ლიკა ამირაშვილი
08.02.2016

გორის საკრებულოში "ქართულმა ოცნებამ" ჯერ უმრავლესობა, ხოლო რამდენიმე დღის წინ მმართველობაც დაკარგა. "ნაციონალურმა მოძრაობამ", ირაკლი ალასანიას "თავისუფალმა დემოკრატებმა" და ირაკლი ოქრუაშვილის "ქართულმა პარტიამ" კოალიციური უმრავლესობა შექმნეს და საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე გადააყენეს.

საკრებულოში "ოცნებამ" უმრავლესობა მას შემდეგ დაკარგა, რაც ირაკლი ალასანიას "თავისუფალი დემოკრატები" ოპოზიციაში გადავიდნენ.

როგორ შეაფასებდით თავის დროზე ერთმანეთთან უკიდურესად დაპირისპირებული ძალების - "ნაციონალური მოძრაობის", ოქრუაშვილის "ქართული პარტიისა" და ალასანიას "თავისუფალი დემოკრატების" "ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებას? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): "მათ ალიანსს, რასაკვირველია, უარყოფითად შევაფასებ. მთავრობისთვის ეს პირველი სიგნალია, რომ საკმაოდ რთული პერიოდი მოდის. მზად უნდა იყვნენ იმიტომ, რომ არჩევნებამდე სერიოზული დაპირისპირებები იქნება.

"რაც შეეხება გორელებს, მათ შევახსენებ მათი სათაყვანებელი იოსებ სტალინის ძეგლი ვინ ჩამოაგდო. გაიხსენონ ომის დროს გორი რა დღეში ჩააგდეს და ეს ყველაფერი ვინ გააკეთა. იმ შეცდომებს ნუ დაუშვებენ, რაც თავის დროზე დაუშვეს. და კიდევ, ნუ გაიმეორებენ და მისცემენ უფლებას, რომ იქ "ნაციონალურმა მოძრაობამ" იპარპაშოს, თორემ საქმეები კიდევ უარესად წაუვათ.

 მიშა მშვილდაძე  (პროდიუსერი): "სხვადასხვა პოლიტიკურმა მოთამაშეებმა, რომლებიც ადრე რადიკალურ დაპირისპირებაში იყვნენ, ამის გადალახვა თუ მოახერხეს და საერთო ენის გამონახვა და გარიგება შეძლეს, ვფიქრობ, ქართული პოლიტიკისთვის ძალიან კარგია. ქვეყანაში როგორი მონოლითური მმართველობაცაა, მომავალში აღარ იქნება. შესაბამისად, მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩვენს პოლიტიკურმა აქტორებმა, რომელთაც პროცენტულად სხვადასხვა მხარდამჭერთა რაოდენობა ჰყავთ, რაც ერთპიროვნული მმართველობისთვის საკმარისი არაა, ძალიან კარგი იქნება, რომ რაღაც საკითხებზე ერთმანეთთან შეთანხმება შეძლონ.

"ეს ტენდენცია თუ გაჩნდება, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები ერთმანეთთან დიალოგის ფორმებს პოულობენ და ამას ახორციელებენ, ეს ძალიან კარგი იქნება."

 ნანა კაკაბაძე  (უფლებადამცველი): "მიმაჩნია, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ალიანსი "ნაციონალურ მოძრაობასთან" სამარცხვინოა. ეს ალიანსი, რასაც უნდა ემსახურებოდეს და მიზანი რაც უნდა ჰქონდეს, სამარცხვინო საქციელია."

 

 

 თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): "როგორც ჩანს, ოპოზიციამ მოახერხა და გაერთიანდნენ. კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" გაერთიანება ისე ვერ შეძლო, რომ უმრავლესობა შეენარჩუნებინა. უმრავლესობა რეგიონში თავის უპირატესობას ასე რომ კარგავს, დამაფიქრებელია."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×