ელზა პაპოშვილი
01.05.2024

უკრაინის თითქმის მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთი საჰაერო თავდასხმებს არ წყვეტს. ოკუპანტები ინტენსიურად ბობმავენ ენერგო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელნესკი პარტნიორებისგან სასწრაფოდ საჰაერო თავდაცვითი საშუალებების მიწოდებას ითხოვს. "სასწრაფოდ გვჭირდება Patriot-ის სისტემები და რაკეტები", - ამბობს პრეზიდენტი. მისი თქმით, რუსეთმა ფრონტის ხაზზე საბრძოლო ინიციატივა ხელში აიღეს, რადგან უკვე 6 თვეა ისინი ამერიკისგან დახმარებას ელოდნენ. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები. „10:00 საათზე რუსებმა ბოგოდუხოვსკის რაიონში, ზოლოჩოვში, ავტომობილს და კერძო სახლს დაარტყეს. დაბომბვის შედეგად ავტომობილში მყოფი ორი პირი დაიღუპა“, - განაცხადა ოლეგ სინეგუბოვმა. ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, ხარკოვის ოლქის დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 11 წლის ბიჭი.  

რუსეთმა წუხელ ოდესას ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა, რის შედეგადაც, მინიმუმ, სამი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს. „თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, დაზარალებულებს ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ“, - წერს კიპერი „ტელეგრამ“ არხზე.

მისი ინფორმაციით, დაფიქსირდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანება.

„გულწრფელად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველას, სასწრაფოდ რეაგირება მოახდინონ საჰაერო თავდასხმის მაუწყებელ განგაშის სიგნალზე“, - აცხადებს კიპერი.    

Reuters-ის ცნობით, გაეროს ექსპერტებმა გაეროს უშიშროების საბჭოს ანგარიში გაუგზავნეს, რომელიც ადასტურებს ჩრდილოეთ კორეის წარმოების ბალისტიკური რაკეტების გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ. ჟურნალისტები, რომლებიც გაეცნენ ანგარიშს ტექსტს წერენ, რომ საუბარია მიმდინარე წლის 2 იანვარს, ხარკოვში Hwasong-11 ტიპის რაკეტის გამოყენებაზე. 

ექსპერტები წერენ, რომ დამოუკიდებელი წყაროებით ვერ დაადასტურეს ზუსტად საიდან გაუშვეს რაკეტა და ვინ გააკეთა ეს, თუმცა, უკრაინის ხელისუფლებამ მათი მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ვარაუდობს, რომ რაკეტა რუსეთიდან გაუშვეს.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თუ დადასტურდება ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში რაკეტების გაგზავნა, ეს იქნება 2006 წელს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ფხენიანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა ბირთვული პროგრამის შემუშავებისა და ბალისტიკური რაკეტების წარმოებისთვის.

აშშ-ის ხელისუფლებამ პირველმა განაცხადა, რომ რუსეთმა გამოიყენა ჩრდილოეთ კორეის რაკეტები ხარკოვზე თავდასხმების დროს. თებერვალში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასული წლის ბოლოდან რუსმა სამხედროებმა უკრაინაში 20-ზე მეტი ჩრდილოეთ კორეის წარმოების იარაღი გამოიყენეს. დეპარტამენტის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის რაკეტების გამოყენებით თავდასხმების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 24 მშვიდობიანი მოქალაქე და ასზე მეტი დაშავდა.  

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამშტაინის ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის მონაწილეებს დისტანციურად მიმართა და განაცხადა, რომ გადაუდებელ საჭიროებას დღეს უკრაინელი მებრძოლებისთვის Patriot-ის სისტემები წარმოადგენს.

"მიუხედავად იმისა, რომ 6 თვის განმავლობაში, ვიდრე ჩვენ ველოდით ამერიკის დახმარების შესახებ გადაწყვეტილებას, რუსეთის არმიამ მოახერხა ინიციატივის ხელში ჩაგდება ბრძოლის ველზე, ჩვენ მაინც შეგვიძლია არამხოლოდ ფრონტის სტაბილიზაცია, არამედ წინსვლა, უკრაინის მიზნების მიღწევა. 

„პირველ რიგში, საჭიროა შორი მოქმედების იარაღი, რომ ოკუპირებული ტერიტორიის არცერთი კუთხე არ იყოს უსაფრთხო ადგილი ოკუპანტისთვის. წელს რუსულმა თვითმფრინავებმა უკვე გამოიყენეს 9 ათასზე მეტი მართვადი ავიაბომბი უკრაინის წინააღმდეგ. 

„ჩვენ გვჭირდება შესაძლებლობები, რომ ჩამოვაგდოთ მათი საბრძოლო თვითმფრინავები, რათა ვერ მიუახლოვდნენ ჩვენს პოზიციებს და საზღვრებს. ეს შესაძლებელია. ისევე, როგორც შესაძლებელია უკრაინის ქალაქების დაცვა რუსული რაკეტებისგან. ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება Patriot-ის სისტემები და რაკეტები. უკრაინას სჭირდება, სულ მცირე, 7 ასეთი სისტემა. თქვენ გაქვთ ეს სისტემები და მათ ნამდვილად შეუძლიათ ვითარების უკეთესობისკენ შეცვლა," - თქვა ზელენსკიმ.   

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი პარტნიორებს მოუწოდებს, უკრაინას Patriot-ის საზენიტო სარაკეტო სისტემები გადასცენ.

„როგორც მოგეხსენებათ, ყოველთვიურად ვიკრიბებით დაახლოებით 50 ქვეყანა, რათა განვიხილოთ, როგორ გავაგრძელოთ უკრაინისთვის უსაფრთხოების სფეროში მასშტაბური და სწრაფი დახმარების უზრუნველყოფა. საჰაერო თავდაცვა დიდი ხანია არის ერთ-ერთი, რასაც ჩვენ ხაზს ვუსვამდით. არის ქვეყნები, რომლებსაც აქვთ Patriot-ები და ამიტომ, გავაგრძელებთ ამ ქვეყნების მოზიდვას, მოვუწოდებთ რა მათ უკრაინისთვის მეტი შესაძლებლობები უზრუნველყონ“, - აღნიშნა მინისტრმა ოსტინმა.

მისი თქმით, უკრაინელ კოლეგას, რუსტემ უმეროვს ყოველდღიურად ესაუბრება. „მან ზუსტად იცის, რას ვაკეთებთ, როგორ ვიზიდავთ სხვა ქვეყნებს, ვეძებთ დამატებით შესაძლებლობებს მთელს მსოფლიოში“, - აღნიშნა ოსტინმა. 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ - მაიორი ვახტანგ კაპანაძე მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ამჟამად რუსებს აქვთ ტაქტიკური ინიციატივა. გენერალი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ისინი  შეტევაზე არიან გადასული, მაგრამ, მათი წინსვლა ძალიან ნელია. 

„რა თქმა უნდა, ახლა უკრაინას სასწრაფოდ დახმარება სჭირდება, რადგან საბრძოლო მასალების დიდი დეფიციტი აქვს როგორც წინა ხაზზე, ასევე აკლია ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები. ეს კი ძალიან კარგად ჩანს, რადგან ბოლო დროს რუსეთი სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ანადგურებს და საჰაერო თავდასხმებს აძლიერებს. 

„მიუხედავად ამისა, რუსებს უკრაინის სიღრმეში ტაქტიკური წინსვლა არ ექნებათ. სამწუხაროდ, საბრძოლო მასალის ნაკლებობა უკრაინაში დიდ ადამიანურ მსხვერპლს იწვევს. საფიქრალია ასევე ისიც, რომ რუსეთის სტრატეგიას ცვლის, რომელიც მიმართულია არა საბრძოლო შესაძლებლობის, არამედ მოსახლეობის ნების გამოფიტვისკენ. ამიტომ არის გახშირებული სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმები. მათ კარგად იციან, რომ უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები საკმარისი არა აქვთ და სადაც სუსტი წეტილი აქვთ იქ ურტყამენ“,-ამბობს კაპანაძე. 

მისივე თქმით, პუტინმა ე.წ. სანიტარიული ზონის შექმნა გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ  შეიქმნება სრულიად განადგურებული ბუფერი იმ ტერიტორიაზე, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, და იმ ზოლში, რომელიც მიჰყვება ფრონტის ხაზს. 

„რუსები რა თქმა უნდა, არ აღიარებენ, რომ სამოქალაქო ობიექტებს ურტყამენ. ისინი ამბობენ, რომ საჰაერო დარტყმებს აყენებენ უშუალოდ უკრაინის სამხედრო დემილიტარიზაციისა და პოტენციალის განადგურებისთვის. თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან  სამხედრო პოტენციალი ახლა უკრაინაში ნაკლებად არის. სამხედრო საშუალებების შემოტანა თუ რემონტი, ძირითადად, დასავლეთის ქვეყნებიდან ხდება. 

„ეს ძალიან კარგად იციან, მაგრამ ამით ფუთავენ იმას, რომ დარტყმებს სამოქალაქო ობიექტებზე ახორციელებენ. ამით მოსახლეობის გატეხვა უნდათ. სამწუხაროდ მოსახლეობაში ომისგან გადაღლა უკვე იგრძნობა, მაგრამ ის, რომ ხალხმა ხელისუფლებას მოსთხოვოს მოლაპარაკება დაიწყოს რუსეთთან, დათანხმდნენ სტატუს-კვოს შენარჩუნებას, აქამდე ჯერ სიტუაცია არ არის მისული. პუტინამ იცის, რომ დრო მასზე მუშაობს, ამიტომ ხალხის გატეხვით ცინიკურად ცდილობს ამ ომის ბედის შემოტრიალებას“,-ამბობს კაპანაძე. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×