სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გიორგი გაჩეჩილაძე
    04.12.2017

     რამდენიმე დღის წინ ვაშინგტონში გამართულ სასამართლო პროცესზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა მაიკლ ფლინმა დანაშაული ოფიციალურად აღიარა და განაცხადა, რომ ტრამპის, მისი ოჯახისა და თეთრი სახლის თანამშრომლების წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად მზადაა. გამოცემა "ნიუ-იორკ თაიმსის" მტკიცებით, ფლინი მზადაა, მოიყვანოს უტყუარი ფაქტები, რომ ჯერ კიდევ კანდიდატობის პერიოდში დონალდ ტრამპმა მას რუსეთთან კონტაქტების დამყარება დაავალა.

    ამერიკელი პოლიტიკური მიმომხილველების აზრით, ფლინის აღიარებითი ჩვენება შეიძლება აშშ-ის ამჟამინდელი პირველი პირის იმპიჩმენტის დაწყების საბაბად იქცეს.

    ვინ არის მაიკლ ფლინი და რაში მდგომარეობს მისი დანაშაული? აშშ-ის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებამდე 58 წლის გენერალი ფლინი აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურში მუშაობდა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2016 წლის 18 ნოემბერს, დონალდ ტრამპმა ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თავის მრჩევლად დანიშნა. ახალ თანამდებობაზე 2017 წლის 14 თებერვლამდე იმუშავა, რის შემდეგაც გადადგომა მოუწია. სამსახურის დატოვების ოფიციალური მიზეზი რუსეთის ელჩ სერგეი კისლიაკთან სატელეფონო საუბარი გახდა, რის შესახებაც ტრამპის ადმინისტრაციისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია.

    მიმდინარე წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ 2016 წლის დეკემბრის დასაწყისში ფლინი რუსეთის ელჩ სერგეი კისლიაკს ესაუბრა. ამასთან დაკავშირებით ტრამპის იმდროინდელი მრჩეველი "ეფ-ბი-აიმ" დაკითხა. ფლინმა საუბარი დაადასტურა, მაგრამ კატეგორიულად უარყო, რომ ის რუსეთ-ამერიკის ურთიერთობასა და რუსეთის მიმართ განსახორციელებელ სანქციებს ეხებოდა.

    დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე გამოცემამ "ვაშინგტონ პოსტი" გამოაქვეყნა მტკიცებულებები, რომ 2016 წლის 29 დეკემბერს, ბარაკ ობამას მიერ რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციების დაწესებისას, აშშ-ის სპეცსამსახურებმა ჩაიწერეს სატელეფონო საუბარი აშშ-ში რუსეთის ელჩსა და მაიკლ ფლინს შორის. სატელეფონო საუბარი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ეხებოდა.

    აღმოჩნდა, რომ ფლინი იტყუებოდა. ტრამპის მრჩეველმა რუსულ მხარეს მტკიცე გარანტიები მისცა, რომ ბარაკ ობამას მიერ დაწესებულ მკაცრ სანქციებს აშშ-ის ახალი პრეზიდენტი უახლოეს მომავალში ჯერ შეარბილებდა, შემდეგ კი გააუქმებდა. ამის საპასუხოდ ფლინმა კისლიაკს მოსთხოვა, რომ რუსებს ამ სანქციების შესახებ საერთაშორისო ხმაური არ გამოეწვიათ და მოვლენების განვითარებას მშვიდად დალოდებოდნენ. სწორედ ეს პუბლიკაცია გახდა ფლინის გადადგომის მიზეზი.

    მიმდინარე წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ მაიკლ ფლინი სხვადასხვა დროს რუსული კომპანიებისაგან განსაზღვრულ ჰონორარებს იღებდა. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ჯერ კიდევ 2015 წელს მან "რაშა თუდეისგან" 45 ათასი დოლარი მიიღო. ასევე, ის გარკვეულ თანხებს რუსულ ავიაგადამზიდ "ვოლგა-დნეპრთან" და ამერიკულ კომპანია "კასპერის ლაბორატორიასთან" თანამშრომლობის სანაცვლოდაც იღებდა. მიმდინარე წლის თებერვალში, გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, ფლინმა საკუთარი ფინანსური შემოსავლები წარადგინა, სადაც ეს თანხები მოყვანილი არ იყო.

    საინტერესოა ერთი ფაქტიც - მაიკლ ფლინი საპატიო სტუმრის რანგში მიწვეული გახლდათ ტელეკომპანია "რაშა თუდეის" იუბილეზე და ოფიციალური ბანკეტის მიმდინარეობისას მაგიდასთან ვლადიმირ პუტინის გვერდით აღმოჩნდა.

    აშშ-ის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ არჩევნებში რუსეთი აქტიურად ჩაერია და მის საბოლოო შედეგებზეც იმოქმედა. პირველად ამის შესახებ გამოცემა "ვაშინგტონ პოსტმა" აიმაღლა ხმა. ამის საპასუხოდ მიმდინარე წლის დასაწყისში აშშ-ის სენატში კომისია ჩამოყალიბდა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა სპეციალური პროკურორი რობერტ მიულერი.

    გამოცემა "უოლ სთრით ჯოურნალის" მტკიცებით, მიულერის კომისიის ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი მაიკლ ფლინი აღმოჩნდა. მიმდინარე წლის მაისში ის დათანხმდა, რომ გამოძიებისათვის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევის შესახებ შესაბამისი მტკიცებულებები გადაეცა. ამავე პერიოდში ფლინმა ჩვენების სანაცვლოდ ხელშეუხებლობის იმუნიტეტი მოითხოვა. სენატის დაზვერვის კომიტეტმა ამაზე მას უარი უთხრა.

    მიმდინარე წლის პირველ დეკემბერს ქალაქ ვაშინგტონში პირველი სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მაიკლ ფლინის საქმეს იხილავენ. მას ბრალი "ეფ-ბი-აისთვის" რუსეთის ელჩ სერგეი კისლიაკთან შეხვედრის შესახებ ყალბი ჩვენების მიცემისთვის წაუყენეს. ფლინს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და 9,5 ათასდოლარიანი ჯარიმა ელოდება.

    ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა მზადყოფნა გამოხატა, სრული სიმართლე ილაპარაკოს და გამოძიებასთან ითანამშრომლოს, ოღონდ კვლავ მოითხოვა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრას. გამოძიება ამ მოთხოვნას დათანხმდა.

    "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, სასამართლოს დარბაზში ფლინი პირველი სენსაციური განცხადებით გმოვიდა. მან აღნიშნა, რომ რუსეთის ელჩს დონალდ ტრამპის უშუალო გარემოცვის თხოვნით დაუკავშირდა და პრეზიდენტი კისლიაკთან საუბრის, ასევე განხილული თემების საქმის კურსში იყო.

    "როიტერის" მტკიცებით, დავალებებს ფლინს დონალდ ტრამპის უფროსი მრჩეველი, ამავდროულად მისი სიძე ჯარედ კუშნერი აძლევდა. სწორედ მისი თხოვნისა თუ ბრძანების თანახმად დაუკავშირდა ფლინი კისლიაკს და აღუთქვა, რომ მომავალში ტრამპი რუსეთის მიმართ სანქციებს აუცილებლად შეარბილებდა.

    ამავე გამოცემის ხელთ არსებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 16 ნოემბერს ფლინმა წერილი გაუგზავნა აშშ-ის ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელ ალექს კოპსონს და აღუთქვა, რომ მომავალში ტრამპი შეეცდებოდა რუსეთთან ურთიერთობის სტაბილიზაციასა და ყოველგვარი სანქციების გაუქმებას. "როიტერის" ჟურნალისტების აზრით, ეს წერილი ფლინმა ტრამპის გარემოცვის თხოვნით შეადგინა.

    "ბი-ბი-სის" მტკიცებით, მაიკლ ფლინის "საქმე" დონალდ ტრამპს ძალიან აზარალებს. მიმდინარე წლის დასაწყისში ტრამპი "ეფ-ბი-აის" დირექტორ ჯეიმს კომისაგან ფლინის საქმის დახურვასა და შეწყვეტას მოითხოვდა. როდესაც საწადელს ვერ მიაღწია, კომი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

    ამავდროულად ნათელი ხდება, რომ თავის დროზე ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი პოლ მანაფორტი და საგარეო საქმეთა მრჩეველი ჯორჯ პაპადოპულოსიც ტყუოდნენ, როდესაც რუსულ მხარესთან კონტაქტებს უარყოფდნენ.

    "ნიუ-იორკ თაიმსის" აზრით, მაიკლ ფლინის საქმემ, შესაძლოა, თვით დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი დააყენოს. მოვლენები იმ გზით მიდის, რომ თანდათან ნათელი ხდება - რუსეთი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მართლა ჩაერია და ტრამპის გასამარჯვებლად ყველა არაკანონიერი გზა გამოიყენა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter