თამთა ჩაჩანიძე
22.08.2022

კრემლის პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსმა პარტიზანებმა აიღეს. როგორც „ნაციონალური რესპუბლიკური არმიის" განცხადებაშია აღნიშნული, ისინი გაჩერებას არ აპირებენ და კრემლს და ვლადიმერ პუტინს განადგურებით ემუქრებიან. ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას შეფასებით, არაა გამორიცხული, რომ რუსეთში შიდა პოლიტიკური ტერორიზმის ახალი მძლავრი ტალღა დაიწყოს. რაც შეეხება კრემლის ეჭვებს კიევზე, ის ამბობს, რომ ეს სრულიად გამორიცხულია, რადგან თავად ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძვიან და ასეთ ქმედებას არც დასავლეთის ქვეყნები დაუჭერდნენ მხარს.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილმა დეპუტატმა ილია პონომარევმა განაცხადა, რომ რუსი ფილოსოფოსისა და კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა აიღეს რუსმა პარტიზანებმა „ნაციონალური რესპუბლიკური არმიიდან". ერთ-ერთ უკრაინულ არხზე გამოსვლისას მან თქვა, რომ ამ ორგანიზაციას სხვა აქტებიც აქვს განხორციელებული და რომ ის წინასწარ გააფრთხილეს, „რაღაც მოხდებოდა და ახალი ამბებისთვის თვალი ედევნებინა".

ტელეგრამარხ „როსპარტიზანზე" გავრცელდა ე.წ. ნაციონალური რესპუბლიკური არმიის მანიფესტის ტექსტი, სადაც აღნიშნულია, რომ პუტინი ხელისუფლების უზურპატორი და სამხედრო დამნაშავეა, რომელმაც კონსტიტუცია შეცვალა, ძმათამკვლელი ომი წამოიწყო სლავ ხალხებს შორის და რუსი სამხედროები სიკვდილისთვის გაწირა.

„ჩვენ გადავაყენებთ და გავანადგურებთ პუტინს! ჩვენი მიზანია, შევაჩეროთ რუსეთისა და მისი მეზობლების ნგრევა, შევაჩეროთ კრემლის რამდენიმე ბიზნესმენის საქმიანობა, რომლებიც დანაშაულს სჩადიან ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. რუსეთის ფედერაციის მთავრობისა და რეგიონული ადმინისტრაციების თანამდებობის პირებს უზურპატორის თანამზრახველებად ვაცხადებთ - ვინც არ დათმობს ძალაუფლებას, გავანადგურებთ", - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ორგანიზაცია აცხადებს, რომ მზადაა, რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ტვირთები გაანადგუროს. ისინი მოუწოდებენ სამხედროებს, დაყარონ იარაღი და არ შეასრულონ პუტინის რეჟიმის ბრძანებები.

„მოვუწოდებთ რუსეთის არმიის ჯარისკაცებს, შეწყვიტონ სროლა ჩვენი ძმების მიმართულებით სხვა ქვეყნებიდან - საქართველოდან, სირიიდან და სხვა", - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ „თუ დუგინის შვილის გარდაცვალების საქმეში უკრაინული კვალი დადასტურდა, მაშინ უნდა ვისაუბროთ კიევის რეჟიმის ტერორიზმის პოლიტიკაზე". ოფიციალურმა კიევმა მკვლელობასთან კავშირი უარყო.

„ხაზს ვუსვამ, რომ უკრაინა, რა თქმა უნდა, არაფერ შუაშია ამ საქმესთან, რადგან ჩვენ არ ვართ კრიმინალური სახელმწიფო, როგორიც არის რუსეთის ფედერაცია, და მითუმეტეს, ტერორისტული სახელმწიფო", - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.

როგორც სამხერო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, გამორიცხულია ის ფაქტი, რომ უკრაინა ასეთ რამეზე წასულიყო, რაც შეეხება იმას, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსმა პარტიზანებმა აიღეს, ექსპერტი ამბობს, რომ დიდი ალბათობით ეს შიდა დიდი არეულობის დაწყების ნიშანია.

„როგორც ჩანს დუგინის აფეთქება უნდოდათ და ავტომობილში ბოლო წუთს მისი ქალიშვილი ჩაჯდა. აღნიშნული ორგანიზაცია რადიკალური ნაციონალისტური ფრთაა, ეს რუსულ რადიკალურ ძალებს შორის შიდა დაპირისპირების შედეგია. უკრაინის მხარემ ეჭვები მთლიანად გამორიცხა, პოდოლიაკმაც და ზელენსკიმაც ამაზე თქვა, რომ უკრაინა ამ საქმესთან არაფერ შუაშია.

„უკრაინა დღეს ასეთ რაღაცაზე ნამდვილად არ წავიდოდა, ჯერ ერთი დუგინი არც ისეთი დონის პერსონაა, რომ მასზე რაიმე ტერორისტული აქტი განეხორციელებინათ. ამას გაცილებით უფრო დიდი პოლიტიკოსების მიმართ არ აკეთებენ. და მეორე, დუგინი რადიკალია, მაგრამ დასავლეთის სახელმწიფოებს უკრაინისგან ასეთი ტიპის საშინელი ტერორისტული აქტი ნამდვილად არ მეწონებოდათ.

„კიევი თავად სახელმწიფო ტერორიზმს ებრძვის, რომელსაც კრემლი უკრაინის წინააღმდეგ სჩადის. პირიქით, იყო მცდელობები, რომ ტერორისტული აქტი ზელენსკის მიმართ განხორციელებულიყო. მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოგდებაც კარგად გვახსოვს. როგორც ჩანს, რუსეთში ეს შიდა არეულობის დაწყების ნიშანია, სადაც მარგინალურ-რადიკალურმა დაჯგუფებებმა ერთმანეთს ომი გამოუცხადეს და ასეთი დაპირისპირების პირობებში ტერორისტული აქტები ხდება-ხოლმე", - განაცხადა მან.

კითხვაზე რამდენად შეიძლება, რომ რუსეთში მსგავსმა ტერორისტულმა აქტებმა ინტენსიური ხასიათ მიიღოს, მაისაიამ გვითხრა:

„ამის ალბათობა არის. არაა გამორიცხული, რომ შიდა დაპირისპირებაში გადავიდეს. რუსეთმა 90-იან წლებში ის პერიოდი გაიარა, როცა კრიმინალური კუთხით ადამიანების მასობრივად ხოცავდნენ. ხორცლედებოდა აფეთქებები, კრიმინალური ტერორისტული ერთგვარი ტალღა იყო. როგორც ჩანს, რუსეთში ტერაქტების სერია კვლავ გაგრძელდება.

„კრიმინალური ტერორიზმი შესაძლოა უკვე ეთნო სეპარატისტულ, ან პოლიტიკურ ტერორიზმში გადავიდეს, რადგან შიდა პოლიტიურმა ძალამ მეორე რადიკალური პოლიტიკური ლიდერის შვილი ააფეთქა. კრემლი ავტორიტარიზმის ბუდეა და ეს მიღებული წესია. რუსეთში უკვე შიდა პოლიტიკური ტერორიზმის ახალი ტალღა იწყება, შიდა პროცესების კონტროლის გამო.

„არა მგონია საქმე იქამდე მივიდეს, რომ ასეთმა ტალღამ რუსული პოლიტიკური სისტემის რყევა გამოიწვიოს, რომელიც 30 წლია განმავლობაში კრემლმა და პუტინმა ააშენა, მაგრამ ის, რომ იქ უკვე ახალ ძალთა გადანაწილება და ახალი გავლენებისთვის ბრძოლა დაიწყება, ეს შესაძლებელია. არაა გამორიცხული კრემლში უფრო რადიკალური ძალები მოვიდნენ და ულტრა-რადიკალურმა ქორებმა დღეს არსებული ქორები ჩაანაცვლონ. დუგინი რადიკალური დაჯგუფების ლიდერია და არიან ულტრა-რადიკალებიც, რომლებმაც აღნიშნული ტერაქტი ჩაიდინეს.

„რუსეთი კიევში ტერორისტულ აქტებს ამზადებს და უკრაინის სპეცსამსახურები ფეხზე არიან, რომ ყოველგვარი ინციდენტი აღმოიფხვრას. ოკუპირებულ ყირიმში მანევრირებადი ომის განხორცილება მისაღებია, უკრაინა ომშია და ტეროტორია ოკუპირებულია, მაგრამ უკრაინა ამაზე შორს არ წავა და რუსეთში ტერორისტულ აქტებს არ განახორციელებს, ეს გამორიცხულია", - განაცხადა მაისაიამ.

მანამდე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტიმა განცხადება გაავრცელა იმის თაობაზე, რომ დანაშაული, რომელმაც დარია დუგინა იმსხვერპლა, წინასწარ იყო დაგეგმილი და შეკვეთილი

„ამ დროისთვის უკვე დადგინდა, რომ მძღოლის მხარეს, მანქანის ძირზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ჩადებული. დარია დუგინა, რომელიც ავტომანქანას მართავდა, ადგილზე გარდაიცვალა", - აცხადებენ კომიტეტში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×