თეონა ვეშაგური
23.08.2022

ოპოზიციის მიერ დაანონსებული „ცხელი შემოდგომის" ნაცვლად ჩვენ შესაძლოა ვიხილოთ „ნაციონალური მოძრაობის" დაშლის პროცესი, რომლისთვისაც პატარა პარტიები უკვე ემზადებიან - ამის შესახებ სამშაბათს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „მოქალაქეების" წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა. ანალიტიკოსებს ამ პროგნოზთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

იოსელიანის აზრით, ენმ-ს დაშლის მთავარი მიზეზი პარტიიდან და საერთოდ, პოლიტიკიდან მიხეილ სააკაშვილის წასვლა გახდება. ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი კი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი პოლიტიკიდან არ წავა. პარტიიდან მისი წასვლი შემთხვევაში „ნაცმოძრაობას" ჩამოშორდება ლიდერთა გარკვეული ბირთვი, თუმცა თავად პარტია გააგრძელებს არსებობას მიუხედავად იმისა, რომ მხარდამჭერთა მნიშვნელოვან ნაწილს დაკარგავს.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი პრაქტიკულად უკვე წასულია პოლიტიკიდან. მისივე აზრით, ენმ-ს დაშლა 2012 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება.

ექსპერტები იმ დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბრობენ რაც შეასაძლოა ენმ-ის დაშლასა და პოლიტიკური სპექტრიდან გაქრომას მოჰყვეს. მათივე თქმით, ენმ-ის დაშლა ახალ პოლიტიკურ პარტიებს წარმოქმნის, რაც მეტ საშუალებას მისცემს საზოგადოებას გააკეთოს სწორი არჩევანი.

თუმცა, მეორეს მხრივ, ცუდი ის იქნება, რომ პოლიტიკურ სპექტრს მოაკლდება ძლიერი ოპოზიციური პარტია და დარჩებიან წვრილი პარტიები, რომლებიც სერიოზულ კონკურენციას ვერ გაუწევენ მმართველ „ქართულ ოცნებას".

იოსელიანის პროგნოზი

იოსელიანის განცხადებით, არანაირი „ცხელი შემოდგომა" არ იქნება - არაფერი მოხდება, უბრალოდ ყველა (პატარა პარტია) ცდილობს, თავისი წილი აიღოს იმ კონფიგურაციიდან, რომელიც შეიძლება ვნახოთ, თუ „ნაციონალური მოძრაობა" აღარ იქნება ამ სახით წარმოდგენილი პოლიტიკურ სცენაზე. პატარა პარტიები „ნაციონალური მოძრაობის" დაშლას ელოდებიან. რაც შეეხება საპარლამენტო ბოიკოტის შესაძლებლობას, როგორც ის ამბობს, „ნაციონალური მოძრაობის" წევრები სულ ბოიკოტში არიან, მაგრამ პარლამენტარების პრივილეგიებით სარგებლობენ.

„ნაციონალური მოძრაობა" სულ ბოიკოტშია, რადგან ის საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას არ ღებულობს, თუმცა იღებს ყველა პრივილეგიას, რაც პარლამენტის წევრს ეკუთვნის, მათ შორის მანქანებს, ხელფასებს. ამიტომ ვფიქრობ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყვიტონ უნდათ პარლამენტში მუშაობა თუ არა. თუ არ უნდათ, უნდა წავიდნენ. ჩემი აზრით, ესეც კარგი გამოსავალია.

„რაც შეეხება „ცხელ შემოდგომას", რეალურად რასთან გვაქვს საქმე - პატარა პოლიტიკური პარტიები, რომლებიც რადიკალიზმით გამოირჩევიან დღეს, სინამდვილეში ელოდებიან „ნაციონალური მოძრაობის" დაშლას და უნდათ ამ მომენტისთვის იყვნენ ფორმაში, რომ მათი მომხრეების ნაწილი მიიმხრონ. ამაზეა გათვლილი ყველა გზავნილი და რადიკალიზმი.

„ამას რეალურ პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს. არანაირი „ცხელი შემოდგომა" არ იქნება, უბრალოდ, ყველა ხვდება, რომ „ნაციონალური მოძრაობა" შეიძლება დაიშალოს და ეს გამოწვეული იქნება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლით. უნდათ, ამ დროისთვის, მათი მომხრეების ნაწილი მიიმხრონ იმ რადიკალური დღის წესრიგით, რაც „ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებისთვის მისაღებია. ამისთვის მიდის სინამდვილეში ბრძოლა და არა სხვა რამისთვის, რადგან რამდენიმე პატარა პოლიტიკურ პარტიას არ აქვს იმის რესურსი, რომ ამ ქვეყანაში დიდი ცვლილებები გამოიწვიოს", - განაცხადა ლევან იოსელიანმა

ენმ-ს შესაძლო დაშლის დადებითი და უარყოფითი მხარეები

ანალიტიკოსი რამაზ საკვარელიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ენმ-ის დაშლის შემთხვევაში მისი ელექტორატი იმ პარტიებზე გადანაწილდება, რომლებსაც დღესაც აქვთ კავშირი მათთან. ექსპერტი ენმ-ეს შესაძლო დაშლაში როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებსაც ხედავს.

„ნაციონალური მოძრაობა" ნელ-ნელა ისედაც იშლება 2012 წლის შემმდეგ. ხან „ევროპული საქართველო" გამოეყო, ხან „სტრატეგია აღმაშენებელი", ესეც ხომ დაშლის პროცესია...

„რაც შეეხება სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლის საკითხს, საკითხავია საერთოდ არის პოლიტიკაში? საკუთარი ჯანმრთელოის პრობლემებით ზის ციხეში, არაფერში არ გამოიხატება მისი პოლიტიკაში ყოფნა.

„რაც შეეხება ენმ-ის მომხრეთა გადანაწილებას, რა თქმა უნდა, თუ რეალურად მოხდება პარტიის დაშლა, გადაბირება ხდება სულიერი მსგავსების მიხედვით. ამიტომ უფრო რადიკალურები აირჩევენ იმ პარტიებს რომლებიც დღესაც ენმ-ის გვერდით დგანან, ხოლო შედარებით ზომიერი წევრები ან სხვა პარტიებს აირჩევენ, ან წავლენ სახლში.

„მე მაინც მგონია, რომ ამ პარტიის გაუქმება დადებითი იქნება იმ მხრივ, რომ გაქრება ის მიდგომები, რითაც არსებობს ეს პარტია - ძალადობრივი და აგრესიული ქმედებები. მოხდება ამ სტილის გაუფასურება, რაც კარგია. მაგრამ ცუდი იქნება ის, რომ ასეთი ძლიერი ოპოზიციური პარტია მოაკლდება ქართულ პოლიტიკურ სპექტრს და დარჩება იმდენად წვრილი პარტიები, რომ ისინი არ იქნებიან ხიფათის შემცველი მმართველი გუნდისთვის", - განაცხადა საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი მიიჩნევს, რომ მცირე შანსია ყოფილმა პრეზიდენტმა დატოვოს პოლიტიკა, თუმცა ამ შემთხვევაშიც არ დაიშლება ენმ. წავა გარკვეული ჯგუფი, მაგრამ იარსებებს ძირითადი ბირთვი.

„ეჭვი მეპარება სააკაშვილი წავიდეს პოლიტიკიდან იმიტომ, რომ არ ჰგავს ის იმ ადამიანს, ვინც პოლიტიკიდან წამსვლელია, რა თქმა უნდა, თუ ხელს შეუწყობს ჯანმრთელობა და იქნება სიცოცხლის უნარიანი. სააკაშვილი იყოს ჯანმრთელი და არ იყოს პოლიტიკაში, მე ეს ვერ წარმომიდგენია.

„მაგრამ დავუშვათ წავიდა, ეს გამოიწვევს რყევებს „ნაცინალურ მოძრაობაში", თუმცა ისინი დარჩებიან ნომერ პირველ ოპოზიციურ პარტიად. თუ დღეს ისინი აგროვებენ მაქსიმუმ 25%-ს არჩევნებში, დარჩება 15%-იან პარტიად. ამით მისცემს მოძრაობის საშუალებას დანარჩენ პარტიებს. შესაძლოა პარტია დაიყოს, მაგრამ რაღაც ბირთვი მაინც დარჩება. ასე რომ, სააკაშვილის წასვლა საბოლოოდ იქნება ძალიან სასარგებლო პოლიტიკური სპექტრისთვის.

„ამასთან, არც ის არის გამორიცხული, რომ თუ ენმ-ის დაშლა მოხდა, იქედან წამოსულმა წევრებმა ახალი პოლიტიკური ძალა შექმნან, რაც გაზრდის არჩევანის საშუალებას საზოგადოებისთვის. თუმცა, შესაძლოა გადანაწილდნენ სხვადასხვა მიმართულებით და წავიდნენ ნებისმიერ იმ პარტიაში, რომელიც პროევროპულად არის განწყობილი. შესაძლოა ეს იყოს, მაგალითად, „ლელო" ან სხვა.

„ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ასე მოხდა, ეს კარგია ჩვენი პოლიტიკური სპექტრისთვის. პარტიების გაზრდილი რაოდენობის გამო არჩევნებზე კვლავ „ოცნებას" მოაკლდება ხმების რაოდენობა, ხალხს კი ექნება არჩევანის საშუალება", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×