ნატალია ჯვარიძე
02.05.2024

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ რუსეთის ჯარმა უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური იარაღი, ქლორპიკრინი გამოიყენა. სამხედრო ექსპერტების გარკვეული ნაწილის თქმით, ეს მიუთითებს, რომ რუსები რთულ ვითარებაში არიან ჩავარდნილი და ყველაფერს აკეთებენ უკრაინის ტერიტორიები ხელში ჩასაგდებად.

სახდეპის მტკიცებით, რუსეთმა ქლორპიკრინი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რაც ქიმიური იარაღის კონვენციას არღვევს.

„ასეთი ქიმიკატების გამოყენება არ არის იზოლირებული ინციდენტი და სავარაუდოდ, გამოწვეულია რუსეთის ძალების სურვილით, განდევნონ უკრაინული ძალები დაკავებული პოზიციებიდან და მიაღწიონ ტაქტიკურ უპირატესობებს ბრძოლის ველზე", - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარებს, გამოყენებითი აკუსტიკის კვლევით ინსტიტუტს და თავდაცვის სამინისტროს 48-ე ცენტრალურ კვლევით ინსტიტუტს, რომლებიც ქიმიურ იარაღს ავითარებენ. ასევე დაასანქცირეს ოთხი კომპანია, რომელიც რუსეთის ქიმიურ იარაღების პროგრამაში მონაწილეობს. ამას გარდა სანქციები დაუწესდება 200-მდე ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას, რომლებიც დახმარებას უწევენ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს.

პოლკოვნიკ ლაშა ბერიძის აზრით, ქიმიური იარაღის გამოყენება უდიდესი დარღვევაა და ეს მიუთითებს, რომ რუსები ისეთ რთულ მდგომარეობაში არიან, ყოვლად დაუშვებელ მეთოდებს მიმართავენ.

„ქიმიური იარაღის გამოყენება უდიდესი დარღვევაა, რადგან იგი მასობრივი განადგურების იარაღს მიეკუთვნება. ეს ნივთიერება არის მხუთავი აირი, ქლორზე დამზადებული ნივთიერება. ეს არის ქიმიური იარაღის კონვენციის უხეში დარღვევა. ეს უკვე მიუთითებს იმაზე, რომ რუსები ისეთ რთულ მდგომარეობაში არიან ჩავარდნილი, რაღაც შედეგის მისაღწევად ყოვლად დაუშვებელ მეთოდებს იყენებენ და ძალიან ძნელია თქვა სადამდე მიგვიყვანს ეს, რადგან ფრონტის ხაზზე საკმაოდ უმართავი და ამოუცნობი სიტუაცია იქმნება.

„ბირთვული, ქიმიური და ბაქტერიული იარაღი მასობრივი განადგურების საშუალებებია და აკრძალულია შესაბამისი გაეროს კონვენციის მიერ. რუსები ალბათ უარყოფენ ამას და თუ ეს დადასტურდა ალბათ იმ ქვეყნებს უბიძგებენ, რომ გარკვეული ზომები მიიღონ რუსეთის წინააღმდეგ, რომლებსაც აქამდე ნაბიჯი არ გადაუდგიათ.

„რუსეთმა ძალიან კარგად იცის, რომ უკრაინის ფრონტის თავდაცვის ხაზი ძალიან შესუსტებულია, მათ არა აქვთ საკმაო რაოდენობის იარაღი და საბრძოლო მასალა, ამიტომ მაქსიმალურად ცდილობს ტერიტორიების დაკავებას. მაქსიმუმს კი მიაღწევს იმ პერიოდში, სანამ უკრაინა სრულფასოვანი დახმარების პაკეტს მიიღებს. სამწუხაროდ, დახმარების შეფერხებამ უკრაინის თავდაცვაში ბზარები გააჩინა და ამით რუსეთმა ისარგებლა," - განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".

სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას აზრით კი შესაძლოა ახლა პირიქით უკრაინელებმა გამოიყენონ ქიმიური იარაღი. მისივე თქმით, აუცილებელია სანქციების დადება როგორც რუსეთზე, ასევე ჩინეთზე.

„ეს რუსეთია და მისგან არ არის გასაკვირი, რომ ის საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს, არ აქვს მნიშვნელობა როგორი ტიპის საომარი იარაღით აწარმოებს საბრძოლო მოქმედებებს. რუსეთს ყველაფერი აქვთ იმისათვის, რომ ასეთი ქმედებები განახორციელოს.

„დიდი ალბათობით მსგავს აკრძალულ იარაღს უკრაინელებიც გამოიყენებენ და ამით მოხდება მასიური განადგურების იარაღების კომპონენტების გამოყენება საბრძოლო მოქმედებების პერიოდში. თუ რუსებმა გამოიყენეს, რატომ არ შეუძლიათ უკრაინელებმაც გამოიყენონ?! არ ვიცი ქიმიურ იარაღს ფლობენ თუ არა, თუმცა შეიძლება მათაც მოიპოვონ. რა თქმა უნდა, აუცილებელია როგორც რუსეთს დაუწესებენ სანქციებს, ასევე ჩინეთსაც," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×