რეზონანსი
20.09.2020

„6-ჯერ რომ გამიხვრიტეს გუშინ ვენა დავიწყე ტირილი. უბრალოდ ძალიან მეტკინა. ჩემმა ვენებმა უარი თქვეს კათეტერზე. ვტიროდი და ღაპა-ღუპით მცვიოდა ცრემლები. ვტიროდი ბავშვებზე, რომელნიც აქ არ არიან, მაგრამ რომ ყოფილიყვნენ არ ვიცი ამდენს როგორ აიტანდნენ. მერე ექთნები იწყებენ ფუსფუსს. მიხსნიან, რომ ბავშვებს ადვილად გადააქვთ და „ჩიტებივით“ არიან ხოლმე.

და იწყება ჩემი დამშვიდების ლექციები ეგრევე. მართლა დათუნიები ეგენი. „ვიკა, სულ ცოტაც, აბა ახლა ნერვებს არ აყვე, ჩემო კარგო, გენაცვალე, პატარა“. მეფერებიან და მე კიდევ უფრო ვუმატებ ბღავილს.

და მერე ერთვება ლევანიც. „ლოგინში ძლივს ეტევა და პატარაო“ – ბურტყუნებს. და ამას ისე ამბობს, შეუძლებელია არ აგიტყდეს სიცილი. ვიცინით ყველა.

დღეს უკეთესად ვართ. ლევანს საერთოდ არაფერი ეტყობა. დადის პალატაში, ენერგიაზეა. სიცხე არ გვქონია. და სულ გვშია. უბრალოდ სასაცილოა. ეტყობა გადასხმის გამო ხდება. აქედან გამოვგორდებით, ვატყობ.

მე საღამოობით, როცა ლოგინიდან ვდგები გულისრევის შეგრძნება მომაწვება და ოფლი. ჰაერის უკმარისობა. ეგრევე შემორბიან და მეხმარებიან. მაინც უკეთ ვარ, მე-8 დღე რომ მახსენდება.

არც შევადარებ იმ დღეს არაფერს. მაგრამ ვგრძნობ, რომ რაღაც ხდება ფილტვებში. თითქოს რაღაც ცარიელი ნაპრალია, რომელშიც ჰაერი უსიამოვნოდ ტრიალებს. მთქნარებაც არ მსიამოვნებს. პირი მაქვს სულ დამუწული.

არ მინდა ჰაერი შევიდეს იმ „სიცარიელეში”. ვსუნთქავ მხოლოდ ცხვირით, რომელშიც სულ ჟანგბადის მილია. პირით სუნთქვა არ მსიამოვნებს, თითქოს იქ ცარიელ ადგილში „ორპირი“ ჩნდება. ძაან არასასიამოვნოა.

მახველებს სპაზმურად და ხანდახან ისე დიდხანს, რომ პულტს ვაჭერ, რომ შემოვიდნენ და დამეხმარონ. სიცხე არ მაქვს. ძალიან მიხარია, ალბათ მოქმედებს ჩვენი ანტიბიოტიკები.

მიყვარხართ ძალიან და დააფასეთ ყოველდღიური სისულელეები“,- წერს ვიკა ბუკია.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით პოლიტიკოსი ლევან გოგიჩაიშვილი და მისი ცოლი, ვიკა ბუკია დაინფიცირდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×