თამთა ჩაჩანიძე
24.08.2022

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი შესაძლოა შემოდგომით დაამტკიცოს. საუბარია დამატებით ეკონომიკურ ზეწოლაზე, პერსონალურ სანქციებზე, რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებასა და ასევე რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში გადაადგილების მთლიანი ან ნაწილობრივ შეზღუდვაზე. როგორც ჯიპას ასოცირებული პროფესორი და საგარეო პოლიტიკის ექსპერტი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, ჯერჯერობით რთული სათქმელია რაზე მოხერხდება შეთანხმება. ხოლო ის სანქციები კი რაც ზაფხულამდე დაწესდა, რუსეთის ეკონომიკას დღითი დღე პრობლემებს უქმნის და მათი ეფექტი შემოდგომიდან კიდევ უფრო შესამჩნევი იქნება.

ივლისში ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტი დაამტკიცა. ურაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაშინ განაცხადა, რომ ეს რუსეთის შესაჩერებლად საკმარისი არ იყო. დაახლოებით ერთი თვის თავზე კი ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ყირიმის პლატფორმის" სამიტზე განაცხადა, რომ სანქციები მნიშვნელოვნად არყევს პუტინის ომის მანქანასა და რუსეთის ეკონომიკას.

გავრცელებული ცნობებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 31 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე უკრაინაში ომის ფონზე რუსებისთვის სავიზო შეზღუდვების შესახებ იმსჯელებენ.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ თუ ევროკავშირი არ დათანხმდება საყოველთაო გადაწყვეტილებას, ლიეტუვა განიხილავს წინადადებას რუსებისთვის რეგიონალურ დონეზე (რომელიც მოიცავს ბალტიის ქვეყნებს, პოლონეთსა და შესაძლოა, ფინეთს) ვიზების აკრძალვის შესახებ. მანამდე ლანდსბერგისმა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა გააუქმონ რუსებისთვის ევროკავშირის ქვეყნების მიერ გაცემული შენგენის გრძელვადიანი ვიზები, სულ მცირე, უკრაინის ომის დასრულებამდე.

როგორც ჯიპას პროფესორი თენგის ფხალაძე აცხადებს, სანქციების მერვე პაკეტი რუსეთზე ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. მისი თქმით, შენგენის ზონაში რუსეთის მოქალაქეების შეშვებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კონსენსუსი არაა, თუმცა მუშაობა მიდის და შესაძლოა გადაწყვეტილება ნაწილობრივი იყოს.

„მერვე პაკეტი შემოდგომის თემაა, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ერთია რუსეთზე ეკონიმიკური პრესის გაძლიერება, მეორე პერსონალური პრესის გაძლიერება კონკრეტულ პიროვნებებზე და მესამე თემა შესაძლოა იყოს შენგენის ზონაში გადაადგილების მთლიანი ან ნაწილობრივი შეზღუდვა რუსეთის მოქალაქეებისათვის. ამაზე მუშაობა მიმდინარეობს. ჯერჯერობით ყველაფერზე კონსენსუსი არაა, მაგრამ, დიდი ალბათობით, გარკვეული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

„ვნახოთ რაზე იქნება სრული კონსენსუსი და რაზე ნაწილობრივი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს რუსეთზე ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს.

„რაც შეეხება იმ შედეგებს, რაც აქამდე დაწესებულმა სანქციებმა მოიტანა, აქ რამდენიმე განზომილებაა. უპირველეს ყოვლისა ესაა პრესი რუსეთის ეკონომიკაზე. ზეწოლა უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება და შემოდგომიდან კიდევ უფრო მეტად გახდება, რადგან იმ ბოლო სანქციების ეფექტი, რომელიც ძალაში ზაფხულის განმავლობაში შვიდა, შემოდგომიდან უფრო მტკივნეული იქნება.

„ასევე ესაა ზეწოლა უშუალოდ პუტინის გარემოცვაზე და კონკრეტულად იმ პირებზე, რომლებსაც რეჟიმის დაფინანსებაში ლომის წვლილი მიუძღვით. რუსეთს უკვე აქვს პრობლემები სამხედრო მრეწველობაში და სამომავლოდ კიდევ უფრო მეტად შეექმნება. ეს ეხება მთლიანად სამხედრო სამრეწველო კომპლექსს, დაწყებული ავიაციით, მანქანათმშენებლობით, კავშირგაბმულობით და ა.შ. აქ ყველა მიმართულებით სერიოზული პრობლემები აქვს და კიდევ უფრო გაძლერდება.

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სანქციების თემა ყოველთვის იმ დახმარებასთან ბმაში უნდა განვიხილოთ, რომელიც უკრაინას მიეწოდება და რომელიც იზრდება. რუსეთს ელვისებური გამარჯვების გეგმები ჩაეფუშა და ახლა მისი სტრატეგიაა, რომ უკრაინას ქანცი გააცალოს. სანქციებისა და უკრაინის დახმარების მთელი სტრატეგიაც მდგომარეობს იმაში, რომ უკრაინამ ის დახმარება მიიღოს, რომელიც მის გამძლეობას გაზრდის და რუსეთს ქანცი გააცალოს.

„ვხედავთ, რომ სანქციების წნეხის პარალელურად, რომელიც რუსეთზე იზრდება, იზრდება უკრაინის დახმარება. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ახალი სამ მილიარდ დოლარიანი ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი დამტკიცდა. საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ სანქციების და დასავლეთის ამ ტიპის ქმედებების წყალობითაა, რომ ჩვენ უკრაინაში იმ შედეგებს ვხედავთ, რომ რუსეთმა ვერცერთი გეგმა და ჩანაფიქრი ვერ განახორციელა და პირიქით, ბოლო პერიოდში უპირატესობა ნელ-ნელა უკრაინელების მხარეზე გადადის", - განაცხადა ფხალაძემ.

კითხვაზე მერვე პაკეტში კოინკრეტულად რა ტიპის ეკონომიკური სანქციები შეიძლება იყოს, ფხალაძემ გვითხრა:

„ამ წუთას ზუსტად არ ვიცი რაზე შეთანხმდებიან. შემიძლია გითხრათ რა განიხილება. ესაა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების კიდევ უფრო მეტად შემცირება, ასევე ფინანსური ზეწოლა, რომელიც გაძლიერდება და მათ შორის არ გამოვრიცხავ, რომ ამ სანქციების პაკეტში კიდევ რამდენიმე ბანკი ან ფინანსური ინსტიტუტი მოხვდეს. შეიძლება კიდევ დამატებით კონკრეტულ კომპანიებს და პიროვნებებს შეეხოს და პლიუს შენგენის სივრცეში გადაადგილების შეზღუდვა, რაც ასევე ძალიან მტკივნეულია. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთულად მისაღწევი კონსენსუსია, თუმცა ამ შემთხვევაში შესაძლოა ნაწილობრივი თანხმობა იყოს და რეგიონული პრინციპით ამოქმედდეს, ანუ ქვეყნების გარკვეულმა ჯგუფმა შენგენის ვიზის არსებობის შემთხვევაშიც შეიძლება რუსეთის მოქალაქეები თავიანთ ტერიტორიაზე არ შეუშვან.

„საკმაოდ ინტენსიური განხილვები მიდის. დღეს იმის თქმა, თუ ქვეყნები ზუსტად რაზე შეთანხმდებიან, ძალიან ძნელია, მაგრამ ზეწოლის გაძლიერება ამ მიმართულებებით განიხილება", - განაცხადა ფხალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×