თეონა ვეშაგური
27.06.2022

შეძლებენ თუ არა ხელისუფლება და ოპოზიცია თანამშრომლობას ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, რათა საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს - ყველა თანხმდება, რომ სამუშაო ბევრია, თუმცა, უთანხმოების საგანი ის არის, თუ საიდან უნდა დაიწყოს ეს პროცესი.

როგორ უნდა შესრულდეს წლის ბოლომდე ევროკომისიის რეკომენდაციები და ვის რა როლი ექნება პოლიტიკური დეპოლარიზაციის დასრულებაში? ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს პოლიტიკურ სპექტრში.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ საუბარია რაიმე შესაძლებლობაზე, ეს არის დიალოგი ხელისუფლებასა და იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებიც შედარებით, უფრო კონსტრუქციულად არიან განწყობილნი, მაგრამ, საქმე ისაა, რამდენად მიიღებს დიალოგის ამ ფორმატს ევროპა.

„თუ გავითვალისწინებთ იმ პოზიციებს რასაც ახლა აფიქსირებს ოპოზიცია, მათ შორის პარლამენტში წარმოდგენილი პარტიები, ძალიან ბუნდოვნად და პესიმისტურად მეჩვენება შეთანხმების პერსპექტივები. ისინი ფაქტობრივად ხელისუფლების დატოვებას მოითხოვენ „ქართული ოცნებისგან".

„ასეთ პირობებში რაინაირად უნდა მოხდეს შესრულება ამ 12-პუნქტიანი რეკომენდაციის, როდესაც თანამშრომლობის სურვილი ნულზეა დასული? - მე ვფიქრობ, რომ თუ საუბარია რაიმე შესაძლებლობაზე, ეს არის დიალოგი ხელისუფლებასა და იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებიც შედარებით, უფრო კონსტრუქციულად არიან განწყობილნი. მაგრამ საქმე ისაა, რამდენად მიიღებს დიალოგის ამ ფორმატს ევროპა, რომელიც მოგვიწოდებს პოლარიზაციის დასრულებისკენ ქვეყანაში.

„მაინც მგონია, რომ როდესაც მათ ჩაწერეს პოლარიზაციის დასრულების შესახებ პუნქტი დოკუმენტში, მკაფიო წარმოდგენა არ ჰქონდათ მიმდინარე პოლიტიკური პროცესების სიღრმეებზე.

„ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლებას წაყენებული აქვს ულტიმატუმები, 3 ივლისის შემდეგ კი სავარაუდოდ უნდა ველოდოთ გარკვეულ ქმედებებს მათი მხრიდან. მიუხედავად ამისა, ასე თუ ისე „ქართული ოცნებისგან" იყო მცდელობა გადასულიყო პროცესები ცივილიზებულ კალაპოტში, თუნდაც იმით, რომ მათ მზაობა გამოთქვეს დიალოგზე, თანამშრომლობასა და მართულ ტელევიზიებში სიარულზეც, მაგრამ, ახლა უკვე ჭირს ამაზე საუბარი.

„სამი ივლისის შემდეგ დავინახავთ რა მოვლენები განვითარდება ქვეყანაში, ჯერჯერობით კი როგორც ავღნიშნე, თანამშრომლობის არანაირი პერსპექტივა არ იკვეთება", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

ევროპელი პარტნიორების გადაწყვეტილება - საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, ოპოზიციისთვის ხელიდან გაშვებული ისტორიული შანსია. მათივე შეფასებით, ამაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა, რომელმაც პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს.

თუმცა, ოპოზიციაში, აღნიშნულთან დაკავშირებითაც არის განსხვავებული აზრი. პარტია "გირჩში" ამბობენ, რომ პრემიერის წასვლა ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე არაფერს შეცვლის.

მმართველი გუნდი დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს და ოპონენტებს კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. ოპოზიციის აქტივობები, როგორც "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, ქვეყნის ევროინტეგრაციის მომავალს აზიანებს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი ოპოზიციასთან დიალოგისთვის მზადაა, თუ ეს უკანასკნელი კონსტრუქციულ ნაბიჯებს გადადგამს.

„ბუნებრივია, რომ მზად ვართ, ოპოზიციასთან ერთად, განვიხილოთ 12-პუნქტიანი გეგმა იქნება თუ ნებისმიერი საკითხი, რომელიც ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებისა და წევრობის დაჩქარებას შეუწყობს ხელს, ოღონდ ოპოზიციამ კონსტრუქციული ნაბიჯები გადმოდგას", - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ აქციაზე, 24 ივნისს, მოძრაობა „შინ ევროპისკენ" ორგანიზატორებმა საზოგადოებას მთავარი მოთხოვნები გააცნეს: პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობით მთავრობის ჩამოყალიბება. აქციის მონაწილეებმა მთავრობას ამ მოთხოვნების შესასრულებლად ერთკვირიანი ვადა განუსაზღვრეს.

მმართველი გუნდი ამბობს, რომ მოთხოვნა აბსურდულია და პოლიტიკურ დღის წესრიგში ახლა მხოლოდ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება დგას.

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×