოონ. ჯერჯერობით ეს ყველაფერი პრაქტიკაში არ განხორციელებულა, თუმცა ყველაფერი მოსალოდნელია", - განაცხადა კობერიძემ.

როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, დაბომბვების მიუხედავად უკრაინამ დამოუკიდებლობის დღე მაინც აღნიშნა, რაც პოლიტიკურ-ფსიქოლოგიური გამარჯვებაა.

„როგორც ჩანს, ჩემი პროგნოზი გამართლდა და რუსებმა დამოუკიდებლობის დღეს უკრაინის ქალაქებს სარაკეტო და საჰაერო დარტყმები მიაყენეს, დნეპროპეტროვსკს, ხარკოვსა და ზაპოროჟიეს დაარტყეს. ზელენსკიმ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ჩანაწერი გააკეთა. როგორც ვიცი, აღლუმი არ ჩატარდა, თუმცა ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან რუსეთისგან უსიამოვნო სიურპრიზებს ელოდებოდნენ.

„დაბომბვების მიუხედავად დამოუკიდებლობის დღე მაინც აღნიშნეს და არ გადადეს. ტრადიციულად მასშტაბური არ იყო, თუმცა ამ დღის ჩატარება დიდი მნიშვნელობისაა, ეს პოლიტიკურ-ფსიქოლოგიური გამარჯვებაა", - განაცხადა მაისაიამ.

რატომ შენელდნენ რუსები

„სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს ჩვენ მკაცრად ვიცავთ ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს. დარტყმები უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ინფრასტრუქტურაზე - სამეთაურო პუნქტებზე, აეროდრომებზე, საწყობებზე, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებზე ხორციელდება მაღალი სიზუსტის იარაღით. ამავდროულად, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან იყოს აცილებული. რა თქმა უნდა, ეს ანელებს შეტევის ტემპს, მაგრამ ჩვენ ამას შეგნებულად ვაკეთებთ", - განაცხადა რუსეთის ტავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ.

გიორგი კობერიძე ამბობს, რომ რუსეთმა ტემპი კი არ შეანელა, რეალურად ომს აგებს და ამ სიტუაციას ნიღბავს.

„რუსები ცდილობენ მსოფლიოს აჩვენონ, თითქოს მათ სიტუაცია ხელში უჭირავთ, სინამდვილეში ომს აგებენ. ახლა ცდილობენ ყველაფერი იმით შენიღბონ, თითქოს კეთილი ნება და გადაწყვეტილებააო. არ არსებობს ომის დროს ტემპი შეანელო, თუკი ომს იგებ. თუ სულელი ხარ, კი, ბატონო. ძალიან სასაცილოდ ჟღერს, სინამდვილეში ომში მარცხი იფუთება. ან მობილიზაცია და მაქსიმალური ჩართულობა უნდა გამოაცხადონ, ან უნდა თქვან, რომ კეთილ ნებას ვიჩენთო.

„რუსები აანალიზებენ, რომ ახლა მობილიზაციას ვერ გამოაცხადებენ, რადგან პირველ მსოფლიო ომის დროს რაც მოხდა, იგივეს მიიღებენ - როცა მასშტაბური მობილიზაცია იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სამხედროები შესაბამისად აღჭურვილი არ იყვნენ და საკმარისი საკვები არ ჰქონდათ. საბოლოო ჯამში ეს ხალხი მოსკოვს მიუბრუნდა და მეფე დაამხეს.

„ეს შიში აქვთ და რუსებს ურჩევნიათ უფრო ფრთხილი ტაქტიკა აირჩიონ, ან დათმობაზე გადავიდნენ. ყოველ შემთხვევაში ასე წარმოჩინდეს, რომ იქნება და იმის ნახევარი მაინც შერჩეთ, რაც აქვთ. სინამვილეში ეს რუსების უკან დახევის ჩვეულებრივი მაჩვენებელია", - განაცხადა კობერიძემ „რეზონანსთან".

როგორც ვახტანგ მაისაია აცხადებს, რუსების ტემპის შენელება შესაძლოა უკან დახევადაც ჩაითვალოს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მათ ჯარში მზადებაა, შესაძლოა ეს ოპერატიული პაუზაც იყოს.

„რუსეთი ტემპს რამდენად შეგნებულად ანელებს, არ ვიცი,თუმცა ეტყობა, რომ ძალას იკრებენ. მესამე საარმიო კორპუსი შექმნეს, ასევე 40 ტაქტიკური საბატალიონო ჯგუფია. ჯერ ძალები მოკრებილი არ აქვთ და როგორც ჩანს, რაღაცისთვის ემაზდებიან.

„შესაძლოა ტემპის შენელება გარკვეულწილად უკან დახევასაც ნიშნავდეს, მაგრამ მზადება არის და მემგონი რაღაც ოპერატიული პაუზის მსგავსია, რომ სექტემბრისთვის საბრძოლო მოქმედებებისთვის მოემაზდონ", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×