სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    11.12.2017

     აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა ვნებათაღელვა. ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" ლიდერმა ისმაილ ჰანიმ პალესტინელებს ისრაელის წინააღმდეგ აჯანყებისკენ მოუწოდა. მოძრაობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებას და სამშვიდობო მოლაპარაკებას არ აპირებს. დემონსტრანტები წვავენ ისრაელის დროშებს და სკანდირებენ "ომი ახლოვდება".

    გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის პოლიციასთან შეტაკებებისას ღაზას სექტორში ერთი პალესტინელი დაიღუპა, დაშავებულთა რიცხვი კი 250-მდე გაიზარდა. საპროტესტო აქციები მიმდინარეობს თურქეთის ქალაქებშიც.

    რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს საერთაშორისო არენაზე ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას, აშშ-ის საელჩოს გადატანას თელ-ავივიდან იერუსალიმში და როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია - ამ საკითხებზე "მთელი კვირა" პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა.

    სოსო ცინცაძე: იერუსალიმის პრობლემა არც დღეს და არც გუშინ არ წარმოშობილა. ჯერ კიდევ ებრაული სახელმწიფოს შექმნასთან დაკავშირებით გაეროს ეგიდით მუშაობა დაიწყო პალესტინაზე სპეციალურმა კომისიამ 1947 წელს. 1947 წლის დასასრულს და 1948 წლის დასაწყისში "იუენსკოპმა" სპეციალური დასკვნა მოამზადა, სადაც აღნიშნული იყო, რომ არაბებსაც და ებრაელებსაც დასაბუთებული პრეტენზიები და ინტერესები აქვთ პალესტინასთან, ისრაელთან და ბეთლემთან დაკავშირებით. კომისია ვარაუდობდა, რომ იერუსალიმი უნდა დარჩენილიყო საერთაშორისო მეურვეობის ქვეშ, როგორც მსოფლიოს სამი უდიდესი რელიგიის წმინდა ადგილი.

    შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები, ყველამ ვიცით. დევიდ ბენ-გურიონმა 1947 წლის 14 მაისს გამოაცხადა ისრაელის დამოუკიდებელი სახელმწიფო. მეორე დღეს ხუთი არაბული სახელმწიფო თავს დაესხა ახალ შექმნილ ისრაელს და ფართომასშტაბიან ომში არაბები პირველად დამარცხდნენ.

    მას შემდეგ მოვლენები როგორც ვითარდებოდა, ესეც კარგადაა ცნობილი. 1980 წელს ისრაელმა თავისი მმართველობა გაავრცელა მთელ იერუსალიმზე. რეალობად იქცა ებრაელი ხალხის ორიათასწლიანი ოცნება.

    შემდეგ, 1995 წელს, ამერიკის კონგრესმა იერუსალიმი აღიარა ისრაელის დედაქალაქად აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. კანონს ხელი მოაწერა იმდროინდელმა პრეზიდენტმა კლინტონმა და, ისარგებლა რა მისი კონსტიტუციური უფლებით, ექვსი თვით გადადო კანონის აღსრულება. თუ რატომ, ესეც საყოველთაოდ ცნობილია. მას შემდეგ ამერიკის ყველა პრეზიდენტი ავტომატურად ექვს-ექვსი თვით ახდენდა კანონის აღსრულების გადავადებას.

    "მთელი კვირა": ანუ ტრამპია პირველი პრეზიდენტი, ვინც თავისი წინასაარჩევნო კამპანიისას ამ კანონის რეალობად ქცევის პირობა დადო და შეასრულა?

    ს.ც.: გულუბრყვილობა იქნებოდა იმის ფიქრი, რომ თუნდაც ბუშის ან ობამას წინასაარჩევნო კამპანია ისე ჩაივლიდა, რომ ამერიკის გავლენიან სიონისტურ ორგანიზაციებს კანდიდატისგან ეს პირობა არ მიეღოთ. უბრალოდ, ტრამპი აღმოჩნდა პირველი, ვინც ბოლო მოუღო ექვს-ექვსთვიან მორატორიუმს.

    დღეს მხოლოდ ვარაუდი შეიძლება იმის თაობაზე, რა შეიძლება მოჰყვეს ასეთ სარისკოდ გაბედულ გადაწყვეტილებას. თვით ამერიკელი მიმომხილველებიც პრეზიდენტის ერთ-ერთ მოტივად ასახელებენ მის ოჯახურ კავშირებს - მისი სიძის, ჯერად კუშნერის, ოჯახი, რომელსაც გავლენა არ აკლია ამერიკის პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში, აქტიური მომხრე და პროპაგანდისტი იყო ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებისა.

    "მ.კ.": ტრამპის ამ გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა პროტესტი პალესტინაში; საპროტესტო აქციები მიმდინარეობს თურქეთის სხვადასხვა ქალაქში. ამ რთულ პერიოდში რა პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველომ?

    ს.ც.: ტრამპის გადაწყვეტილებას აქტიური პროტესტით შეხვდა არა მხოლოდ არაბული, არამედ მთელი ისლამური სამყარო. ჩვენ კი ნუ დაგვავიწყდება, რომ ნახევარ მილიონამდე მუსლიმანი გვყავს.

    მე ვისმენ ისრაელის მოქალაქის, საქართველოს პარლამენტის წევრის კომკავშირულად ნაჩქარევ ეპისტოლარულ მოწოდებას, რომ პრემიერ-მინისტრმა დღესვე გადაუდებლივ უნდა აღიაროს იერუსალიმი, ასევე, კიდევ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებას, რომ ქრისტიანულ სამყაროში ამერიკის შემდეგ საქართველომ პირველმა უნდა აღიაროს იერუსალიმი.

    სურვილი გამიჩნდა, ამ ახალგაზდა კაცს შევახსენო, რომ სწორედ ქართველმა პირველმა, აშშ-ზე ერთი წლით ადრე, დე-იურე აღიარა ისრაელის დამოუკიდებლობა და საელჩო გახსნა თელ-ავივში. ეს იყო იოსებ სტალინი. გარდა ამისა, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე როდესაც იხილებოდა ისრაელის შექმნის საკითხი და საჭირო იყო ხმათა 2/3, სწორედ სტალინის მიერ კონტროლირებული 5 ხმით გახდა შესაძლებელი ისრაელის სახელმწიფოზე ისტორიული გადაწყვეტილების მიღება. მაშინ გაეროში სულ 60 წევრი იყო.

    ისრაელისადმი ჩვენს მეგობრობას ზედმეტი არგუმენტები არ სჭირდება. უფროსი თაობის ჩვენს თანამემამულეებს შეიძლება ახსოვთ, შეიძლება იციან, რომ ჩემი უპირველესი მეგობარი და ჩემი მეორე ძმა იყო ჩემი კოლეგა აბონ ციციაშვილი. ასე რომ, არ არის დღეს საჭირო და გამართლებული რომის პაპზე მეტი კათოლიკობა და ქვეყნის ინტერესებზე წინ სხვა ბუნებრივი, ალბათ კეთილშობილური, მაგრამ სახელმწიფო ინტერესების იგნორირებით რაიმე მოთხოვნებით პოლიტიკური კეკლუცობა.

    ეჭვი არ მეპარება, რომ ისრაელის მოქალაქეებმაც და მისმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მშვენივრად იციან, როგორ რეგიონში და როგორი გამოწვევების პირისპირ უხდება ყოფნა დღევანდელ საქართველოს და აბსოლუტური გაგებით შეხვდებიან ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს მოზომილ განცხადება-პოზიციას.

    რაც შეეხება არგუმენტს, რომ საქართველოს ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს ამ ფაქტის აღიარება, სხვა პირობებში, როდესაც ან ტრამპი წამოაყენებს ამ პრობლემის გადაჭრის რაიმე ახალ კონკრეტულ გეგმას, ან სიტუაცია თავისით ოდნავ განელდება, მაშინ, რასკვირველია, საქართველოს მთავრობა მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც არსებული მომენტის ადეკვატური იქნება, ამას მოითხოვს დიპლომატია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved