ნინო ქეთელაური
01.02.2016

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნება" ოფიციალურად დატოვა. ამის პარალელურად ახალი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი გაწევრიანდა "ოცნებაში" და უკვე ცნობილია, რომ გაზაფხულზე დაგეგმილ პარტიის ყრილობაზე მას პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარადგენენ.

პარალელურად მიდის მსჯელობა "ოცნების" საარჩევნო სიის პირველ ნომერზე.

პარტიის წევრები "ქართული ოცნების" სასურველ თავმჯდომარესთან ერთად, საარჩევნო სიის ნომერ პირველ კანდიდატს უკვე ასახელებენ და მათი უმრავლესობა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს უჭერს მხარს. ამის შესახებ განაცხადა პარტია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა ირაკლი სესიაშვილმაც, რომლის თქმითაც, საარჩევნო სიის მისთვის სასურველი კანდიდატი პრემიერ-მინისტრია.

"გიორგი კვირიკაშვილი არის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და კოალიციის ლიდერი, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ის უნდა იყოს კოალიციის საარჩევნო სიაში ნომერ პირველი. ეს არის ჩემი აზრი. გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, საბოლოოდ მიღებული არ არის, თუმცა ვისურვებდი, რომ ნომერ პირველი იყოს გიორგი კვირიკაშვილი", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ვინ უნდა იყოს "ოცნების" სიის N 1? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ვახტანგ ძაბირაძე  (კონსტიტუციონალისტი): "ალბათ კვირიკაშვილი იქნება იმიტომ, რომ სხვანაირად არ გამოვა. ალბათ კი არა, დარწმუნებული ვარ, რომ ღარიბაშვილს აქაც კვირიკაშვილი ჩაანაცვლებს და სიის პირველი ნომერი იქნება. შედეგად კი ამ საკითხის რაღაცნაირად ნორმალურ გადაწყვეტას მივიღებთ და გამარჯვების შემდეგ ლიდერი ისევ პრემიერ-მინისტრი იქნება."

 

 დიმა ჯაიანი (მსახიობი): "ტრაგედია არ არის იმაში, რომ ირაკლიმ დატოვა თავმჯდომარის პოსტი იმიტომ, რომ ირაკლი რჩება, როგორც საქართველოსთვის გულანთებული კაცი. მან ასეთივე თანამემკვიდრე, დღეს უკვე არჩეული საოცრად კარგი პიროვნება გიორგი კვირიკაშვილი დატოვა. ჩემი აზრით, სწორედ ის იქნება საარჩევნო სიის პირველი ნომერი."

 

 

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი):  "ჩემი აზრით, სარჩევნო სიის ნომერ პირველი გიორგი კვირიკაშვილი იქნება. რადგან ის "ქართულ ოცნებაში" გაწევრიანდა და არსებობს უკვე ვერსია, რომ ის იქნება პარტიის თავმჯდომარე, ე.ი. საარჩევნო სიის პირველი ნომერიც ის იქნება."

 

 

 

 თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): "სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. მოვისმინე, რომ შესაძლოა, კვირიკაშვილი დასახელდესო და ალბათ ასეც არის მოსალოდნელი. მე მგონია, რომ კვირიკაშვილს დაასახელებენ."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×