"საჭიროა კონტროლის დაწესება საზღვრებზე და რადიკალიზებული უცხოელების გაგდება"
ნინო ქეთელაური
24.03.2017

 ლონდონში მომხდარი ტერაქტი გვიჩვენებს, რომ საჭიროა კონტროლის დაწესება ეროვნულ საზღვრებზე და რადიკალიზებული უცხოელების გაგდება, - ეს განცხადება საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატს მარინ ლე პენს ეკუთვნის, რომელსაც მსოფლიო ლიდერების ნაწილიც იზიარებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, რომ ლონდონში 22 მარტს მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, დაშავებული კი 40-მდე ადამიანია.

ლონდონის საქალაქო პოლიციის სკოტლანდ იარდის განცხადებით, პირი, რომელმაც გუშინ ტერაქტი განახორციელა, მარტო მოქმედებდა. მათივე ცნობით, ტერაქტთან დაკავშირებით ჩხრეკა ექვს მისამართზე ჩაატარა და შვიდი პირია დაკავებული.

თავდაპირველად გამოცემა "ინდეფენდენთმა" გაავრცელა ინფორამცია, რომ ტერაქტი აბუ იზადინმა ჩაიდინა, რომელმაც ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობის ბრალდებით გარკვეული პერიოდი ციხეში უკვე გაატარა.

მათივე ცნობით, ლონდონის ტერაქტი გასული წლის ბრიუსელის ტერაქტის თარიღს დაემთხვა, რომელზეც პასუხისმგებლობა მაშინ ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. აეროპორტსა და მეტროპოლიტენში აფეთქებას მაშინ 35 ადამიანი ემსხვერპლა.

თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ პირი აღნიშნული სახელითა და გვარით ციხეში ზის, შესაბამისად, მას არ შეეძლო ტერაქტის განხორციელება. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით კი, ტერორიზმის შემსრულებელი ბრიტანეთის მოქალაქე იყო.

მსოფლიო ტერორიზმის ახალი ფორმის წინაშე დგას, როდესაც ტერორისტები მარტო მოქმედებენ - განაცხადა "ეროვნული ფრონტის" ლიდერმა, საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა მარინ ლე პენმა და აღნიშნა, რომ ტერორიზმთან ბრძოლისთვის საჭიროა ყველა ქვეყნების თანამშრომლობა.

ლონდონის მერის სადიქ ხანის განცხადებით, ტერორიზმი ლონდონელებს ვერ შეაშინებს.

"ლონდონი მსოფლიოს დიადი ქალაქია და ჩვენ ერთად ვდგავართ მათ წინაშე, ვისაც სურს ზიანი მოგვაყენოს", - განაცხადა ლონდონის მერმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ კი აღნიშნა, რომ ტერორისტული აქტის განხორციელების ადგილი შემთხვევითი არ იყო.

"ტერაქტის ადგილი შემთხვევითი არ იყო. ტერორისტებმა დარტყმის განხორციელების ადგილად შეარჩიეს ჩვენი დედაქალაქის შუაგული, სადაც ყველა ეროვნების, რელიგიისა და კულტურის ხალხი ერთად ზეიმობენ თავისუფლების, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების ღირებულებებს", - განაცხადა ტერეზა მეიმ.

მისი თქმით, ბრიტანეთის პარლამენტის ღირებულებები - დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, ყველგან აღტაცებასა და პატივსცემას იწვევს თავისუფალი ხალხის მხრიდან და "ზუსტად ამიტომაც არის ეს სამიზნე მათთვის, ვინც უარყოფს ამ ღირებულებებს".

ლონდონში განხორციელებულ ტერაქტს მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან. ერთ-ერთმა პირველმა ტერეზა მეის აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა დაურეკა. მომხდარი დაგმო ფრანსუა ოლანდმაც, ისევე როგორც ანგელა მერკელმა და იაპონიის პრემიერმა შინზო აბემ, რომლებმაც მსოფლიოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებისკენ მოუწოდეს.

თავის მხრივ, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ მსგავსი შემთხვევები ევროპის სხვა წამყვან სახელმწიფოებშიც განმეორდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×