სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ალექსეი ულუკაევი - დამნაშავე თუ შეთქმულების მსხვერპლი
    გიორგი გაჩეჩილაძე
    18.12.2017

     რამდენიმე დღის წინ მოსკოვში რუსეთის ეკონომიკის განვითარების ყოფილი მინისტრის - ალექსეი ულუკაევის დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართა. მას ქრთამის აღების გამო რვაწლიანი პატიმრობა მიესაჯა. ამის გარდა, ყოფილმა მაღალჩინოსანმა ჯარიმის სახით 130 მილიონი რუბლი უნდა გადაიხადოს.

    ვინ არის ალექსეი ულუკაევი და რატომ დაიმსახურა ასეთი მკაცრი სასჯელი. ეს პიროვნება 2013 წლის 24 ივნისიდან 2016 წლის 15 ნოემბრამდე რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელად მუშაობდა. გასული წლის ნოემბერში რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. საქმე ეხებოდა 2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ქრთამის აღებას.

    ეს იყო რუსეთის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს. სისხლის სამართლის საქმე მინისტრის მიმართ აღძრული იყო "როსნეფტის" მიერ ნავთობის კომპანია "ბაშნეფტის" აქციების სახელმწიფო პაკეტის შეძენასთან დაკავშირებით. ეკონომიკის განვითარების სამინისტროს, რომელსაც ალექსეი ულუკაევი ხელმძღვანელობდა, უნდა მოემზადებინა დასკვნა ხელშეკრულების თაობაზე.

    ულუკაევი სახელმწიფო კომპანია "როსნეფტის" შენობაში დააკავეს, სადაც ის პირადად მივიდა. ძალოვნების ცნობით, მინისტრმა ქრთამი ნაღდი ფულით აიღო. თანხა მას "როსნეფტის" აღმასრულებელმა დირექტორმა იგორ სეჩინმა გადასცა.

    თავად ულუკაევმა დანაშაული არ აღიარა. სასამართლომ მას აღმკვეთ ღონისძიებად შინაპატიმრობა შეუფარდა (სასამართლოს განაჩენს იგი დაახლოებით 2,5 მილიონ დოლარად შეფასებულ საკუთარ ბინაში ელოდა). ვლადიმირ პუტინმა მინისტრი მისი დაპატიმრების შემდეგ თანამდებობიდან გადააყენა.

    საინტერესოა, რომ ეკონომიკის განვითარების იმდროინდელი მინისტრისთვის ქრთამის მიმცემი იგორ სეჩინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი გახლავთ.

    ულუკაევის დაკავების შემდეგ რუსულ მასმედიაში გაჩნდა აზრი, რომ ეკონომიკის განვითარების მინისტრი დამნაშავე არ იყო და დაგეგმილი შეთქმულების მსხვერპლი გახდა.

    დაკავების ფაქტმა ბევრი ეჭვი გააჩინა. მართალია, ულუკაევის უწყება "როსნეფტის" მიერ "ბაშნეფტის" პრივატიზებაში მონაწილეობას ეწინააღმდეგებოდა იმ საბაბით, რომ სახელმწიფო კომპანია ისევ სახელმწიფო კომპანიას არ უნდა შეესყიდა, თუმცა მოგვიანებით პოზიცია შეცვალა და გარიგებაზე ნებართვა გასცა. თითქოს ქრთამის აღებისთვის საბაბიც არსებობდა, თუმცა, რუსეთში უკლებლივ ყველა დამოუკიდებელი პოლიტიკური მიმომხილველის აზრით, ისეთი მასშტაბის ფიგურა, როგორიც ულუკაევი იყო, ასეთ თანხაზე - 2 მლნ დოლარი, "თავს არ გაიფუჭებდა".

    ულუკაევის დაკავების მიზეზებზე რამდენიმე თვის წინ საინტერესო მოსაზრება გამოაქვეყნა გამოცემამ "გაზეტა.რუ". ამ გაზეთის ჟურნალისტების მტკიცებით, ამ დაკავებაში მნიშვნელოვანი გარემოება ისაა, რომ ულუკაევი ე.წ. "სისტემურ ლიბერალებს" განეკუთვნება, ანუ იმ დაჯგუფებას პუტინის ხელისუფლებაში, რომელიც ღიად უჭერს მხარს ღია საბაზრო ეკონომიკას და დასავლეთთან კონფრონტაციასა და ქვეყნის იზოლაციას რუსეთისთვის საზიანოდ მიიჩნევს. ამ დაჯგუფებას მიაკუთვნებენ ფინანსთა ყოფილ მინისტრ ალექსეი კუდრინს, კორპორაცია "როსნანოს" ხელმძღვანელ ანატოლი ჩუბაისს, პრემიერ დმიტრი მედვედევს და ა.შ. ეს ადამიანები პუტინმა რეალურ ძალაუფლებასა და გადაწყვეტილებების მიღებას, დიდი ხანია, ჩამოაშორა, თუმცა გარკვეული ტექნოკრატიული ფუნქციები მთავრობაში მაინც დაუტოვა.

    ლიბერალური ფრთის საპირისპიროდ, პუტინის ხელისუფლებაში, პირობითად, "ძალოვანთა და მენავთობეთა" ბლოკი არსებობს, რომლის გავლენა უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყებისა და, ფაქტობრივად, მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან დაპირისპირების დაწყების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა.

    ზოგიერთი კომენტატორი ულუკაევის საქმეს ლიბერალურ ფრთაზე ძალოვანთა შეტევის დასაწყისად, ან მათთვის გაგზავნილ შეტყობინებად მიიჩნევს, ზოგიერთი მიმომხილველი კი - სეჩინის პირადი ძალაუფლების დემონსტრირებად. იგორ სეჩინი სპეცსამსახურებისა და ძალოვნების დაჯგუფების მფარველად მიიჩნევა. გაჩნდა მოსაზრება იმის შესახებაც, რომ ძალოვანთა დაჯგუფება "სისტემურ ლიბერალთა" სრული "წმენდისთვის" ემზადება, რათა ყველა სფეროზე კონტროლი დაამყაროს.

    პოლიტოლოგი ტატიანა სტანოვაია კი ულუკაევის დაკავებაში იმის ნიშნებს ხედავს, რომ სეჩინთან მჭიდროდ დაკავშირებულმა "ფე-ეს-ბემ" და სხვა ძალოვნებმა სამოქალაქო ხელისუფლების საკუთარ კონტროლქვეშ მოქცევა უკვე დაიწყეს, რაზეც თანხმობა პირადად პუტინისგან მიიღეს. ფაქტობრივად, მთელ შიდა პოლიტიკას რუსეთის ლიდერი ძალოვნებს აბარებს.

    პარასკევს, 15 დეკემბერს, მოსკოვის ზამოსკვორეცკის სასამართლოში ულუკაევის საქმესთან დაკავშირებით დასკვნითი სხდომა გაიმართა. პროკურატურა მისათვის თავისუფლების აღკვეთას 10 წლით მოითხოვდა. ამასთან ერთად, განსასჯელს ჯარიმის სახით 500 მილიარდი რუბლი უნდა გადაეხადა.

    ვებგვერდ "ლენტა.რუ"-ს მტკიცებით, სასამართლოს მიმდინარეობისას ულუკაევმა თავი დამნაშავედ არ მიიჩნია და აღნიშნა, რომ დაგეგმილი პროვოკაციის მსხვერპლი გახდა. აღმოჩნდა, რომ გასულ წელს "როსნეფტის" ხელმძღვანელ იგორ სეჩინსა და ულუკაევს შორის რამდენიმე შეხვედრა გამართულა. ამ მოლაპარაკებებზე სეჩინი ეკონომიკის განვითარების მინისტრთან ხელცარიელი არასოდეს მისულა. საჩუქრების ჩამონათვალში, როგორც წესი, ძვირადღირებული შვეიცარიული საათები და ფრანგული კონიაკები შედიოდა. ულუკაევის განცხადებით, ის მიიჩნევდა, რომ ამგვარი "საჩუქრები" "როსნეფტის" ხელმძღვანელის მუშაობის ჩვეული მეთოდი იყო და მათ მიღებაზე უარი არასოდეს უთქვამს.

    გასული წლის 14 ნოემბერს, ბოლო შეხვედრაზე, სეჩინმა მინისტრს მორიგი მოზრდილი ჩანთა გადასცა, რომელშიც თითქოსდა რამდენიმე სახეობის ძვირადღირებული უნგრული და პოლონური ძეხვი იდო. ულუკაევს საჩუქარი არ შეუმოწმებია. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ჩანთაში ძეხვის ნაცვლად ორი მილიონი დოლარი დებულა. ასეთია დაკავებული ალექსეი ულუკაევის ვერსია. რაც შეეხება უშუალოდ იგორ სეჩინს, სასამართლოს დიდი მცდელობის მიუხედავად, ის არც ერთ სხდომაზე არ გამოცხადებულა, მიზეზად კი სამსახურებრივი მოუცლელობა მოჰყავდა.

    საბოლოოდ 61 წლის ალექსეი ულუკაევი გისოსებს მიღმა რვა წლით აღმოჩნდა. ზოგიერთი რუსი პოლიტიკური მიმომხილველის აზრით, ის რუსეთის პირველი პირის მიერ წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციის მსხვერპლი გახდა. პუტინის წინაშე ძალაუფლების შენარჩუნების გრძელვადიანი ამოცანა დგას და მისი მთავარი მოკავშირეები ქვეყნის შიგნით ის ძალები ხდებიან, ვინც ამ ამოცანის უკეთ შესრულების გარანტიას აძლევენ. ლოგიკურად, პუტინის მთავარი დასაყრდენი ამ მხრივ ძალოვნები და უშიშროების სტრუქტურებია. ამიტომ ამ პირობებში რუსეთის ლიდერი ცდილობს, "სისტემური ლიბერალების" ბანაკს შეელიოს კიდეც და ქვეყანაზე კონტროლი საიმედო ძალოვნებს ჩააბაროს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter