სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    26.10.2017

    მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, თამაზ მეჭიაური თიანეთის მერია. თამაზ მეჭიაურის ადვოკატ მინდია შეთეკაურის თქმით, სასამართლოს დადგენილებით, აღდგა პირვანდელი მდგომარეობა, სანამ საოლქო საარჩევნო კომისია შედეგებს გააყალბებდა.

    მისივე განცხადებით, ამის შემდეგ საოლქო კომისია იძულებული გახდება, შემაჯამებელი ოქმები იმ მონაცემების საფუძველზე გამოსცეს, რომლებიც საუბნო კომისიებიდან მიიღო.

    "სასამართლო გადაწყვეტილებით აღდგა პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა, სანამ საოლქო საარჩევნო კომისია მიიღებდა გადაწყვეტილებას, თავიდან გადათვლიდა ბათილ ბიულეტენებს და გააყალბებდა შედეგებს.

    "რაც შეეხება საია-ისა და თამაზ მეჭიაურის ერთობლივ სარჩელს, ამის განხილვის საჭიროება აღარ არსებობს, რადგან გაუქმებულია დავის საგანი. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ ის აქტები გააუქმა, რომლების გაბათილებასაც ვითხოვდით", - განაცხადა მინდია შეთეკაურმა.

    მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაუქმდა საოლქო კომისიის გადაწყვეტილება ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლასა და აღდგენასთან დაკავშირებით, რის შესაბამისადაც, თიანეთის მერის არჩევნებში თამაზ მეჭიაურმა 1 ხმით გაიმარჯვა.

    სამართლიანია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც თამაზ მეჭიაური თიანეთის მერი გახდა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     ლელა ოჩიაური (კინომცოდნე): რამდენადაც ვიცი, პირველადი მონაცემებით, მეჭიაური იყო გამარჯვებული. შემდეგ, როგორც ამბობენ, მოხდა გაყალბება, რაც ნამდვილად მჯერა, რომ ასე იყო. შესაბამისად, ვფიქრობ, სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანია.

     

     

     თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): მე ვფქირობ, გადაწყვეტილება სწორი იყო. ეს ნიშნავს იმას, რომ, სინამდვილეში, მართლაც ასე მოხდა და მეჭიაურმა გაიმარჯვა. ჩვენც ვხედავთ, რომ რაღაც შეცდომა მოუვიდა "ქართულ ოცნებას".

     

     

     ანა რატიანი (ჟურნალისტი): რადგან სასამართლომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, ესე იგი ყველა ნიუანსი გაითვალისწინა. ალბათ, კომისიამ კიდევ ერთხელ გადათვალა საეჭვო ხმები და ეს შედეგიც დადგა.

    მე მივესალმები, რომ სასამართლოს მხრიდან მოხდეს მსგავსი საკითხების გადახედვა და შემდეგ ისეთი გადაწყვეტილება გამოიტანოს, რომელიც სამართლიანობას წაადგება.

     

     

     მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): მე ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება სამართლიანია, რადგან, წინასწარი მონაცემებით, სანამ შედეგებს გააყალბებდნენ, ვიცით, რომ მეჭიაური იმარჯვებდა. შემდეგ უკვე ძალიან ბუნდოვანი გახდა ყველაფერი. კარგია, რომ სასამართლომ ნათელი მოჰფინა ამას.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter