სალომე სარიშვილი
23.01.2016

საქართველოში დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. ასეთი რამ ბოლო 17 წლის წინ მოხდა ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება 1998 წლის დეკემბრიდან დაიწყო, 1999 წლის 23 თებერვალს 1 ამერიკულო დოლარის ფასმა მაქსიმალურ ნიშნულს - 2.45 ლარს მიაღწია, თუმცა ეს კურსი ორ დღეში 2.39-მდე ჩამოვიდა, 27 თებერვალს კი - 2.35-მდე, ხოლო წლის ბოლოს 1.93-ზე დასტაბილურდა.

მას შემდეგ ლარის კურსს გაუფასურების ასეთ მაჩვენებლამდე არ მიუღწევია. გუშინდელი მონაცემებით, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ახალი გაცვლითი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4694 ლარი გახდა.

ლარის გაუფასურების შესახებ გუშინ განცხადებები საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა გააკეთეს. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ ტყემალაძე თქმით, ლარი კი არ გაუფასურდა, არამედ დოლართან მიმართებაში გაცვლითი კურსის დაცემა მოხდა. ტყემალაძემ ლარის გაუფასურებაზე საუბარს არასწორი უწოდა.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური კი ლარის კურსის დაცემას ნავთობის ფასის ვარდნას და პარტნიორ ქვეყნებში ეროვნული ვალუტების გაუფასურებას უკავშირებს. მისი თქმით, ლარის გაუფასურებაზე მოქმედებს ის პანიკაც, რომელიც მოსახლეობაშია.

როგორ აისახება ლარის კურსის რეკორდული ვარდნა ხელისუფლების რეიტინგზე? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ედიშერ გვენეტაძე  (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი):"თავისთავად ცხადია, რომ ხელისუფლების რეიტინგზე აისახება როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მოვლენები. ამ შემთხვევაში კი, რა თქმა უნდა, ეს პროცესი მთავრობის რეპუტაციაზე მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას მოახდენს, რადგან ვფიქრობ, რომ ეროვნული ვალუტის ასე "გაფრენა" არაფრით არ შეიძლება. ხელისუფლებამ შესაბამის ზომებს აუცილებლად უნდა მიმართოს.

"თუმცა, ჩემი აზრით, აქ ისევ იმ კაცის ხელი ურევია, რომელიც ეროვნულ ბანკს ჯერ კიდევ განაგებს. ეს ადამიანი ე.წ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძეა, რომელიც წასვლის წინ კარს აჯახუნებს."

 ნოდარ ნათაძე (ფილოლოგი):"ლარის გაუფასურება არა ძირითადად, მაგრამ ნაწილობრივ ბანკების უნამუსო, მონოპოლიებზე დაყრდნობილი სპეკულაციებითაა გამოწვეული. როგორი მექანიზმით ხდება ეს, ამას ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ლარის ვარდნის ხარჯზე მათ უზარმაზარი მოგება აქვთ. ხალხმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ ბანკები სააკაშვილის გუნდს ეკუთვნის და მათი მოშორება ძალიან ძნელია. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ეს პროცესი ხელისუფლების რეიტინგზე ძალიან ცუდად აისახება."

 

 მერაბ კოკოჩაშვილი (რეჟისორი): "ვფიქრობ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება ხელისუფლების რეიტინგზე იმ შემთხვევაში აისახება ცუდად, თუკი ისინი საზოგადოებას არ აუხსნიან რატომ ხდება ეს ყველაფერი. როგორც ჩემი მეგობრებისგან ვიცი, რომლებიც კინემატოგრაფიულ მივლინებებში არიან, შუა აზიაში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა. აქედან გამომდინარე შეუძლებელია ეს ყველაფერი საქართველოზეც არ მოქმედებდეს.

"ფინანსისტი არ ვარ და ვერ გეტყვით რა ნაბიჯები უნდა გადადგას მთავრობამ ლარის სტაბილიზაციისთვის, თუმცა მიმაჩნია, რომ თუკი სწორ ზომებს არ მიიღებენ, მაშინ შესაძლებელია ამ პროცესმა უარყოფითი განცდა შექმნას."

 ვაჟა ოთარაშვილი (მწერალი):"ბუნებრივია, ლარის გაუფასურება ხელისუფლების რეიტინგზე ძალიან ცუდად იმოქმედებს, რადგან ეროვნულ ვალუტას ვერაფერი გაამაგრებს, გარდა ეროვნული წარმოების შექმნისა. ამ კუთხით როგორც "ნაციონალური" ხროვა, ისე დღევანდელი ხელისუფლება, ანუ "მიშა ერთი" და "მიშა ორი", არაფერს აკეთებს, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ვალუტა ასეთ მდგომარეობაში გვაქვს.

"ქვეყანა, რომელსაც ეკონომიკური პრიორიტეტები და წარმოება არ გააჩნია, სხვას ვერაფერს მიიღებს. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ეს მხოლოდ უნიათო მთავრობის ბრალი არაა, ეს იმ მსოფლიო სავალუტო და საფინანსო ორგანიზაციების დამსახურებაა, რომლებიც მსოფლიოზე ფინანსურ ბატონობასა და ჩვენნაირი პატარა ერის დამორჩილებას აპირებენ."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×