ელზა პაპოშვილი
29.04.2024

რუსეთი ბოლო რამდენიმე კვირაა, უკრაინის ენერგოსისტემებს მასიურად უტევს. ოკუპანტებმა, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე უკრაინის სამ ოლქში მიიტანეს დარტყმები. რუსული ძალები თავს დაესხნენ დნეპროპეტროვსკის, ივანო-ფრანკოვსკისა და ლვოვის ოლქების ენერგოობიექტებს. რუსეთმა მნიშვნელოვნად დააზიანა ოთხი თბოელექტროსადგური.

ამის პარალელურად კი, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ გვიან ღამით, უკრაინამ რუსეთის მიმართულებით ერთ-ერთ ნავთობბაზაზე დრონები გაუშვა. მოსკოვში ამბობენ, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა უკრაინის მიერ გაშვებული 17 დრონი ჩამოაგდეს, რომელთა სამიზნეც, "კალუგის" ოლქში მდებარე ნავთობის ბაზა იყო. რუსული მხარის ცნობით, უკრაინიდან გაშვებული დრონებიდან ცხრა "ბრიანსკის" ოლქში ჩამოაგდეს, სამი - კურსკის ოლქში, ხოლო ორი - ბელგოროდის ოლქში.

ბოლო 24 საათში უკრაინის ტერიტორიაზე 88 საბრძოლო შეტაკება მოხდა. რუსულმა ჯარებმა 32 სარაკეტო და 64 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. დაიბომბა სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ხერსონის და მიკოლაევის დასახლებები, არიან დაშავებულებიც.  

უკრაინა კი უპრეცედენტო დახმარების მოლოდინშია. აშშ კონგრესმა დახმარების 61 მილიარდიანი პაკეტი უკრაინისთვის 6-თვიანი ლოდინის შემდეგ დაამტკიცა. უკვე ცნობილია ისიც, რომ პენტაგონი უკრაინას 6 მილიარდი დოლარის ღირებულების - საჰაერო თავდაცვით სისტემებს, დრონ-საწინააღმდეგო დანადგარებს და სხვა საჭირო შეიარაღებასთან ერთად საარტილერიო-საბრძოლო მასალებს გადასცემს.

უკრაინაში შეიარაღების ჩასვლას დრო სჭირდება, თუმცა, მას უკრაინისთვის მნიშვნელოვანი წინსვლის მოტანა შეუძლია. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უკრაინას უწევდა საბრძოლო მასალის დაზოგვა, რამაც აღმოსავლეთით გარკვეული ტერიტორიის დაკარგვა გამოიწვია, მათ შორის ქალაქი ავდიივკის.

რუსულ ძალებზე გასამკლავებლად და დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად, უკრაინა ახლა ამერიკის დახმარებას ელის, რომელიც კიევში რამდენიმე კვირაში ჩავა.     

უკრაინის მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის განცხადებით, რუსეთის თავდასხმების ფონზე ფრონტის ხაზზე ვითარება გაუარესდა. მისი ინფორმაციით, უკრაინული ძალები დონეცკში გარკვეული პოზიციებიდან გაიყვანეს. მისი განმარტებით, ბრძოლების დიდი ნაწილი მიმდინარეობს ჩასივ იართან, რომლის აღებასაც რუსეთი ავდიივკას დაპყრობის შემდეგ ცდილობს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ფრონტზე არსებული ზოგადი მდგომარეობის შეფასებისას განაცხადა: „სიტუაცია ფრონტზე გაუარესდა. სტრატეგიული ინიციატივის ხელში ჩაგდებისა და ფრონტის ხაზის გარღვევის მცდელობისას მტერმა თავისი ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირება მოახდინა რამდენიმე მიმართულებით, შექმნა რა ძალებითა და საშუალებებით მნიშვნელოვანი უპირატესობა. ის აქტიურად უტევს ფრონტის მთელ ხაზს და ზოგიერთ მიმართულებით ტაქტიკური წარმატებები აქვს “, - აღნიშნა სირსკიმ.

მისი თქმით, დაძაბულობა არ ცხრება სამხრეთით, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, სადაც რუსული ჯარები ცდილობენ წინსვლას, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევენ.     

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევს მინიმუმ შვიდი საზენიტო - სარაკეტო სისტემა Patriot სჭირდება - „უკრაინას სჭირდება შვიდი სისტემა და ეს არის მინიმალური. ჩვენს პარტნიორებს აქვთ ეს "პატრიოტები", - თქვა მან საღამოს მიმართვაში.

უკრაინის არმიას უკვე აქვს რამდენიმე პატრიოტის სისტემა, რომელსაც დასავლელი  მოკავშირეები აწვდიდნენ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან. უახლოეს მომავალში ქვეყანაში კიდევ ერთი გერმანიიდან ჩავა.

Financial Times-ის ცნობით, საბერძნეთსა და ესპანეთს ევროკავშირისა და ნატოს მოკავშირეები ინტენსიურად მოუწოდებენ, რათა უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცენ.  

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე კვლავ ფიქრობს, რომ უკრაინაში ომი კარგა ხანს გაგრძელდება. მისი თქმით, ამ ეტაპზე  წინსვლას ვერცერთი მხარე ვერ ახერხებს. პოლკოვნიკი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ სამხრეთის მიმართულებაზე ­ უკრაინის მხარეს არის უპირატესობა, აღმოსავლეთის მიმართულებაზე - რუსეთის, მაგრამ არც ერთს არა აქვს ისეთი უპირატესობა, მნიშვნელოვანი გარღვევა მოახდინოს. 

„სამწუხაროდ უპირატესობა ჯერ არცერთ მხარეს არ არის და ომი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება.დღევანდელი ომი დრონების, რაკეტების არის, რაშიც დიდი პოტენციალი აქვს რუსეთს, მაგრამ უკრაინამაც დაიწყო პასუხის გაცემა. ერთ-ერთი გასაღები, ალბათ, ის არის, რომ უკრაინაში წარმოებულ რაკეტებს წვდომის საკმარისად დიდი მანძილი აქვს და ამას უფრო დახვეწენ. ასევე, ვიცით, რომ ამერიკიდან დახმარებას უკვე მიიღებენ და საჰაერო თავდაცვის კუთხით უფრო გამართულები იქნებიან. 

„ამერიკულ დახმარებას სწორედ ეს უპირატესობა აქვს. უკრაინამ უნდა დაიწყოს რუსეთის დიდი ქალაქების, მოსკოვის, როსტოვის და ა.შ. უფრო ინტენსიური დაბომბვა რაკეტებით. რაც შეეხება ფრონტის ხაზს, შეიძლება უცებ შეიცვალოს რაღაც, შეიძლება სტაგნაცია დიდხანს გაგრძელდეს, ამის წინასწარ პროგნოზირება რთულია. ორივეს საბრძოლო მასალების დეფიციტი აქვს ამ ეტაპზე. განსაკუთრებით, უკრაინას, სანამ ის ამ დახმარებას მიირებს. რუსეთი კი მანამდე დაწოლას კიდევ უფრო ცდილობს. სამწუხაროდ უკრაინას  დამატებითი ცოცხალი ძალაც სჭირდება, რუსეთმა კი უკვე სამჯერ განაახლა“,-ამბოობს ბერიძე. 

მისივე თქმით, სარაკეტო დარტყმებს, დრონულ თავდასხმებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურებზე კრემლი ისევ გააგრძელებს, მაგრამ უკრაინაც ნელ-ნელა უმატებს სარაკეტო დარტყმებს. 

„დასავლეთში გულუბრყვილო არავინ არის, რომ დაეჯერებინათ უკრაინა სწრაფად მოიგებდა ომს. უბრალოდ, ახლა სხვა ფაქტორი გამოჩნდა, ისრაელის ომმა უკრაინის მხარდაჭერა ძალიან შეაფერხა. მიუხედავად ამისა, დასავლეთი უკრაინას იარაღსა და საბრძოლო ინვენტარს მაინც მიაწვდის. მიუხედავად არსებული პრობლემისა, უკრაინის გამარჯვება უმნიშვნელოვანესია, უდიდესი სტრატეგიული საკითხია. უკრაინის მარცხი დიდი კატასტროფა იქნება დასავლეთისთვის, ამიტომ დახმარებას ვერ შეწყვეტენ“,-ამბობს ბერიძე.         

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×