სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ხუთი დეკემბერი - რუსეთის ყოფნა-არყოფნის საბოლოო თარიღი
    გიორგი გაჩეჩილაძე
    30.11.2017

     მიმდინარე წლის 5 დეკემბერს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი რუსეთის ოლიმპიური ნაკრების სამხრეთკორეულ პიონჩანგში გამოსვლის საკითხზე საბოლოო დადგენილებას მიიღებს. სხდომა ლოზანაში გაიმართება და სოკ-ის პრეზიდენტი თომას ბახი უხელმძღვანელებს.

    რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა გამოცემა "მეილ ონ სანდიმ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ, დიდი ალბათობით, რუსეთს მომავალი ზამთრის ოლიმპიური თამაშების გამოტოვება მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგორი როდჩენკოვი ოფიციალურად ახალ მტკიცებულებებს წარმოადგენს, რომ რუსეთში მართლაც არსებობდა დოპინგის მხარდაჭერის სახელმწიფო სისტემა.

    ვინ არის გრიგორი როდჩენკოვი და რა წვლილი მიუძღვის ბოლო თვეების განმავლობაში მსოფლიო ოლიმპიურ მოძრაობაში აგორებულ ახალ სადოპინგო სკანდალში?

    როდჩენკოვი 2006-2015 წლებში სათავეში ედგა რუსეთის ანტისადოპინგო ლაბორატორიას, 2016 წლის იანვარში კი დატოვა რუსეთი და თავი შეაფარა აშშ-ს. მან სწორედ ოკეანისგაღმა გააკეთა ხმაურიანი განცხადება რუსეთის სპორტში დოპინგის გამოყენების სახელმწიფო სისტემის არსებობის შესახებ, რის შემდეგაც ყველაზე მასშტაბური დოპინგ-სკანდალი აგორდა. 2016 წლის 12 მაისს, გამოცემა "ნიუ იორკ თაიმსში" გამოქვეყნებული მისი ინტერვიუ მსოფლიო სენსაცია აღმოჩნდა.

    როდჩენკოვის მტკიცებით, 2014 წლის სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე რუსი სპორტსმენები დოპინგს აქტიურად იყენებდნენ, კვალის დაფარვაში კი რუსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. შემუშავებული გახლდათ სპეციალური სქემა, რომლის მიხედვითაც დოპინგ-კონტროლზე აღებული რუსი მედალოსნების სინჯები "წარმატებით" იცვლებოდა. როდჩენკოვის მტკიცებით, ლაბორატორიის კედელში საგანგებოდ გაკეთებული ხვრელის მეშვეობით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის აგენტებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა რუსი ოლიმპიელების დოპინგ-სინჯების შეცვლაში.

    როდჩენკოვის განცხადებების საფუძველზე, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა თხოვნით მიმართა მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (ცფვფ), გამოეძიებია ეს წამოყენებული ბრალდებები. პარალელურად, აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ასევე დაიწყო გამოძიება რუსეთის სამთავრობო ჩინოვნიკების, სპორტსმენების, მწვრთნელებისა და ანტისადოპინგო ორგანოების წინააღმდეგ.

    2016 წლის 18 ივლისსა და 9 დეკემბერს ორ ნაწილად გამოქვეყნებულ ცფვფ-ს დამოუკიდებელი, ე.წ. მაკლარენის კომისიის დასკვნაში დადასტურებულია რუსეთში დოპინგ-სინჯებით მანიპულირების სისტემის არსებობა, რომელშიც ჩართული იყო ათასამდე სპორტსმენი. მაკლარენის კომისიის ამ ბრალდებას რუსეთი დღემდე უარყოფს.

    სოკ-მა ცფვფ-ს კომისიის მოხსენებაში მოყვანილი ინფორმაციის დამატებით შესასწავლად და სოჭის ოლიმპიადაში მონაწილე რუსი სპორტსმენების დოპინგ-სინჯების გადასამოწმებლად თავად შექმნა ორი კომისია, რომელთა საბოლოო ანგარიში მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა გამოქვეყნდეს.

    თავად როდჩენკოვი რუსეთში სახელმწიფო მტრად გამოაცხადეს. ამ თემას გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც. მისი განცხადებით, მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში, როდჩენკოვს "რუსეთში ჩამოჰქონდა ყველანაირი საზიზღრობა" და "ეს პირად ბიზნესად აქცია". რუსეთის პროკურატურაში კი გაქცეული როდჩენკოვის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და მას დაუსწრებლად ათწლიანი პატიმრობა მიესაჯა.

    ორი თვის წინ აშშ-ში მყოფმა როდჩენკოვმა მსოფლიო ოლიმპიური მოძრაობის ხელმძღვანელობას კიდევ ერთხელ მიმართა და პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიური თამაშებიდან რუსეთის სპორტული დელეგაციის მოკვეთა მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ახალი ბრალდებების გამოქვეყნებით დაიმუქრა. იმავე დღეებში, ამერიკის შეერთებული შტატების ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა სკოტ ბლეკმუნმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მოქმედებისკენ მოუწოდა და რუსეთის წინააღმდეგ დოპინგის საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაუყოვნებლივ რეაგირება მოითხოვა.

    როდჩენკოვის ახალმა გააქტიურებამ რუსეთის დიდი გაღიზიანება გამოიწვია. გამოცემა "სპორტ-ექსპრესის" მტკიცებით, ამ ქვეყნის სპორტის მინისტრმა პაველ კოლობკოვმა გრიგორი როდჩენკოვის დახვრეტა მოითხოვა, ცნობილმა რუსმა მძლეოსანმა ელენე ისინბაევამ კი მსოფლიო ანტისადოპინგო საერთაშორისო კომისიის წარმომადგენლები რუსეთის წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულა.

    მიმდინარე წლის ნოემბრის დასაწყისში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის კომისიამ, დენის ოსვალდის ხელმძღვანელობით, რუს მოთხილამურეებზე პირველი ვერდიქტი გამოიტანა, რომელიც სერიოზულად აზარალებს რუსეთის ნაკრების შედეგებს 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე.

    კერძოდ, თხილამურებით მორბენლები - ალექსანდრ ლეგკოვი და ევგენი ბელოვი დამნაშავედ ცნეს ანტისადოპინგო წესების დარღვევაში და მათ მიმართ მკაცრი სანქციები გამოიტანეს. მათ სამუდამო დისკვალიფიკაცია მიენიჭათ. მოგვიანებით, მიმდინარე წლის 9 ნოემბერს ოლიმპიურ თამაშებში სამუდამო დისკვალიფიკაცია კიდევ ოთხ რუს მოთხილამურეს მიენიჭა. რამდენიმე დღის წინ კი მათ რიგებს რუსი სკელეტონისტები ალექსანდრ ტრეტიაკოვი და ელენა ნიკიტინა, ბობსლეისტები ალექსანდრ ზუბკოვი და ოლგა სტულნევა, აგრეთვე მოციგურავეები ოლგა ფატკულინა და ალექსანდრ რუმიანცევი, სკელეტონისტი სერგეი ჩუდინოვი, ბობსლეისტები დმიტრი ტრუნენკოვი და ალექსეი ნეგოდაილო, ბიატლონისტები იანა რომანოვა და ოლგა ვილუხუნა შეუერთდნენ.

    საერთო ჯამში, რუსეთმა სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის სამი ოქრო, ექვსი ვერცხლი და ორი ბრინჯაო დაკარგა. სოჭის ოლიმპიური თამაშების საერთო ჩათვლაში რუსეთმა პირველიდან მეოთხე ადგილამდე ჩამოინაცვლა.

    მიმდინარე წლის 16 ნოემბერს მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს დამფუძნებელთა საბჭომ უარი თქვა რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს აღიარებაზე, მიიჩნია რა, რომ რუსული ორგანიზაცია არ შეესაბამება საერთაშორისო კოდექსს, რადგან რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტომ დღემდე არ აღიარა რუსეთში სახელმწიფო დონეზე სადოპინგო სისტემის არსებობა და არ წარმოადგინა იმ სინჯებზე წვდომის ნებართვა, რომლებიც მოსკოვის ლაბორატორიაში ინახება.

    რუსეთის ოლიმპიურ თამაშებზე დაშვების საკითხი ჯერ კიდევ ღიად რჩება. მიმდინარე წლის 5 დეკემბრამდე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებმა, შვეიცარიის ყოფილ პრეზიდენტ სამუელ შმიდისა და სოკ-ის წევრ დენის ოსვალდის ხელმძღვანელობით, შექმნილი კომისიების საბოლოო დასკვნა უნდა მოისმინონ.

    რამდენიმე დღის წინ გამოცემა "ნიუ-იორკ თაიმსმა" გაავრცელა ცნობა, რომ 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი რუსეთის ჰიმნს აკრძალავს. მართალია, რუსეთის ოლიმპიურ თამაშებზე დაშვების საკითხი ჯერჯერობით ღიად რჩება, მაგრამ, თუ ამ ქვეყანამ პიონჩანგში მაინც იასპარეზა, მკაცრი სანქციების გავლა მოუწევს. ჰიმნის არაჟღერების გარდა, შეიძლება, ამ ქვეყნის დელეგაცია ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე არ დაუშვან.

    რუსეთის საბოლოო ბედი მიმდინარე წლის 5 დეკემბერს გადაწყდება. გამოცემა "ვაშინგტონ პოსტის" მტკიცებით, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი იმყოფება. ერთი მხრივ, არსებული მასალებისა და მტკიცებულობების მიხედვით, რუსეთს ოლიმპიური თამაშებიმგან მოკვეთა ელის; მეორე მხრივ, ბახს ჩინებული ურთიერთობა გააჩნია იმავე ვლადიმერ პუტინსა და სხვა რუს მაღალჩინოსნებთან. ამ მიზეზის გამო სოკ-ის პრეზიდენტს მათი განაწყენება და გადაკიდება არ სურს.

    ყველაფერი მაინც ხუთ დეკემბრერს გადაწყდება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter