ლიკა ამირაშვილი
20.08.2015

ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, ლარის კურსის გაუფასურების საკითხი შემოდგომა-ზამთარში განსაკუთრებით მწვავედ დადგება. მისი აზრით, ხელისუფლებამ ეროვნული ვალუტის გასამყარებლად რეაგირება უნდა მოახდინოს.

"ლარის კურსის სტაბილურ ნიშნულზე შენარჩუნება ვერც ზაფხულში მოხერხდა. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ გაცილებით მწვავე იქნება ამ თვალსაზრისით შემოდგომა და ზამთარი. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ რაღაცა ტიპის რეაგირება ლარის კურსთან დაკავშირებით უნდა მისცეს. ეს იქნება, მე ვფიქრობ, სწორედ სამთავრობო ცვლილებები," - აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ.

როგორი - პესიმისტური თუ ოპტიმისტური - განწყობით უყურებთ ეროვნული ვალუტის პერსპექტივას უახლოესი თვეების მანძილზე? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი):  ამ საკითხზე უახლოესი თვეების მანძილზე ძალიან პესიმისტურ განწყობაზე ვარ. ოპტიმისტური განწყობის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ქვეყანაში ეკონომიკა არ არის, არაფერი საგარეო დახმარება არ არის, ლარი რომ გამყარდეს და, აბა, რა გაამყარებს?

 

 დოდო ხურცილავა (თეატრმცონდე):  ამ ბოლო დროს გარკვეული იმედის განცდა მომეცა. ეს იმედი ქალბატონმა თინა ხიდაშელმა მომცა, როცა განაცხადა, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნებაო. ქაბატონი თინა კი ის ადამიანი არ არის, რომელიც განცხადებას საკუთარი თავის წარმოსაჩენად აკეთებს. ამიტომ, მგონია, რომ ოპტიმიზმის იმედი არის, მაგრამ ძალიან პრაგმატული ოპტიმიზმი უნდა გვქონდეს.

 

 გოგი თორაძე (რეჟისორი): ეს ისეთი რაღაცაა, რომ პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია. შეიძლება ამინდის პროგნოზი უფრო გამოიცნო, ვიდრე ლარის კურსი როგორი იქნება. ლარის კურსზე თამაში სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. მე კარგად ჩახედული არ ვარ, ამ საკითზე რა მოქმედებს. შეიძლება ლარის კურსის პროგნოზი პროფესიონალებსაც უჭირთ.

 

 

 ლაშა ჩხარტიშვილი (ეკოლოგი):  ვფიქრობ, უახლოესი თვეების მანძილზე სათანადო მონდომების შემთხვევაში დასტაბილურება მაქსიმუმია, რასაც შეიძლება ველოდოთ. იქიდან გამომდინარე, რომ არა მგონია, უახლოეს მომავალში ხელისუფლებამ ეკონომიკური კურსი შეცვალოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×