თეა ბეჟიტაშვილი
24.06.2015

"ვარშავის სამიტზე ჩვენ უნდა მივიღოთ მაპი და არ ვაპირებთ, დავუწიოთ ტონს მოთხოვნის ნაწილში. ეს არის საქართველოს ხელისუფლების ერთიანი პოზიცია," - აცხადებს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი. საქართველოს ხელისუფლება ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას ახლა უკვე კატეგორიულად ითხოვს.

"არ ვაპირებთ გეგმა "ბ"-ზე და გეგმა "ც"-ზე ლაპარაკს და ვაჭრობას. ყველაფერს აქვს ლოგიკური განვითარება და ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს, მიიღოს პასუხი როგორც მაპზე, ისე გაწევრიანებაზე. გენერალურ მდივანსაც ვუთხარი, რომ ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს, ზუსტად იცოდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება იბრძვის მაქსიმალური შედეგისთვის. საქართველო იბრძვის და ყველაფერს აკეთებს, რომ გადავიდეს თვისობრივად ახალ ეტაპზე ნატო-სთან ურთიერთობაში," - განაცხადა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, თუ საქართველოს მაპი არ მისცეს, სწორედ ეს ზრდის ნიჰილიზმს და სკეპტიციზმს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, მით უმეტეს რუსული რბილი ძალის პოლიტიკის დროს.

თქვენი აზრით, 2016 წლის ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებაზე საქართველოს აქტიურობა რამე გავლენას მოახდენს თუ არა? ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს მიმართა.

 ლია მუხაშავრია (ადვოკატი): საერთოდ ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ქვეყნის შიგნით პოლიტიკოსები ერთს ამბობენ და ქვეყნის გარეთ სხვა პოზიცია აქვთ. რაც უნდა მოვინდომოთ, ეს მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული. პოლიტიკოსი რეალისტი უნდა იყოს. მიუხედავად ჩემი დიდი სიმპათიისა, რომ თავდაცვის მინისტრი ქალია და თან ასეთი თავდადებული, რა თქმა უნდა, მირჩევნია, პოლიტიკოსი რეალისტი იყოს, რომელიც სიტუაციას უფრო რეალურად უყურებს.

 

 

 გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): საქართველოს მხრიდან ასეთი აქტიურობა კარგი და დადებითია. როცა თავდაცვის მინისტრი ასეთ განცხადებას აკეთებს, მხოლოდ მივესალმები, თუმცა ეს რომ საკმარისი არ არის, უკვე გვაჩვენა წინა წლებმაც. როდესაც ქვეყანაში პოლიტპატიმრები გვყავს, როდესაც ქვეყანაში სასამართლოზე ზეწოლა ხორციელდება, არა მგონია, პირობებს ვაკმაყოფილებდეთ. თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ წარსული წინსვლის გამო, ნატომ ეს ნაბიჯი მართლაც გადადგას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავდაცვის მინისტრის ეს ნაბიჯი ცალსახად მისაღებია.

 

 ია ანთაძე (ჟურნალისტი): ამ საკითხზე კომპეტენტური პასუხის გაცემა ნამდვილად არ შემიძლია იმიტომ, რომ რადგან მინისტრი ამბობს, რომ ვარშავის სამიტზე მაპის მიღება რეალურია, ალბათ მას ბევრად მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე ჩვენ. ვფიქრობ, მინისტრი ამის შესაძლებლობაში დარწმუნებული რომ არ იყოს, ასე გადაჭრით არ იტყოდა.

 

 

 

 დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): თინა ხიდაშელისგან აჟიოტაჟური და აღფრთოვანებული შეძახილები საერთოდ არ მსმენია. ის ძალიან დაკვირვებული და ჭკვიანი ქალბატონია და რადგან ამბობს, რომ მაპს მივიღებთ, ამის დიდი იმედი მეც გამიჩნდა, რადგან, ვფიქრობ, ასეთ განცხადებას უბრალოდ არ გააკეთებდა.

 

 

 

 

 ლაშა ჩხარტიშვილი (ბიოლოგი): სამწუხაროდ, ნატოს წევრობა მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული - ეს საერთაშორისო საზოგადოების ფართომასშტაბიანი მოლაპარაკების საგანია. ჩვენი მხრიდან, პირველ რიგში, კონკრეტული ღირებულებების კუთხით სტანდარტები უნდა ავწიოთ და დავაკმაყოფილოთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×