გვანცა ღვედაშვილი
22.01.2016

ბოლო პერიოდში გავრცელებული ე.წ. ღორის გრიპის გამო სასწრაფო დახმარებისთვის მიმართვა საგრძნობლად გაიზარდა. ღორის გრიპით საქართველოში წელს უკვე 3 ადამიანი დაიღუპა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, გრიპის ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს.

იმის გამო, რომ სასწრაფო დახმარების მიმართვა ძალიან მაღალია, ჯანდაცვის სამინისტრომ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც დღეიდან 112-ში ახალი პროტოკოლი დაინერგა და ყველა ვირუსული გამოძახება არა სასწრაფო სამედიცინო დახმარების, არამედ საოჯახო მედიცინის ცენტრებს გადაეცემა. ასევე გამოძახების რეჟიმზე ოჯახის ექიმებიც გადავლენ.

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯების მთავარი მიზანი ის არის, რომ, როგორც დიდ ქალაქებში, ასევე რაიონებში სასწრაფო დახმარების სამსახურების გადატვირთული მუშაობა განიტვირთოს.

"პირველ რიგში, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ გრიპის ეპიდემიის არანაირი საშიშროება არ არსებობს. შესაბამისად, არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ მოსახლეობა არამცთუ პანიკაში იყოს, არამედ თუნდაც რამე დაძაბულობა იყოს.

"იმ ნაბიჯების მთავარი ამოცანა, რასაც ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვახორციელებთ, არის ის, რომ როგორც დიდ ქალაქებში, ასევე რაიონებში სასწრაფო დახმარების სამსახურების გადატვირთული მუშაობა განიტვირთოს. მათ მიეცეთ იმის საშუალება, რომ თავისი მოვალეობა შეასრულონ - გადაუდებელი მდგომარეობების მართვა და მეორეს მხრივ, მოსახლეობას შევუქმნათ კომფორტი, რომ გაზრდილი მიმართვიანობის შემთხვევაში, რაც ნამდვილად გვაქვს ამ დღეებში, მიიღონ კვალიფიციური დახმარება და ეს დახმარება მიიღონ იმ სპეციალისტებისგან, რომლებიც ამაში ყველაზე მეტად არიან მომზადებულები", - განაცხადა სერგეენკომ.

"ვირუსების ფონზე რამდენად ეფექტურია ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობა?" - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

 დოდო ხურცილავა  (ხელოვნებათმცოდნე): "თუ სხვა ქვეყნების სტატისტიკას შევადარებთ, დაავადებისა და გარდაცვალების მონაცემების თვალსაზრისით, ჩვენ ყველაზე კარგი მდგომარეობა გვაქვს.

ვფიქრობ, სხვა სამინისტროებისგან განსხვავებით, ჯანდაცვის სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია და მათი მუშაობით ყველა თვალსაზრისით კმაყოფილი ვარ".

 

 გია ბუღაძე (ფერმწერი):  "არ ვიცი, რამდენად ეფექტურია, თუმცა, იმის მცდელობა ნამდვილად არის, რომ უფრო სწრაფად იმოქმედონ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა, ეს ფაქტია.

პრინციპში ეს უფრო პრევენციის მიზნით ხდება, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც უნდა გაკეთდეს, რათა თავიდან ავიცილოთ ეპიდემია."

 

 ირმა სოხაძე (მომღერალი):  "ახლა მეც გრიპი მაქვს და ჩემს შვილიშვილსაც, მგონი, ყველაფერს სწორად აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო, რაც კი შეიძლება რომ გააკეთოს. ერთი თხოვნა მაქვს ყველა საინფორმაციო საშუალებასთან, რომ მეტი ინფორმაცია მიაწოდონ ადამიანებს გრიპთან დაკავშირებით, რამდენი დღეა საინკუბაციო, სიცხის მერე რამდენ ხანში შემიძლია გავიდე სახლიდან და ა.შ. ასეთ საკითხებში უფრო უნდა გაერკვეს მოსახლეობა და მგონი, გადავიტანთ ამ ვირუსს და ეპიდემიამდე არ მივა მდგომარეობა."

 

 გიგა ნასარიძე (ა.ო. "საქართველო არ იყიდება"): "რამდენიმე ადამიანის გარდაცვალების შესახებ წავიკითხე საინფორმაციო საიტებზე, შესაბამისი წამალი არ არის შემოტანილი აფთიაქებში, რითაც უნდა იმკურნალოს მოსახლეობამ და მგონი, არც ისე მომზადებული შეხვდა სამინისტრო ამ ვირუსს"

 

 

 

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი):  "აბსოლუტურად ადეკვატური ზომები მიიღო სამინისტრომ, საკმაოდ საინტერესო იყო ის, რომ მთელი რესურსები მიმართულია ახლა იმისკენ, რომ უფრო ეფექტურად იმუშაოს სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა.

მეტს სამინისტრო ვერაფერს გააკეთებს. მე ვენდობი ამ სამინისტროს და მისი ქმედებებიც საკმაოდ ადეკვატურად მიმაჩნია."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×