სალომე სარიშვილი
12.12.2015

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატისა და შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მისი კომისიაში ყოფნის პერიოდში "ქართული ოცნების" ზოგიერთი მაღალჩინოსანი ფულის სანაცვლოდ კონკრეტული პატიმრების შეწყალებით იყო დაინტერესებული, რის გამოც ისინი მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ. ელისაშვილის მტკიცებით, ამ პოლიტიკოსების სახელები და გვარები მან ყოფილ მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილსა და მის მოადგილე გიორგი გოგაძეს მიაწოდა.

მთავარ პროკურატურაში ელისაშვილის დაკითხვის შემდგომ კი მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამოძიებას ყველა სახელი და გვარი მიაწოდა.

ელისაშვილის განცხადებებს შეწყალების კომისიის ახლანდელი თავმჯდომარე, ზვიად ქორიძეც გამოეხმაურა, რომელმაც დაადასტურა, რომ კონკრეტული მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით, ცალკეული პოლიტიკოსის მხრიდან არაჯანსაღი ინტერესი მართლაც არსებობს. ქორიძე ამ განცხადების შემდგომ პროკურატურაში ჩვენების მისაცემად დაიბარეს, რომელიც გუშინ რამდენიმე საათს გაგრძელდა.

რამდენად სარწმუნოდ მიგაჩნიათ ალეკო ელისაშვილის განცხადებები და როგორ ფიქრობთ, რა რეაგირება უნდა მოჰყვეს ამას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ირაკლი კაკაბაძე (მწერალი):"ალეკო ძალიან კარგი ადამიანია და ამას ტყუილად არ იტყოდა. ზოგადად, ამ ქვეყანაში გასაკვირი ნამდვილად არაფერია. მითუმეტეს პოლიტიკური გუნდები ისე კლანურადაა დაჯგუფებული, რომ ასეთი რამ გასაკვირი არ უნდა იყოს.

"ალეკო ელისაშვილი დამოუკიდებელი, პატიოსანი ბიჭია და ბევრ რამეს სიმართლეს ამბობს. რაც შეეხება ამ ფაქტზე რეაგირებას, ხელისუფლება ამაზე რეაგირებას ვერ მოახდეს, რადგან სწორედ მათზეა საუბარი, მაშინ თვითდაშლა უნდა გამოაცხადოს. ყველაზე კარგი იქნება, თუ არჩევნები დაინიშნება და ხელისუფლება შეიცვლება, რადგან მისი შესაძლებლობები უკვე ამოწურულია."

 იგორ კვესელავა  (პოლიტოლოგი):"საქართველო ის ქვეყანაა, სადაც საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, ასეთი რამ ხდებოდა, ხდება და შესაძლოა მომავალშიც მოხდეს. არ მგონია ელისაშვილი ის პიროვნება იყოს, რომელიც ასეთ რაიმეს იცრუებს.

"რაც შეეხება რეაგირებას, თუკი ამ საკითხს სამართლებრივად მიუდგებით, მაშინ ელისაშვილმა ყველა მის ხელთ არსებული მტკიცებულება გამოძიებას უნდა წარუდგინოს და ამბობს, რომ ასეც მოიქცა. ვფიქრობ, თუკი ამ ფაქტს გამოძიება დაადასტურებს, მაშინ უკლებლივ ყველა საჯარო მოხელე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს და ამაზე ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს."

 ნოდარ ნათაძე  (ფილოლოგი):"არც ერთი ფაქტი ამ მიმართულებით ჩემთვის ცნობილი არ გახლავთ, არასოდეს დავინტერესებულვარ. თუმცა მეორეა, როგორია საზოგადოების მორალური დონე. ამით თუ ვიმსჯელებთ, არ არსებობს სისაძაგლე, რომელსაც არ დავიჯერებ.

"რაც შეეხება რეაგირებას, დღეს ხელისუფლება იმდენად გარყვნილი და კორუმპირებულია, რომ არაფრის გამკეთებელი არაა. არ მჯერა, რომ ელისაშვილის განცხადებებს რაიმე რეაგირება მოჰყვება."

 

 ავთო ვარსიმაშვილი (რეჟისორი): "ძალიან მჯერა ალეკო ელისაშვილის და მის სიტყვებს ვენდობი. ჩემთვის ელისაშვილი სანდო წყაროა და რაც მთავარია, მან ამდენი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ უწესიერესი ადამიანია და ამ ქვეყანაზე გული შესტკივა.

"რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ ამ განცხადებებზე შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს, სხვას ვერაფერს გეტყვით."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×