სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    28.04.2018

     ჩატოვებული დოლბანდისა და იაშვილის კლინიკის სკანდალს ამერიკიდიან ფეისბუქის მეშვეობით გამოეხმაურა  აშშ-ში მოღვაწე ექიმი ზურაბ გურული, რიტორიკული კითხვით "რატომ არ მსურს სამედიცინო პრაქტიკა საქართველოში". 

    შემდეგ პოსტში მან დიაგნოზი დაუსვა საქართველოს ჯანდაცვის სისტემას: "საქართველოს მედიცინა ამჟამად დგას საერთაშორისო კლასის უნიჭიერეს ინდივიდუალთა მცირე ჯგუფის მხრებზე. ქვეყანაში არ არსებობს არც ჯანდაცვის სისტემა, არც რაიმე ჩანასახი ამ სისტემის. არ არსებობს ხედვა და სტრატეგია, თუ როგორი უნდა იყოს ეს სისტემა და მედიცინის მართვა ხდება მასებზე გათვლილი ხანმოკლე, პოპულარული ეფექტებით, რომლებსაც საბოლოო ჯამში დამანგრეველი გავლენა აქვთ როგორც ექიმებზე, ასევე პაციენტებზე და საერთოდ ქვეყნის მომავალზე. სამწუხაროდ, დღევანდელ ქართული საზოგადოებას აქვს ზუსტად ის მედიცინა, რომელიც მან შეუკვეთა საკუთარ მთავრობას და მე ამაზეც ვისაუბრე ჩემი სტატუსის შესავალში.

    ჯანდაცვის სისტემის აღორძინება არ ხდება მხოლოდ სამედიცინო ინფრასტრუქტურის გამართვით. ეს არის ყველაზე იოლად და სწრაფად მოსაგვარებელი ეტაპი. ყველაზე ძნელი, შრომატევადი და საფიქრალი არის სამედიცინო განათლების, ლიცენზირების და სამომხმარებლო მოდელის შექმნა, რომელიც ზუსტად მოერგება ჩვენს ქვეყანას და მის ფინანსურ შესაძლებლობებს". 

    გთავაზობთ ორივე პოსტს:

    რატომ არ მსურს სამედიცინო პრაქტიკა საქართველოში

    "ძალიან ხშირად მეკითხებიან საჯაროდ, თუ რატომ არ მსურს საქართველოში კლინიკურ საქმიანობაში მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ 2011 წელს, საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობის ძალისხმევით, ამერიკასა და მსოფლიოს სხვა მოწინავე ქვეყნებში სპეციალობით მომუშავე ქართველ ექიმებს უპრობლემოდ გადაეცათ ქართული ლიცენზიები.

    ვცდილობ პასუხს ზრდილობიანად ავარიდო თავი, რადგან უბრალოდ მეუხერხულება იმის თქმა, რომ მეშინია.

    დიახ! მეშინია!

    მეშინია იმიტომ, რომ საქართველო არის ისეთი აბსურდული სამართლებრივი პარადოქსების ქვეყანა, სადაც შესაძლებელია ოკუპანტი ქვეყნის საიდუმლო სამსახურების მიერ გადაბირებული, კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ იარაღით მებრძოლი სახელმწიფო დამნაშავე გახდეს პარლამენტის წევრი და პარლამენტის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 

    სადაც შესაძლებელია პარლამენტში არსებობდეს ფრაქცია, რომლის დოქტრინას წარმოადგენს ოკუპანტ ქვეყანასთან თანამშრომლობის გაღრმავება. სადაც პარლამენტის წევრი აცხადებს 13 -ჯერ გამართლებულ ადამიანზე, რომ ყველაფრის მიუხედავად ეს ადამიანი სამუდამოდ უნდა იჯდეს ციხეში; სადაც პარლამენტის თავმჯდომარე გენერალურ პროკურორად წარადგენს ჯიბგირობისათვის ნასამართლევ პიროვნებას და აცხადებს რომ ეს არ წარმოადგენს სერიოზულ ხელისშემშლელ პირობას და ა.შ. და ა.შ.

    მავანი გაიფიქრებს ალბათ, საიდან სად წავიდაო; მათ შორის ჩემი კოლეგებიც; მაგრამ როდესაც ფიქრობ რომ პოლიტიკა რაღაც განყენებული სფეროა, ბუნებრივია თავად ქართველი ექიმებისათვისაც არ არსებობს ნორმალური კანონმდებლობა და დამცავი მექანიზმები, რომლებიც მათ ერთი მხრივ მათი ჩაქოლვის მოსურნე გავეშებული ბრბოსაგან დაიცავს და მეორე მხრივ არასამართლებრივი და პრიმიტიული ინსტიქტებით მოქმედი სახელმწიფოსაგან.

    წლებია უკვე ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტებს ვხელმძღვანელობ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურ სამედიცინო სისტემაში და არაერთი კლინიკური შეცდომის გამოძიებაში მიმიღია მონაწილეობა. ამერიკაში ყოველწლიურად 44 ათასიდან 98 ათასამდე პაციენტი იღუპება სამედიცინო შეცდომების გამო. კიდევ უფრო მეტი სერიოზულ ზიანს იღებს. თვალსაჩინო მაგალითისათვის მსოფლიოს წამყვან კლინიკაში, ჯონს ჰოპკინსში მომხდარი უბედური შემთხვევის გახსენებაც კმარა ალბათ, სადაც პატარა გოგონა დეჰიდრატაციით დაიღუპა ექთნებსა და ექიმებს შორის არასრულყოფილი კომუნიკაციის გამო. ამ შემთხვევას ჩემი კოლეგა, ცნობილი ანესთეზიოლოგი პიტერ პრონოვოსტი იძიებდა. "პატარა ჯოზი დაიღუპა მსოფლიოს განუვითარებელ ქვეყნებში გავრცელებული პრობლემის, დეჰიდრატაციის გამო; დაიღუპა მსოფლიოს საუკეთესო კლინიკაში" - განაცხადა პრონოვოსტმა ოფიციალურ ინტერვიუში. 

    დღეს, როდესაც მოვისმინე ისტორია პატარა პაციენტის სხეულში ჩარჩენილი ტამპონის შესახებ და შემდეგ გავიგე რომ ამ ისტორიის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, უბრალოდ შევძრწუნდი. კიდევ ერთხელ გავაცნობიერე, რომ ქვეყანაში არც კანონმდებლობა არსებობს, და არც პროფესიული საქმიანობის დამცავი მექანიზმები, ისევე როგორც პაციენტთა უფლებების დამცველი სისტემა. 

    ქირურგიულ ოპერაციაში მონაწილეობს საოპერაციოს გუნდი. ქირურგი კონცენტრირებულია თავად ოპერაციაზე. დამხმარე ექთნების გუნდი ვალდებულია დაწვრილებით აღრიცხოს ყველა ინსტრუმენტი და ტამპონი როგორც ოპერაციის წინ, ასევე დამთავრების შემდეგ და მოახსენოს ქირურგს რომ თვლა სწორია და ჭრილობის დახურვა შეიძლება დაიწყოს. მიუხედავად ამისა, მაინც შესაძლებელია შეცდომა, რადგან შეცდომა ადამიანის თვისებაა და საოპერაციოშიც ადამიანები მუშაობენ. ზემოაღნიშნული შემთხვევა მსოფლიოს ნებისმიერ წამყვან კლინიკაში შეიძლება მოხდეს და ხდება. როგორ ფიქრობთ, სახელმწიფო სისხლის სამართლის საქმეებს აღძრავს ასეთ შემთხვევებში? მაშინ ხომ ქირურგების ნახევარს ციხეებში მოუწევდა ყურყუტი წლებით და არც არავინ მოკიდებდა ხელს ამ უაღრესად სარისკო და ჯანმრთელობისათვის უაღრესად მავნე სპეციალობას ხელს. ასეთი შემთხვევები ეხმარება მსოფლიოს წამყვან კლინიკებს რომ შეიმუშავაონ ახალი პროტოკოლები; გააუმჯობესონ კონტროლი საოპერაციო ინვენტარის აღრიცხვაზე და ა.შ. და ა.შ. პაციენტს კი პატიოსნად უმხელენ შეცდომას და მას აქვს უფლება მოითხოვოს მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურება; რასაც ექიმის ან კლინიკის სადაზღვევო კომპანია იხდის.

    ასე ხდება ცივილიზებულ ქვეყნებში. 

    მე არ ვიცი იმ ფრანგი ექიმის სახელი და გვარი, რომელმაც პაციენტს ასეთი დამცინავი ტონით აუწყა უნიკალურად ჩატარებული უაღრესად რთული ოპერაციის დროს მომხდარი სამედიცინო შეცდომის შესახებ. რომ ვიცოდე, სიამოვნებით გავესაუბრებოდი პირადად და ვაცნობებდი, რომ მისი დაუფიქრებელი სიტყვები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზეზი გახდა კოლეგის წინაღმდეგ და იმასაც ვეტყოდი, რომ საოცრად არაპროფესიონალური ქცევაა კოლეგის დამსახურების არასათანადო აღიარება. რომ არა საქართველოში წარმატებულად ჩატარებული ოპერაცია, პაციენტი ცოცხალი არ იქნებოდა დღეს. დარწმუნებული ვარ, გაოცდება და ძალიანაც ინანებს თავის სიტყვებს, თუკი მართლაც ის თქვა, რაც გვაცნობეს.

    და ბოლოს, პატივცემულო ჯანდაცვის სამინისტროვ და საქართველოს იურისტებო, ნუთუ არ გრცხვენიათ იმისი რაც ხდება?

    ხომ ხედავთ რომ საქართველოს ახალგაზრდა ექიმების კვინტესენცია ქვეყანაში დარჩენას არ აპირებს და სამუდამოდ მიემგზავრება საზღვარგარეთ. რატომ აკეთებთ ამას შეგნებულად? 

    მე ნამდვილად არ შემიძლია დღეს თვალი გავუსწორო საქართველოში მყოფ ჩემს ახალგაზრდა კოლეგას და ვუთხრა რომ მისი ჯანმრთელობისათვის და კარიერული წარმატებისათვის სამშობლოში არის საკმარისი პირობები. არ შემიძლია, იმიტომ რომ ეს იქნება წმინდა წყლის სიცრუე !"

    სოციალურ ქსელებს ძალიან დიდი ძალა აქვს დღევანდელ მსოფლიოში

    "ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფაქტიურად მთელ პლანეტას ტვიტერით მართავს. ამიტომ, სრულებით არ არის გასაკვირი, რომ მედიაც სარგებლობს სოცქსელებიდან მოპოვებული ინფორმაციით. მედიის დადანაშაულება იმაში, რომ სენსაციას ეძებს, კომიკურია. მედია სწორედ ამით საზრდოობს და იმიტომ. 

    ჩემს სტატუსს იაშვილის კლინიკის შესახებ იმაზე მეტი გამოხმაურება მოჰყვა, ვიდრე ველოდი; საჯაროდაც და პირად ფოსტაშიც. ეს გამოხმაურება იყო პოზიტიურიც და ბუნებრივია ნეგატიურიც. მე ექიმი ვარ პროფესიით და პროფესიული ეთიკა მავალდებულებს დავიცვა ჩემი კოლეგა, როდესაც ის ამას ობიექტურად იმსახურებს. ამავე დროს, ვინაიდან მე ექიმი ვარ, ჩემი პროფესიული ეთიკა ასევე მავალდებულებს რომ ყოველთვის დავიცვა პაციენტის ინტერესები. და იმ სტატუსით მე ამასაც შევეცადე. როდესაც იცავ კოლეგას, რომელიც იმსახურებს ამას, მაშინ იმავდროულად იცავ პაციენტებსაც, მათ რწმენას ექიმის მიმართ.

    საქართველოს მედიცინა ამჟამად დგას საერთაშორისო კლასის უნიჭიერეს ინდივიდუალთა მცირე ჯგუფის მხრებზე. ქვეყანაში არ არსებობს არც ჯანდაცვის სისტემა, არც რაიმე ჩანასახი ამ სისტემის. არ არსებობს ხედვა და სტრატეგია, თუ როგორი უნდა იყოს ეს სისტემა და მედიცინის მართვა ხდება მასებზე გათვლილი ხანმოკლე, პოპულარული ეფექტებით, რომლებსაც საბოლოო ჯამში დამანგრეველი გავლენა აქვთ როგორც ექიმებზე, ასევე პაციენტებზე და საერთოდ ქვეყნის მომავალზე. სამწუხაროდ, დღევანდელ ქართული საზოგადოებას აქვს ზუსტად ის მედიცინა, რომელიც მან შეუკვეთა საკუთარ მთავრობას და მე ამაზეც ვისაუბრე ჩემი სტატუსის შესავალში.

    ჯანდაცვის სისტემის აღორძინება არ ხდება მხოლოდ სამედიცინო ინფრასტრუქტურის გამართვით. ეს არის ყველაზე იოლად და სწრაფად მოსაგვარებელი ეტაპი. ყველაზე ძნელი, შრომატევადი და საფიქრალი არის სამედიცინო განათლების, ლიცენზირების და სამომხმარებლო მოდელის შექმნა, რომელიც ზუსტად მოერგება ჩვენს ქვეყანას და მის ფინანსურ შესაძლებლობებს. ვინაიდან ეს არის დროში გაწელილი პროცესი და მინიმუმ 10-15 წელი სჭირდება პირველი შედეგების დანახვას, ამიტომ მთავრობის ჩინოვნიკებს ურჩევნიათ სწრაფად მიღწევადი, ბრჭყვიალა ქაღალდში შეფუთული ფსევდო-რეფორმები. ვინაიდან საზოგადოება იოლად ყლაპავს ამ სატყუარას, ეს პათოლოგიური წრე ისევ შეკრული რჩება.

    შესაბამისად, უაღრესად ამორალურია ინდივიდუალ პროფესიონალზე ჯოხის გადატეხა ( ვიმეორებ, როცა ის ამას არ იმსახურებს ) იმის გამო, რომ ქვეყანაში სისტემა არ არსებობს. ამერიკულ კლინიკებში ნებისმიერი შეცდომის განხილვისას პირველ რიგში გამორიცხავენ ე.წ. system's issue-ს ანუ სისტემის ბრალს. სწორედ ასე მოხდა ჩემს სტატუსში მოყვანილი მაგალითის შემთხვევაშიც მსოფლიოს ნომერ პირველ კლინიკაში, ჯონს ჰოპკინსში, სადაც პროფესორმა პრონოვოსტმა არაეფექტური და საშიში სისტემის რეორგანიზაცია მოითხოვა და არა ინდივიდუალთა სასტიკი დასჯა.

    ამავე დროს, უცოდინარი, თავხედი, არაპროფესიონალი ექიმები, რომელთა ბუმიც არის დღევანდელ საქართველოში, ცხადია არ იმსახურებენ არავითარ დაცვას და ინდულგენციებს. ისინი ეფექტურად იმალებიან უსისტემობის მღვრიე წყალში და მათ დანაშაულზე პასუხისმგებლობა ყოვლად უსამართლოდ ვრცელდება ზემოთ ნახსენებ ნიჭიერ პროფესიონალთა მცირე ჯგუფზე.

    მე არ ვცდილობ თავის მართლებას. ახლაც სრული პასუხისმგებლობით ვაწერ ხელს ჩემს ნათქვამ ყოველ სიტყვას. გთხოვთ დაფიქრდეთ და გაიაზროთ!"

    დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
    ჩაწერა სახელი
    isewv amerika? 28.04.2018 17:21
    არ არის ამერიკა ის ქვეყანა საიდანაც მაგალითი შეიძლება აიღო,უკეთესი ქვეყნებიც არსებობს.ჩვენ გაქრობის ზღარზე ვართ ამერიკელებისგან განსხვავებით და მეტი პასუხისმგებლობა გვჭირდება.

    მიშას დროს 28.04.2018 16:47
    თუ დაწერდი მსგავს რამეს და სახლამდე ცოცხალი მიხვიდოდი

    კედევ ერთი 28.04.2018 16:43
    გაქსნებული ნაცი გული შესტკივა თურმე მოკლედ ნეტაი შენ ხო არ გაჟრიალებს

    კუსინჯერი 28.04.2018 11:34
    შეცდომაც არის და შეცდომაც, ექიმი პასუხს თუ არ აგებს საკუთარ შეცდომაზე მაშინ ფატალური შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება. ჯანდაცვის სისტემა როგორ არ არსებობს მაგრამ რაც არის შენზე უკეთ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს და რა როგორ გამოსწორდეს, მაგაზე უნდა წერდე და გამოსწორდება. ზოგადად, ძალიან აბდაუბდა ნაჯღაბნია და ყველაფერს მიედმოდება უაზროდ. გასაგებია, რომ იცავ სავარაუდოდ ნაცნობს, მეგობარს, მაგრამ, პირდაპირ თქვი და ცოტა ლოგიკა გაასწორე, ესე უფრო დაეხმარები იმ შენს მეგობარს. ალბათ მთვრალი იქნებოდა ის შენი მეგობარი და იმიტომაც ჩარჩა ის დოლბანდი, კარგია რომ კაშნე არ ჩააყოლა. ისე კარგი იქნებოდა, ვიდრე ექიმი საოპერაციოში შევა გაიშნიკი იდგეს და ჩაასუნთქოს ხოლმე ალკოჰოლურ თრობაზე, ამით ძველ გაიშნიკებსაც დავასაქმებთ და ახალი სამუშაო ადგილებიც შეიქმნება. ეს რაც საქართველოში არის უფასო ჯანდაცვა არ არის, მხოლოდ რეგისტრაციაში 50 ლარს გახდევინებენ, ოპერაციების ხარჯები ხელოვნურად არის გაბერილი და ასე შემდეგ. მე რომ ვიყო მინისტრი ჯანდაცვა იქნებოდა მართლაც უფასო, მაგრამ დაწესდებოდა ლიმიტი ექიმთან მიმართვაზე და ოპერაციაზე. მაგალითად, როდესაც პაციენტს აქვს ლიმიტი წელიწადში 3-4 ჯერ მიმართოს მკკურნალ ექიმს, და 1-2 ოპერაციის გაკეთების ლიმიტი. სოციალურად დაუცველებისთვის შესაძლოა დამატებითი შეღავათები. დღეს სხვანაირად არის, ყველგან რიგებია, ამიტომაც შეცდომები ბევრია. ექიმები რომ გარბიან, ამაში მართალია, ამაში ვეთანხმები, მაგრამ შენი სანაქებო პროდასავლელეი ნაციონალებიც ხომ გარბოდნენ აგვისტოს ომიდან სულ რაღაც 3 დღეში, ზოგი წითელ ხიდზე გარბოდა და ზოგიც სარფის საბაჟოდან, თბილისის ცენტრალურ უბნებზე, ბენზინ-გასამართ სადგურებზე რიგები იდგა, აი ესეთი სამარცხვინო მედროვე პოლიტიკური ელიტა ჰყავს საქართველოს, რამე რომ მოხდეს მაგათ ვერავინ გაასწრებს. თუმცა, ამ კითხვას- "შენ რომელ ომში გიბრძოლიაო?!" ჯოკერივით ხმარობენ, ბოკერია ყოფილა თავისუფლებისთვის მებრძოლი- ფრიდომ ფაიტერი, ეას არ გაიგებს კაცი. ამერიკას რაც შეეხება, ამერიკამ თავის ინცესტა პრეზიდენტს მიხედოს!


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved