სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რატომ არ უყვარს "მანჩესტერის" სერბ მცველს ინგლისის ექსტრავაგანტულ ადგილებში სტუმრობა
    მამუკა ნაცვალაძე
    24.09.2009

    კრიშტიანუ რონალდუ და კარლოს ტევესი ალექს ფერგიუსონის გუნდში აღარ არიან.
    მიუხედავად ამ დანაკლისისა, ინგლისის ჩემპიონი მაინც ოცნებობს ჩვეული პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გამარჯვებაზე, გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ნემანია ვიდიჩი "მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერნეტსაიტთან ინტერვიუში გვამცნობს, თუ რა გზით ივლის გუნდი, რათა დასახული მიზანი რეალობად აქციოს.
    - ჩემპიონთა ლიგაზე 2008 წლის ტრიუმფი ალბათ გარკვეულწილად ანელებს იმ წუხილს, რაც "ბარსელონასთან" რომში ფინალურ თამაშში განცდილ მარცხს მოჰყვა...
    ნემანია ვიდიჩი: ბუნებრივია, მოსკოვში ფინალური მატჩის მოგება მართლაც ამსუბუქებს ამ ტკივილს. ვიცით, რომ ჩვენ ეს უკვე შევძელით, შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია კვლავაც ვიბრძოლოთ თასის აღებისათვის.
    საგულისხმოა ისიც, რომ თასის აღების სურვილი არასდროს ქრება. გარწმუნებთ, რომ "მანჩესტერის" ნებისმიერი ფეხბურთელისათვის საკმაოდ გულდასაწყვეტი იქნება, თუკი ვერ მოვიგებთ წელს ჩემპიონთა ლიგას. ეს ეხება ყველა თამაშს, რომელიც მიმდინარე სეზონში უნდა ჩავატაროთ.
    - საინტერესოა, რომ "მანჩესტერი" მაინც წარმატებებზე ფიქრობს მიუხედავად იმისა, რომ რომაული მარცხის შემდეგ ჩანს, რომ საკმაოდ გაგრძელდა გუნდისთვის ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროცესი...
    ნ.ვ.: ჩვენი იმედები და მიზნები ამ დამარცხების შემდეგ სრულიადაც არ შეცვლილა. ჩვენი მიზანი იგივე რჩება - ჩემპიონთა ლიგისა და ინგლისის ჩემპიონატის მოგება. ჩვენ ამ სეზონში გვინდა განსაკუთრებულად ბედნიერები იყვნენ ჩვენი გულშემატკივრები.
    - როგორ გრძნობენ თავს გუნდის მოთამაშეები, რომელნიც უკვე ჩაერთვნენ ლიგის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე?
    ნ.ვ.: შესანიშნავად. პირველი თამაში მინიმალური სხვაობით მოვიგეთ. "ბეშიქთაშთან" თურქეთში რთული გასვლა გვქონდა და ყველაფერი დასრულდა იმით, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ, რაც დასაწყისისთვის საკმაოდ კარგი შედეგია. ეს ბუნებრივია, საკმაოდ ამაღლებს ჩვენს საბრძოლო ტონუსს.
    ასე რომ, რომში ჩატარებული ფინალური მატჩის შესახებ ახლა ჩვენთან აღარავინ ფიქრობს. გვწამს, რომ ჩვენი გამარჯვების დრო დადგა. ჩვენ სრულად ვართ კონცენტრირებულნი ახალ სეზონზე. სეზონი ჯერ ახლა დაიწყო და ჩვენი იმედებიც საკმაოდ დიდია. გვინდა ევროპის 2010 წლის საუკეთესო გუნდის სტატუსი მოვიპოვოთ.
    - გარკვეული ვარაუდები თუ გაქვთ მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგასთან მიმართებაში?
    ნ.ვ.: ძალიან ადრეა რაიმე ვარაუდების გამოთქმა, რადგანაც ლიგა მხოლოდ ესესაა დაიწყო და მის დასასრულამდე საკმაოდ შორია. თუმცა, დავეთანხმები ექსპერტთა მოსაზრებას, რომ ლიგისთვის იბრძოლებენ "რეალი", "ბარსელონა" და ასევე პრემიერლიგის საუკეთესო კვარტეტი. პრემიერლიგა მსოფლიოში საუკეთესო ჩემპიონატია, ამიტომაც სრულიად ლოგიკურია, რომ ინგლისური კლუბები პრეტენზიას აცხადებენ ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე.
    "ბარსა" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია, "რეალი" საგრძნობლად გაძლიერდა მიმდინარე სეზონში, გარდა ამისა, უნდა მოველოდეთ, რომ როგორც ყველა წელს, არც ამჯერად ვიქნებით დაზღვეული გარკვეული სიურპრიზებისგან, ამიტომაც ნებისმიერ მატჩში განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს.
    - ახლა "მანჩესტერის" გასახდელში აღარ იქნებიან კრიშტიანო რონალდუ და კარლოს ტევესი. რამდენად მოისაკლისეთ ისინი?
    ნ.ვ.: ბუნებრივია, ჩვენ აშკარად დაგვაკლდებიან კრიშტიანო რონალდუ და კარლოს ტევესი. მათ მიერ არაერთი გატანილი გოლი მეტად ფასეული იყო ჩვენი გუნდისთვის. თუმცა, ისიც ცხადია, რომ თანამედროვე "მანჩესტერ იუნაიტედს" უდიდესი პოტენციალი გააჩნია.
    ჩვენს რიგებში საკმაოდ ბევრი ნიჭიერი ტალანტია. ისინი თავიანთ ოსტატობას მუდმივად სრულყოფენ. კლუბი ტრადიციულად მიზნად ისახავს უმაღლეს მიზნებს, მიუხედავად იმისა, ვინ მოდის და ვინ მიდის. ჩვენ ახლაც შეგვიძლია ტიტულების მოგება.
    - ლუის ანტონიო ვალენსია იმ ფეხბურთელთა შორის მოიაზრება, ვინც უნდა შეცვალოს "მანჩესტერში" კრიშტიანო რონალდუ, რას ფიქრობთ, შეძლებს ამ ტვირთის ზიდვას?
    ნ.ვ.: არავინ "ოლდ ტრაფორდზე" არ ფიქრობს, რომ ლუისი აიღებს თავის თავზე კრიშტიანო რონალდუს ტვირთს, თუმცა, მას აქვს სხვა არანაკლებ ფასეული თვისებები. ის კვალიფიციური მოთამაშეა, რაც ბუნებრივია ჩვენთვის სასარგებლო იქნება. ველი, რომ ამ სეზონზე ის მართლაც გამორჩეული მოთამაშე იქნება ჩვენი გუნდისთვის.
    - რამდენად აქვს შანსი მაიკლ ოუენს ათამაშდეს კარგად განახლებული "მანჩესტერის" შემადგენლობაში?
    ნ.ვ.: მაიკლმა თავისი ოსტატობა წლების განმავლობაში დაამტკიცა. ამიტომაც ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ იმისა, რატომ არ უნდა იყოს ეს გუნდი მისთვის წარმატებული. მას დიდი შესაძლებლობები აქვს, ამიტომაც ჩვენ მოხარულნი ვართ ჩვენი გუნდის შემადგენლბაში ვიხილოთ იგი.
    "მანჩესტერის" შემადგენლობაში ყოველთვის იყვნენ ფანტასტიკური ფორვარდები და ახლანდელი დროც არაა გამონაკლისი. იმისგან განურჩევლად, ვინ როგორ თამაშობს, ჩვენ ნებისმიერი თამაშისას ბოლომდე ვიბრძოლებთ. მე მჯერა ვალენსიასი, ოუენი კი ჩვენს გუნდს უფრო სრულყოფილს წარმოაჩენს.
    - იმ თავდამსხმელებიდან, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს, ვინაა საუკეთესო?
    ნ.ვ.: ძნელია ერთი ფეხბურთელი გამოარჩიო, როცა საქმე გაქვს ევროპის საუკეთესო თავდამსხმელებთან. თუკი არჩევანს სამ საუკეთესოზე გავაკეთებ, ჩემი აზრით, ესენი არიან ეტოო, ტორესი და იბრაგიმოვიჩი. ეს ბიჭები თავიანთი ფორმის პიკზე არიან ამჟამად.
    - ბევრმა უკვე დაიწყო თქვენი შედარება იაპ სტამთან, რას იტყვით ამის შესახებ?
    ნ.ვ.: მე არ მაღელვებს ასეთი შედარებები, მაგრამ იმასაც არ დავმალავ, რომ ჩემთვის სასიამოვნოა, რომ ასეთ სახელოვან ფეხბურთელთან ერთად მახსენებენ. სტამი "მანჩესტერის" გიგანტი გახლდათ, ის არის მოთამაშე, რომლის მიმართაც განსაკუთრებული პატივისცემა გამაჩნია. ყოველთვის ვცდილობ, რომ გულშემატკივარზე ჩემი თამაშით განსაკუთრებული გავლენა მოვახდინო.
    - როგორ მიდის თქვენი ცხოვრება ინგლისში?
    ნ.ვ.: მე ინგლისელი არა ვარ, თუმცა ნელ-ნელა შევეჩვიე ინგლისის ცხოვრების წესს. ვისწავლე როგორ უნდა მივიღო ამისგან განსაკუთრებული სიამოვნება. მომწონს "მანჩესტერში" თამაში, თანაც ვცდილობ, ჩემი თამაში მუდმივად გავაუმჯობესო. გასულ წელს ჩვენ პრემიერლიგა მოვიგეთ. ჩვენ შეგვიძლია შევიცვალოთ, უფრო გავძლიერდეთ, ამისთვის საჭიროა მუდმივად წინ ვიყუროთ და მუდმივად ვიფიქროთ მომდევნო შეხვედრაზე.
    - როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?
    ნ.ვ.: მანჩესტერში თავისუფალი დრო ცოტა მრჩება. საკმაოდ იშვიათად კლუბი ორდღიან შესვენების უფლებას გვაძლევს, რომელსაც ჩვენ ჩვენს ოჯახებთან ერთად ვატარებთ. ასე რომ, თავისუფალ დროს საკმაოდ კარგ გარემოცვაში ვარ. ზოგჯერ სტუმრებიც მოდიან ჩემთან...
    ვცდილობ, ვიცხოვრო წყნარი ცხოვრებით, არ მიყვარს ექსტრავაგანტულ ადგილებში სტუმრობა, არც ხალხში გამოჩენა მიყვარს. ვთვლი, რომ ამის გარეშეც ჩემი ცხოვრება ნორმალურად მიდის. ჩემი მარშრუტი კი ასეთია: ვარჯიში - რესტორანი - სახლი.
    - როგორ მიგაჩნიათ "მანჩესტერს" თუ აქვს დაცვაში რაიმე პრობლემა, რომელიც ამ სეზონში აუცილებელ მოგვარებას მოითხოვს?
    ნ.ვ.: არა, "მანჩესტერის" დაცვა საკმაოდ შეუვალია, როგორც სალი კლდე. ჩვენ უკვე რამდენიმე წელია, რაც ერთად ვთამაშობთ, ასე რომ კარგად ვიცნობთ ერთმანეთს და არაფრის გვეშინია. მწვრთნელი ჩვენგან სრულ კონცენტარციას ითხოვს კონკრეტული დავალების შესრულებისას და მოთამაშეებს ეს ვალდებულება კარგად გვაქვს გააზრებული. ფერდინანდი, ბრაუნი, ნევილი და ოში ბრძოლაში გამოწრთობილი პროფესიონალები არიან. ბუნებრივია, ჩვენ მუდმივად ვერ გავიმარჯვებთ, მაგრამ იმას კი გპირდებით, რომ ნებისმიერი მატჩში თავს ბოლომდე დავდებთ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter