სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    18.12.2017

     საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის - მიხეილ სააკაშვილის მხრიდან პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსადმი რიტორიკის შეცვლასა და შეთანხმების მიღწევაზე საუბარს პოლიტოლოგთა ნაწილი დასავლეთის დასანახად გადადგმულ ნაბიჯად აფასებს, ნაწილი კი ექსტრადირების საკითხის გააქტიურებას უკავშირებს.

    მიხეილ სააკაშვილმა ტელევიზია "ნიუს პირველთან" განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეთანხმების მიღწევა აუცილებელია. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ პოროშენკოს არ ადანაშაულებს მტრისთვის ხელის შეწყობაში.

    "ჩვენ ყველამ უნდა შევინარჩუნოთ ერთი მხარე და აღნიშნულთან დაკავშირებით ვისაუბროთ. ამავე დროს ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რათა ქვეყანა არ გავანადგუროთ", - განაცხადა სააკაშვილმა.

    აღსანიშნავია, რომ სააკაშვილი რეგულარულად აკრიტიკებდა პოროშენკოს ადმინისტრაციას, მათ გადაყენებასა და ქვეყნის პირველი პირის იმპიჩმენტს მოითხოვდა. უკრაინის ხელისუფლებაც ცდიობს, ოდესის ყოფილი გუბერნატორი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მისცეს. ამ მიზნით ის ორჯერ დააპატიმრეს.

    პირველად 5 დეკემბერს დააკავეს, თუმცა მხარდამჭერებმა მიკროავტობუსიდან დაიხსნეს. მიუხედავად ამისა, 8 დეკემბერს ისევ დააკავეს და უშიშროების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. მის წინააღმდეგ საქმე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით აღიძრა, რაც დანაშაულებრივი ორგანიზაციის მონაწილეთა დახმარებასა და მათი დანაშაულებრივი ქმედების დაფარვას გულისხმობს, თუმცა 11 დეკემბერს სასამართლომ სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლა.

    როგორც "მთელ კვირასთან" პოლიტოლოგები აცხადებენ, მათ სააკაშვილის რიტორიკის ასეთი უეცარი ცვალებადობის არ სჯერათ და ამას გარკვეულ მიზეზებს უკავშირებენ. მათ შორის მისი საქართველოში შესაძლო ექსტრადირებაც მოიაზრება.

    "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ სააკაშვილის მხრიდან პოროშენკოსთან შეთანხმების მიღწევაზე საუბარი დროებითია.

    "ალბათ სააკაშვილი ხვდება, რომ ის მარტო ვერ შეძლებს ტემპერატურის აწევას, რასაც აქციებით ცდილობდა. შეიძლება ითქვას, უკრაინის მოსახლეობა მზად არ არის მესამე მაიდნისთვის. ამასთან, გაურკვეველია მისი სტატუსიც.

    "რამდენჯერმე გაისმა სააკაშვილის ექსტრადირების საკითხიც და შესაძლოა, მისი ახლანდელი განცხადებების მიზეზი სწორედ ეს იყოს, რადგად არ მგონია, სააკაშვილსა და პოროშენკოს მსგავსი ინტერესები ჰქონდეთ. ამასთან, სააკაშვილმა, დიდი ხანია, დაწვა პოროშენკოსთან თანამშრომლობის გზა, რადგან ის იმ პრინციპებს ეწინააღმდეგება, რასაც პოროშენკოს ხელისუფლება მფარველობს, იქნება ეს კორუფცია თუ სხვა.

    "რაიმე სახის თანამშრომლობა და შეთანხმება რომც მოხდეს, არ მგონია, ეს დიდხანს გაგრძელდეს, თუმცა ძალიან საეჭვოა, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა სააკაშვილი რადიკალური განცხადებებით გამოდის, პიროვნულად ეხება პოროშენკოს და პირდაპირ ურტყამს მის ავტორიტეტს", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

    სააკაშვილის რიტორიკის შეცვლას საქართველოში მისი ექსტრადირების შესაძლებლობის წამოჭრას უკავშირებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.

    "უკრაინის პოლიტიკურ სივრცეში სააკაშვილი საკმაოდ კომფორტულად გრძნობს თავს, მაგრამ თუ აქვს ინფორმაცია, რომ შესაძლოა, მოხდეს საქართველოში მისი ექსტრადირება, რაც უნდა ილაპარაკოს, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს მისთვის მისაღები სცენარი მაინც არ არის.

    "ვარაუდის დონეზე შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინის პროკურორის განცხადება სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით, შესაძლოა, იყოს ერთგვარი მიზეზი იმისა, რომ მან პოროშენკოსადმი დამოკიდებულება შეცვალა", - განაცხადა ძაბირაძემ.

    განსხვავებული მოსაზრება აქვს პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს. მისი თქმით, სააკაშვილის შემრიგებლური რიტორიკა დასავლეთის დასანახად გადადგმული ნაბიჯი უფროა, ვიდრე პოროშენკოსთვის.

    "პოლიტიკაში ხდება ასეთი რამ, როცა მაქსიმალური რიტორიკიდან მოლაპარაკებაზე გადადიხარ. ასე რომ, არ მგონია, ამან სერიოზული ცვლილებები გამოიწვიოს. როგორც მე ვატყობ, მან უკვე გაუშვა გზავნილი, რომ ის მზად არის აღმასრულებელ ხელისუფლებაში ადგილის დასაკავებლად, რაც სიტუაციის განვითარების ერთ-ერთი ვარიანტია, თუმცა სააკაშვილის გაპრემიერება მეეჭვება,რადგან სისტემისთვის ძალიან დიდი საფრთხეა.

    "პოროშენკო არ არის მარტო, ეს არის დიდი სისტემა. შესაბამისად, მას არ აქვს იმის საშუალება, რომ თავის სასარგებლოდ მიიღოს გადაწყვეტილებები. პოროშენკოს აქვს ვალდებულებები პარტნიორებთან. ასე რომ, მოვლენების ასეთ განვითარებას მე ვერ ვხედავ.

    "არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სააკაშვილის მხრიდან შემრიგებლური რიტორიკა იმდენად პოროშენკოზე არ არის გათვლილი, რამდენადაც დასავლეთზე. იგი ამით დასავლეთს აჩვენებს, რომ მზად არის კომპრომისისთვის, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ ასეთ სიტუაციაში მათი მოთხოვნა ყოველთვის კომპრომისია.

    "ასე რომ, ეს არის პოლიტიკური თამაში, რის უკანაც ყოველთვის ის არ დგას, რაზეც პოლიტიკოსები საუბრობენ", - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter