ელზა პაპოშვილი
22.04.2024

წარმომადგენელთა პალატამ რუსული გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციასაც მხარი დაუჭირა. კანონპროექტს ხმა 360-მა კონგრესმენმა მისცა 58-ის წინააღმდეგ. კონგრესის ამ გადაწყვეტილებით შეერთებული შტატების პრეზიდენტს უფლებამოსილება ეძლევა, გამოიყენოს რუსეთის სუვერენული აქტივების კონფისკაციის პროცედურა შესაბამისი სახსრების შემდგომი გადაცემით სპეციალურ ფონდებში, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას მოხმარდება. 

რუსეთი ყველანაირად შეეცდება ფრონტის ხაზზე შეტევითი აქტივობა მანამდე გაზარდოს, სანამ უკრაინა ახალ ამერიკულ დახმარებას მიიღებს, - ამის შესახებ ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი წერს.

ამასთან, როგორც ამერიკელი სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რუსებმა აღმოსავლეთის ფრონტზე მხოლოდ მცირე ტაქტიკურ წარმატებებს მიაღწიეს და ნაკლებად სავარაუდოა, ახლო მომავალში ფრონტის ხაზის გარღვევა შეძლონ.   

რუსეთმა ივნისში, შესაძლოა, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მთელი ტერიტორიის დაკავების მიზნით, მასშტაბური შეტევა დაიწყოს, - ამის შესახებ უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ამის შემდეგ რუსები ფოკუსირდებიან ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებზე და მათ შედეგებზე.

„ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ისინი შეეცდებიან დაიკავონ დონეცკის და ლუგანსკის ოლქების რაც შეიძლება მეტი ტერიტორია“, - განაცხადა ბუდანოვმა The Washington Post-თან ინტერვიუში და დასძინა, რომ რუსეთის ფედერაციას შეუძლია იმედი ჰქონდეს, რომ თუ დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, ის „მათი მიღწევების რატიფიცირებას მოახდენს“.

ბუდანოვის თქმით, უკრაინა გეგმავს ახალ ტრანსსასაზღვრო თავდასხმებს რუსი მოხალისეების მხრიდან, რომლებიც მოქმედებენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მხარდაჭერით. გარდა ამისა, მზადდება ახალი ოპერაციები დრონების გამოყენებით.

"წარვადგინეთ გეგმა, რომელიც მიმართულია რუსეთის შესაძლებლობების შემცირებაზე. ის მოიცავს ბევრ ასპექტს, მაგალითად, სამხედრო ინდუსტრიას, კრიტიკულ სამხედრო სამიზნეებს, მათ აეროდრომებს, მათ სამეთაურო-საკონტროლო პუნქტებს", - განმარტა ბუდანოვმა.

მისი თქმით, მსგავსი თავდასხმების მიზანია იმის ჩვენება, რომ ვლადიმერ პუტინი მოსახლეობას ომის რუსეთის ტერიტორიაზე გადატანისგან ვერ დაიცავს.   

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეერთებული შტატების ახალი დახმარება, რომელიც აშშ-ის კონგრესმა უნდა დაამტკიცოს, უკრაინას გამარჯვების შანსს მისცემს.

”ვფიქრობ, რომ ეს დახმარება ნამდვილად გააძლიერებს შეიარაღებულ ძალებს და ჩვენ გვექნება გამარჯვების შანსი, თუ უკრაინა ნამდვილად მიიღებს იარაღის სისტემას, რომელიც ასე გვჭირდება და რომელიც ასე ძალიან სჭირდება ათასობით ჯარისკაცს,” - განაცხადა ზელენსკიმ ამერიკულ ტელეარხ NBC News-თან ინტერვიუში.

მან იმედი გამოთქვა, რომ სენატი მიმდინარე კვირაში მიიღებს კანონპროექტს, რომელიც შაბათს კონგრესის ქვედა პალატამ დაამტკიცა.

“გვინდა, მივიღოთ ხელშესახები დახმარება ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცებისთვის რაც შეიძლება მალე - არა ექვს თვეში - რათა მათ შეძლონ წინსვლა,” - აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინას განსაკუთრებით სჭირდება შორ მანძილზე მოქმედი იარაღი.

“გვჭირდება შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, რათა ხალხი არ დავკარგოთ ფრონტის ხაზზე, რადგან გვყავს მსხვერპლი. ჩვენი იარაღი არც ისე შორ მანძილზე მოქმედებს. გვჭირდება ეს და საჰაერო თავდაცვა. ეს არის ჩვენი პრიორიტეტები ახლა. ახლა ჩვენ გვაქვს სიტუაციის სტაბილიზაციისა და ინიციატივის აღების შანსი და სწორედ ამიტომ გვჭირდება გვქონდეს იარაღის სისტემები“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.   

უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების ახალი პაკეტი ბრძოლის ველზე ვითარებას პრინციპულად ვერ შეცვლის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პეკსოვმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალები აუმჯობესებენ თავიანთ პოზიციებს და ზოგადი დინამიკა ახლა ყველასთვის აბსოლუტურად გასაგებია.

“პრინციპულად ეს არ შეცვლის სიტუაციას ბრძოლის ველზე… რა თქმა უნდა, გამოყოფილი ფული და ის შეიარაღება, რომლის მიწოდება მოხდება ამ ფულით, არ გამოიწვევს ამ დინამიკის ცვლილებას, ეს გამოიწვევს ახალ მსხვერპლს უკრაინელებს შორის, დაიღუპება მეტი უკრაინელი. უკრაინას დიდი დანაკარგი ექნება“, – განაცხადა პესკოვმა.

ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ გამოყოფილი თანხების დიდი ნაწილი ასე თუ ისე აშშ-ში დარჩება.

“აშშ უფრო მდიდარი გახდება, ის მიიღებს დამატებით დივიდენდებს უკრაინისთვის დახმარებით. პრინციპულად არაფერი შეიცვლება“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.   

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე ამბობს, რომ ძალიან კარგია ამერიკის მხრიდან გადაწყვეტილების მიღება დ უკრაინისთვის გაყინული დახმარების აღდგენა. თუმცა პოლკოვნიკი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ კრემლი გულზე ხელდაკრეფილი არ ზის და მან გაზარდა რესურსი, როგორც შეიარაღების, ასევე ცოცხლი ძალის მხრივ. ამიტომ ის ვარაუდობს, რომ სამწუხაროდ ომი კიდევ დიდ ხანს შესაძლოა გაგრძელდეს და რაიმე დამაიმედებელი პროგნოზის  გაკეთება რთულია. 

„ომის დაწყების დღიდან ამას ვამბობ, რომ რუსეთის დამარცხება უფრო გრძელი, გამოფიტული­ ომით იქნება შესაძლებელი. თუ ომების ისტორიას გადავხედავთ, მალე არც ერთი არ დასრულებულა. სამწუხაროდ რუსეთი მარტო არ არის და გაცილებით დიდი რესურსები აქვს, ვიდრე ნაცისტურ გერმანიას ჰქონდა. რა თქმა უნდა, დასავლეთის კონსოლიდაცია, მეტი პოლიტიკური წნეხი რუსეთზე კარგია და უკრაინას კვლავაც უნდა დაეხმარონ, რადგან ამ ომში დასავლეთიც დამარცხდება და ეს მხოლოდ უკრაინის დამარცხება არ იქნება.  

„ახლა რუსეთის მთავარი მცდელობა ის არის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლი შეინარჩუნოს. უკრაინისთვის კი დამარცხება იქნება, თუ დაკავებულ ტერიტორიებს ვერ დაიბრუნებს. უკრაინისთვის, რაც მეტ დახმარებას მიიღებს, უფრო მეტია შანსი, რომ ომი მალე დამთავრდეს. ამიტომ კარგია ამერიკის მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღება. ფრონტის ხაზზე ამან ბევრი რამ შეიძლება შეცვალოს. თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ რუსეთიც არ არის მარტო და მას  შეიარაღების მხრივ პრობლემები მოგვარებული აქვს“,-ამბობს ბერიძე. 

მისივე თქმით, ახლა ფრონტის ხაზზე მობილიზაციის სახით ორივე მხარეს  პრობლემები აქვს. 

„მართალია რუსეთმა სამჯერ ჩაატარა მობილიზაცია, მაგრამ რუსეთს რა უპირატესობაც აქვს, ის უკრაინას არა აქვს. რუსეთს უკრაინისგან განსხვავებით ყველანაირი მომზდების და შეიარაღების გარშე შეუძლია ომში თავისი მოქალაქეები გაგზავნოს. ესე აგაკეთა რუსეთმა ბახმუტში, ავდეევკაში. ერთი სოფლის დაკავებაშიც კი ძალიან დიდი მსხვერპლი აქვს. 

„არადა, ომში ყველაზე დიდი სიმდიდრე ცოცხალი ძალა, ჯარისკაცია. რუსეთმა თავიდან პროფესიონალი ჯარისკაცები გაუშვა ამ ომში, მაგრამ მათი 85% უკვე განადგურებულია - ეს თამამად შეიძლება ითქვას. ამიტომ რუსეთსაც აქვს მობილიზების პორბლემა და ეს შესაძლოა მალე შიდა აფეთქბადაც იქცეს. ამიტომ არის, რომ პუტინი ფრთხილობს. 

„რაც შეეხება მოლაპარაკებებს და იმას, რომ ამას ზელენსკი დასთანხმდება, ნაკლებად მოველი. მაშინ ამხელა მსხვერპლი გამოვა, რომ უკრაინელმა ხალხმა ფუჭად გაიღო. ეს კი შესაძლოა ქვეყნის შიგნით დიდი დაპირისპირების მიზეზი გახდეს“, - ამბობს ბერიძე.            

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×