სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    15.06.2017

    24 საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან აფგან მუხთარლის საქმეზე განმარტებებს ითხოვს. აღნიშნული წერილი "რუსთავი 2"-მა მოიპოვა, ის ბრიუსელიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გადმოიგზავნა.

    ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები ოფიციალურ თბილისს სთხოვენ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საქმეზე გამჭვირვალე გამოძიება ჩატარდეს და კითხვებს მკაფიო პასუხები გაეცეს.

    ორგანიზაციის "საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი იმ რეზოლუციის პროექტზეც საუბრობს, რომელსაც დღეს ევროპარლამენტში განიხილავენ.

    "ამ დრომდე არ მიგვიღია პასუხი პრემიერისგან. შესაძლოა, ის ამ თემას სერიოზულად უდგება, მაგრამ რაც ახლა ხდება, ძალიან სამწუხაროა, რადგან საქართველო რეგიონში ყოველთვის წამყვანი ქვეყანა იყო ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში.

    "ახლა ვხედავთ, რომ თქვენთან არ არიან დაცული ადამიანები სხვა, უფრო რეპრესიული ქვეყნებისგან. ასევე ვხედავთ, რომ არა მხოლოდ აფგან მუხთარლი, არამედ სხვებიც ვერ გრძნობენ თავს დაცულად საქართველოს ტერიტორიაზე.

    "არსებული ვითარება ერთგვარი შავი ლაქაა თქვენი ქვეყნისთვის და საქართველოს მოუწევს დაამტკიცოს, რომ ამ პრობლემას ღიად, გამჭვირვალედ და დემოკრატიული გზით მოაგვარებს. მიუღებელია ადამიანების გატაცებები, დაპატიმრებები და მათი ულებების დარღვევა.

    "მომზადებული რეზოლუცია და ევროპარლამენტში დაგეგმილი დებატები არის გზავნილი, რომ ევროპას აშფოთებს ეს საკითხი, ევროკავშირი საქართველოსგან ადამიანის უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტს ითხოვს. თქვენ უნდა გესმოდეთ, ეს არ არის დასჯა, ეს არის მოწოდება საქართველოს მიმართ, რომ ხელისუფლებამ კანონის ფარგლებში იმოქმედოს", - ბრიჯიტ დიუფორი.

    მსოფლიოს 24 არასამთავრობო ორგანიზაციის წერილი აზარალებს თუ არა საქართველოს საერთაშორისო იმიჯს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     ირმა სოხაძე (მომღერალი): რა თქმა უნდა, აზარალებს. ყოველ შემთხვევაში, კარგია და შექების წერილია-მეთქი, ვერ ვიტყვი. როდესაც რაღაცაზე მიგითითებენ, ე.ი რაღაცას ისე ვერ აკეთებ, როგორც საჭიროა. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ ამას გულგრილობა არ მოჰყვება და რაღაც ქმედითი ნაბიჯებით ქვეყნის სახე შენარჩუნდება.

     

     

     

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): ეს საერთაშორისო ორგანიზაციები ვინ არიან? ძალიან დიდი მადლობა მათ ასეთი ყურადღებისთვის, მაგრამ ეს, პირველ რიგში, საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია.

    ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს დეტალურად და კითხვებს პასუხები გასცეს, მაგრამ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანოზაციების მხრიდან ამაზე აქცენტის გაკეთება არ მიმაჩნია სწორად.

    მაგალითად, ინგლისში, გერმანიაში ან საფრანგეთში რომ მომხდარიყო ასეთი შემთხვევა, ეს არასამთავრობოები მათ ხელისუფლებებსაც უკარნახებდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ?!

    რა თქმა უნდა, საქმე უნდა გამოიძიონ, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნის გამო კი არა, არამედ, ჩვენი და სახელმწიფოს ინტერესების საფუძველზე.

     მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი):  მე ვფიქრობ, რომ მუხთარლის საქმე აუცილებლად აზარალებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს და შესაძლოა, იმაზე უფრო ცუდი შედეგები მოიტანოს, ვიდრე ამას ვინმე მოელის. იმიტომ, რომ სრულიად დაუშვებელი ფაქტი მოხდა და როგორც ჩანს, ჩვენი ძალოვანი უწყებების ბრალიც იკვეთება ამ საქმეში.

     

     

     

     გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება"):  ჩვენი ქვეყნის იმიჯი დაზარალდება იმის გამო, რაც ჩაიდინეს, როდესაც ჟურნალისტი გაიტაცეს და გადასცეს აზერბაიჯანის ხელისუფლებას. ეს არის უბრალოდ რეაქცია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან იმაზე, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ჩაიდინა."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter