სალომე სარიშვილი
10.12.2015

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია საქართველო-გერმანია-რუსეთის დიალოგის ფორმატის შექმნის ინიციატივით გამოდის. ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ სწორედ გერმანიაა ის ქვეყანა, რომელსაც საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დარეგულირებაზე მუშაობა შეუძლია.

"გერმანია არის პარტნიორი, რომელსაც შეუძლია საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დარეგულირების პერსპექტივაზე კონკრეტული მუშაობა. ჩემი აზრით, უნდა არსებობდეს ეს სამკუთხედი - საქართველო-გერმანია-რუსეთი და შეიქმნას ფორმატი, რომელიც ნელ-ნელა დაიწყებს ყველაზე მწვავე პრობლემური საკითხების გადაწყვეტის გზაზე დიალოგს. თბილისი-ბერლინი-მოსკოვი არის მნიშვნელოვანი ფორმატი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის გამოყენებული და "თავისუფალი დემოკრატები" ვგეგმავთ, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ავამოქმედოთ ეს სივრცე," - განაცხადა ირაკლი ალასანიამ "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში.

მისივე ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში მაია ფანჯიკიძემ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგა და გერმანიასთან ორმხრივი, მათ შორის, არაფორმალური შეხვედრებიც განხორციელდა. თუმცა ალასანიას ინფორმაციით, ამ კუთხით მუშაობა აღარ გაგრძელებულა.

როგორ უყურებთ ალასანიას ამ ინიციატივას საქართველო-გერმანია-რუსეთის დიალოგის ფორმატის შექმნაზე? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ედიშერ გვენეტაძე  (ისტორიის მეცნირებათა დოქტორი): ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო იდეაა. არ მგონია, რომ ირაკლი ალასანია ის პოლიტიკოსი იყოს, რომელიც ამ სიტყვებს ჰაერზე წამოისროდა. ალბათ აქვს რიამე ინფორმაცია და ეს რეაქცია აქედან გამომდინარეობს. დამალული არაა, რომ რუსეთსა და გერმანიას ერთმანეთთან ძალიან თბილი ურთიერთობა აკავშირებს, ამიტომ ვფიქრობ, რომ გერმანიის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დარეგულირება. ალასანიას ეს იდეა ძალიან საინტეესოა და თუკი განხორციელდება, მივესალმები.

 

 თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი):  რომ არ მოგატყუოთ, ამ ახალგაზრდა ადამიანს ძალიან დიდი ხანია თვალ-ყურს ვადევნებ. არ ვიცი, ალასანიას დიპლომატიური თვისება და თუ სხვა რამ მომწონს, თუმცა მის პატიოსნებაში ეჭვი არ შემაქვს. არ მგონია, რომ მას ამ ინიციატივის უკან რაიმე ქვენა აზრი ჰქონდეს. არც ის მგონია, რომ რაიმეს გაცვეთილი პოლიტიკოსივით ამბობდეს, ალბათ ნაფიქრი აქვს ამ ინიციატივაზეც, ვინაიდან მას კარგი დიპლომატიური სკოლა აქვს გავლილი. ზოგადად, თუ ევროპის ქვეყნები გააქტიურდებიან, ძალიან კარგი იქნება, ამიტომ მივესალმები ალასანიას ამ ინიციატივას.

 

 იური მეჩითოვი (ფოტოხელოვანი):  ყველა ინიციატივას, რომელიც რუსულ-ქართულ ურთიერთობას დაარეგულირებს, დადებითად ვუყურებ. რა თქმა უნდა, გერმანია, როგორც ყველაზე მძლავრი სახელმწიფო ევროკავშირში, ფლობს სერიოზულ ბერკეტებს, თუმცა მე მაინც ვფიქრობ, ეს ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ზოგადად, ალასანიას ამ იდეას მივესალმები.

 

 

 იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი):  გულახდილად რომ გითრათ, ამ იდეას ძალიან დადებითად ვუყურებ, ვინაიდან ისტორიულად სწორედ გერმანია იყო ის ქვეყანა, რომელმაც თავის დროზე უბიძგა საქართველოს გამოეცხადებინა დამოუკიდებლობა და ეს ფაქტია. რა თქმა უნდა, ამ ქვეყანას საქართველოს მიმართ ახლაც ექნება ინტერესი და ეს ყველამ უნდა გაითავისოს. ამ შემთხვევაში, თუკი გერმანია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დალაგებას საკუთარ თავზე აიღებს, ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, ამიტომ ვეთანხმები ირაკლი ალასანიას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×