ლიკა ამირაშვილი
25.06.2015

"თბილისის მიკროავტობუსი" მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ სამარშრუტო ტაქსებში კონდიცირებასთან დაკავშირებით პრობლემები კომპანიის საინფორმაციო ცენტრში დააფიქსიროს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მძღოლები ვალდებულები არიან, გამაგრილებელი მოწყობილებები ჩართონ. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ "თბილისის მიკროავტობუსი" კატეგორიულად ითხოვს მძღოლებისგან კონდიციონერების ჩართვას და ამასთან დაკავშირებით მონიტორინგსაც აწარმოებს.

"კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" მგზავრებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ უკმაყოფილების შემთხვევაში დარეკონ კომპანიის საინფორმაციო ცენტრში ტ: 2 200 340. ამასთანავე, მოგახსენებთ, რომ კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" კატეგორიულად ითხოვს მძღოლებისგან კონდინციონერების ჩართვას. მონიტორინგის ჯგუფები რეგულარულად ამოწმებენ მიკროავტობუსებს.

იმ შემთხვევაში, თუ შემოვა შეტყობინება, რომ რომელიმე მძღოლი არ რთავს გასაგრილებელ საშუალებას და თუ ეს შეტყობინება დადასტურდება, გატარდება შესაბამისი სანქციები, კერძოდ, 1. პირველ შემთხვევაზე მძღოლს ეძლევა სიტყვიერი გაფრთხილება; 2. მეორე შემთხვევაზე მძღოლს ერთი კვირით ეზღუდება სატრანსპორტო საშუალების მართვა; 3. მესამე შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მძღოლთან კომპანია წყვეტს ხელშეკრულებას", - ნათქვამია განცხადებაში.

კომპანიის განცხადებით, კომპანია "თბილისის მიკროავტობუსმა" ზაფხულის დადგომამდე 200 ათასს ლარზე მეტი ხარჯი გასწია სამარშუტო ტაქსებში გასაგრილებელ საშუალებებთან დაკავშირებული ტექნიკური ხარვეზების აღმოსაფხრელად.

ხართ თუ არა კმაყოფილი თბილისის მიკროავტობუსების მომსახურებით? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 გია ანჩაბაძე  (ისტორიკოსი): მიკროავტობუსებს ძალიან ბევრი მინუსი აქვს. მე პირადად მიკროავტობუსების მომსახურებით კმაყოფილი არ ვარ. სისუფთავე არასდროს არ არის დაცული, რაც ძალიან მაწუხებს.

 

 

 

 

 ნუგზარ კვაშალი (მომღერალი): მე პირადად მიკროავტობუსებით არ ვსარგებლობ, თუმცა ვუყურებ, როგორ მოძრაობენ. ვხედავ, მოძრაობას როგორ აფერხებენ, სიგარეტს ეწევიან, ასევე როგორც ვიცი, კონდიციონირებს არ რთავენ. არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში, ასეთი რამ არ ხდება.

მეც მძღოლი ვარ და ამ მიკროავტობუსებს ვერიდები, ისე საშინლად დადიან. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მიკროავტობუსებს ავკრძალავდი და ქალაქს დიდ ავტობუსებზე გადავიყვანდი.

 

 

 ნუცა ჯანელიძე  (მუსიკათმცოდნე): ყვითელი მიკროავტობუსით ხშირად ვმოძრაობ და სულ მინდა ხოლმე მძღოლს ვკითხო - ბრძანება კონდიციონერის ჩართვის შესახებ არ მოგივიდა? საშინელება ხდება, ხალხი სიცხისგან იგუდება.

მეორე პრობლემა, რაც მგზავრობისას მაწუხებს, მისი ხალხით გადატენვაა. ხალხის ფეხზე დაყენება უნდა აიკრძალოს. როგორც ვიცი, ტრასპორტის ხალხით გადატვირთვა ტექნიკურადაც არ შეიძლება, თან საშინლად არაესთეტიკურია.

 

 ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი):  მე პირადად მიკროავტობუსებით არ ვსარგებლობ, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრები კმაყოფილები არ არიან. მათი უკმაყოფილება არის ის, რომ ფანჯრები არ იღება და ყოველთვის ჩახუთულობაა, ასევე მუდმივად გადატვირთულია.

 

 

 

 ჯემალ ჭკუასელი  (ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელი): ყვითელი მიკროავტობუსები კი არა, მე მაგათ ყვითელ ავადმყოფობას ვუწოდებ. 10 მიკროავტობუსი ერთად თავმოყრას როგორ ახერხებს, არ ვიცი. მოძრაობას კეტავენ და ყველას ნერვებს უშლიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×