სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    13.03.2018

     ბალყარელები ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკიდან გასვლას და ცალკე ავტონომიურ რესპუბლიკად ჩამოყალიბებას მოითხოვენ. აცხადებენ, რომ ამის უფლება მათ 1991 წლის რეფერენდუმის შედეგად აქვთ. მოთხოვნის მთავარი მიზეზი ისაა, რომ, ბალყარელების თქმით, მათ მიწის ფლობის საკუთრება ჩინოვნიკებმა წაართვეს. ამ გამოყოფაში ერთ-ერთი მთავარი სადაო საკითხი იალბუზის მთის კუთვნილებაა, რადგან ორივე ეთნოსისთვის ეს მთა არა მარტო მიწა, არამედ კულტურის განუყოფელი ნაწილია.

    აღსანიშნავია, რომ ბალყარელები თურქული წარმომავლობის ხალხია, ყაბარდოელები კი ჩერქეზები არიან. ბალყარელები რესპუბლიკის მოსახლეობის 13%-ს შეადგენენ, ყაბარდოელები - 57%-ს და ხელისუფლებაც დიდწილად სწორედ მათ ხელშია, რაც ბალყარელების უკმაყოფილებას იწვევს. სარკისებურად საპირისპირო სიტუაციაა მეზობელ ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკაში, სადაც ბალყარელების მონათესავე ყარაჩაელები მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ და ხელისუფლების სადავეებს ფლობენ, ყაბარდოელების მონათესავე ჩერქეზები კი უმცირესობაში არიან და ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილობას არ მალავენ. ცნობისთვის, 1992-93 წლების აფხაზეთის ომში აქტიურად მონაწილეობდნენ სწორედ ჩერქეზები და ყაბარდოელები, რომლებიც აფხაზების მონათესავე ხალხია, ბალყარელებმა და ყარაჩაელებმა კი ამ კონფლიქტში ნეიტრალიტეტი შეინარჩუნეს.

    ჩერქეზული საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელი საქართველოში ანდრო გაბისონია ამბობს, რომ ბალყარელებს ცალკე ჩამოყალიბების სურვილი დიდი ხანია აქვთ, მაგრამ მათ ამის უფლებას, სავარაუდოდ, არ მისცემენ.

    „ადგილობრივები ამის უფლებას არ მისცემენ და რუსეთმა თუ გადაწყვიტა, ეს უკვე სხვა საკითხია. ეს ორი სხვადასხვა ეთნოსია. ბალყარელები ძირითადად მთაში სახლობენ. როგორი ინფორმაციაც მაქვს, თვითონ ჩერქეზებს არავითარ შემთხვევაში არ უნდათ რაიმე დაპირისპირება და როდესაც რაღაც პრობლემები იყო, ყოველთვის მაგიდასთან დიალოგით წყვეტდნენ. ეჭვი მეპარება, რომ ბალყარელების ამ მოთხოვნას რაიმე სერიოზული რეაგირება მოჰყვეს. კი უნდათ ცალკე გასვლა და რაიმეს აგორება, მაგრამ ეს ცუდად დამთავრდება და ამას ეს ხალხი არ დაუშვებს," - აცხადებს გაბისონია.

    ბალყარეთის ყაბარდოსგან გამოყოფის მოთხოვნა 8 მარტს ქალაქ ნალჩიკში გაისმა, რომელიც ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის დედაქალაქია და სადაც ბალყარელების დეპორტაციის ხსოვნის დღე აღინიშნებოდა. ამ შეკრებას ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობაც ესწრებოდა.

    თავდაპირველად აქციის ორგანიზატორებმა რესპუბლიკის ხელმძღვანელობას ბრალი დასდეს იმაში, რომ ბალყარელებს მიწის საკუთრებაში გადაცემის უფლებას არ აძლევენ.

    ბალყარეთის უხუცესთა საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარე ისმაილ საბანჩაევმა განაცხადა, რომ ბალყარელი ხალხი ჯერ კიდევ არ არის რეაბილიტირებული, რადგან მას არ შეუძლია საკუთარ ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის საქმიანობაში ჩართვა. საბანჩიევმა ამ ყველაფერში ყაბარდო-ბალყარეთის ყოფილი პრეზიდენტი არსენ კანოკოვი დაადანაშაულა, რომელმაც თავის დროზე სოფლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს დაავალა, რომ მიწის მართვის უფლებამოსილება რაიონების ხელმძღვანელებისთვის გადაცემულიყო.

    „ამით ისარგებლა და მიწა მტლიანად თანამდებობის პირების, მათი ნათესავების ხელში აღმოჩნდა, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა უმიწოდ დარჩა. ნახეთ, მათ 2-3 ათასი ჰექტარი მიწა აქვთ, ხოლო ხალხს, ვინც მიწაზე მუშაობით ცხოვრობს, მიწის ერთი ნაკუწიც არ გააჩნია," - თქვა საბანჩიევმა.

    მის შემდეგ გამოვიდა იალბუზის რაიონის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე იუსუფ ულბაშევი, რომელმაც პირველად გაახმოვანა მოთხოვნა ბალყარეთის ყაბარდოსაგან გამოყოფაზე.

    „ეს უსამართლობა გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენ რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციას არ გამოვიყენებთ, სანამ ჩვენ არ ვიქნებით ცალკე ბალყარეთის რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. არანაირი ომი არ იქნება, მაგრამ თუ ჩვენ ვართ ერი, ჩვენ საკუთარი რესპუბლიკა უნდა გვქონდეს," - განაცხადა ულბაშევმა.

    შეკრების დასასრულს ორგანიზატორებმა წაიკითხეს დადგენილება, რომ ბალყარელებს შორის 1991 წლის 29 დეკემბერს ჩატარებულ რეფერენდუმზე უმრავლესობამ ყაბარდოსაგან ცალკე გამოყოფას დაუჭირა მხარი და დეკლარაციაში მითითებული იყო, რომ ცალკე გამოყოფის რეალიზაციისთვის რუსეთს ფედერაციამ ყაბარდო-ბალყარეთის ხელმძღვანელობა უნდა აიძულოს, რომ რესპუბლიკაში მიწები გაყოს.

    ჩერქეზული ორგანიზაციები ამ მოთხოვნაზე არანაირ პოზიციას არ გამოხატავენ. მხოლოდ ერთ-ერთმა ჩერქეზმა აქტივისტმა, აფხაზეთში მებრძოლი ყაბარდოელი მოხალისეების ყოფილმა მეთაურმა, "აფხაზეთის გმირმა" იბრაჰიმ იაგანოვმა განაცხადა, რომ ბალყარელებს თვითგამორკვევაში ხელი უნდა შეუწყონ და თუ სურთ, უნდა გავიდნენ კიდეც.

    თუმცა, იაგანოვიც აღიარებს, რომ რადგანაც ცალკე გასვლა მიწების გაყოფას გულისხმობს, აქ შესაძლოა პრობლემებიც წარმოიშვას. ყველაზე დიდი კამათი კი შეიძლება დაუკავშირდეს იალბუზის მთას, რადგან ორივე ეთნოსი ამ მთას არა მარტო საკუთარ მიწად, არამედ მნიშვნელოვან კულტურულ კომპონენტადაც მიიჩნევს.

    იაგანოვის თქმით, ეს საკითხი სასამართლოში უნდა გადაწყდეს. ის ამბობს, რომ ყაბარდოული საზოგადოებრივი ორგანიზაციები ამ თემაზე ბალყარელებთან დიალოგს არ აპირებენ, ეს საკითხი თავის თავზე რესპუბლიკის ხელისუფლებამ უნდა აიღოს.

    „კავკაზ.რეალთან" საუბარში კი ერთ-ერთი იურისტი ამბობს, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით თუ ბალყარელების მიერ შემოთავაზებულ ახალი რესპუბლიკის ტერიტორიაზე რომელიმე კომპაქტური ჩერქეზული დასახლება ამას გააპროტესტებს, ეს ვერ მოხდება.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved