ელზა პაპოშვილი
17.04.2024

უკრაინის ფრონტზე სიტუაცია კვლავ დაძაბულია და რუსეთი ქალაქების და დასახლებული პუნქტების დაბომბვას აგრძელებს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი უკვე ღიად ალაპარაკდა იმაზე, რომ ასეთი შეიარაღების პირობებში, როცა ოკუპანტი ქვეყანა მათ ბევრად აღემატება და ერთ ჭურვზე რუსეთის 10 ჭურვი მოდის, ხოლო  ერთ თვითმფრინავზე კი - 30, გამარჯვების შანსები არ არსებობს. ამიტომ ის პარტნიორებისგან სასწრაფოდ დახმარებას ითხოვს.  

რაც შეეხება ვითარებას უშუალოდ ფრონტის ხაზზე - გასულ ღამით ოკუპანტებმა ხერსონის, ბახმუტის, ავდიივკას და ნოვოპავლივკას დასახლებები დაბომბეს. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, მათმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში ცხრა რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს. 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომაზე გაზაფხულისა და ზაფხულისთვის რუსეთის სამხედრო გეგმების შესახებ საგარეო და სამხედრო დაზვერვის ანგარიშები მოისმინა.

„ორი მნიშვნელოვანი სადაზვერვო ანგარიში - საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროს ივაშჩენკოსა და მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროს ბუდანოვისგან - გაზაფხულსა და ზაფხულში რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით. რისთვის უნდა ვიყოთ მზად შესაძლო მტრული ქმედებების ყველა ფორმატში. აშკარაა, რომ კრემლში სიგიჟე კვლავ ძლიერია, ოკუპანტი შეეცდება გააძლიეროს თავდასხმა და შეტევითი მოქმედებები - ჩვენ ვუპასუხებთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

შტაბის სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩასივ-იარისთვის ბრძოლებს, პოკროვსკის და კუპიანსკის მიმართულებით.

შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უახლოეს კვირებში უკრაინის პრიორიტეტი პარტნიორებთან მუშაობისას საჰაერო თავდაცვა და ფრონტის ხაზზე სამხედროებისთვის იარაღის მიწოდების საკითხები იქნება.   

უკრაინისთვის უკვე მილიონზე მეტი ჭურვი ვიპოვეთ, - ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა ვილნიუსში „სამი ზღვის ინიციატივის“ სამიტის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ჩეხეთის მიზანია უკრაინას უმოკლეს ვადებში რაც შეიძლება მეტი საბრძოლო მასალა მიაწოდოს.

ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების მოძიებაზე პრაღის ინიციატივა ერთადერთი არ არის. „ანალოგიურს [ინიციატივას] იმუშავებენ ესტონეთი და დიდი ბრიტანეთი, ამაზე საფრანგეთიც საუბრობდა“, - აღნიშნა პაველმა.

მისი თქმით, უკრაინა საბრძოლო მასალის დიდ რაოდენობას საჭიროებს, ვინაიდან ზაფხულის თვეებში რუსეთის შეტევას ელის. პაველმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მეორეხარისხოვანია, საიდან იქნება საარტილერიო ჭურვები და ვინ დააფინანსებს მათ.   

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან“ ამბობს, რომ რუსეთმა უკრაინასთან მიმართებაში ბრძოლის ტაქტიკა შეცვალა და ის ახლა ძირითადად ქალაქების და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვაზეა კონცეტრირებული. მაისაია  მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი  ის არის, რომ რუსეთი ცდილობს უკრაინის ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება გაჩნდეს და ომით გადაღლილ მოსახლეობას პერეზიდენტ ზელენსკის მიმართ პროტესტი გაუჩნდეს.   

„რა თქამ უნდა, ახლა უკრაინას არა აქვს კარგი სიტუაცია ფრონტის ხაზზე, რადგან შეიარაღების გარეშე მათ ბრძოლა უჭირთ და ეს დასამალი აღარავისთვის არის. იმ ფონზე, როცა ამერიკას ყურით მოთრეული მიზეზით შეჩერებული აქვს უკრაინის დახმარება და „ლენდლიზი 2“-ით გათვალისწინებუ დახმარებას ვერ იღებენ, სიტუაცია მძიმეა. 

„უკრაინელებს ბრძოლის ველზე ტყვია წამლის და სხვა საბრძოლო საშუალებების დაზოგვა უწევთ. მართალია ევროპამ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ აუცილებელია მესამე ქვეყნის დახმარებით იარაღის შეძენა, მაგრამ ეს მხოლოდ ლაპარაკია და რაიმე ქმედითი  ნაბიჯები არ ჩანს. რომც მოხდეს ამ იარაღის მოძიება, მას არა ექნება იმხელა ეფექტი, როგორიც ამერკის დახმარებას. 

„მითუმეტეს საჰაერო თავდაცვით საშუალებებს უკრაინა ამერიკისგან იღებს. სწორედ ეს იყო ზელენსკის პირდაპირი განცახდების მიზეზი და ღია დაიწყო იმაზე საუბარი, რომ დახმარების გარეშე არსებული სიტუცია კიდევ უფრო რთული გახდება“,-ამბობს მაისაია.     

მისივე თქმით, მეორე მსოფლიო ომში სწორედ ამერიკის დახმარებამ განაპირობა ჰიტლერის დამარცხება. რომ არა „ლენდლიზი“, ევროპა  და საბჭოთა კავშირი ჰიტლერის დამარცხებას ვერ შეძლებდა.   

„ევროპას არა აქვს იმხელ სამხედრო რესურსი, რაც ამერიკას აქვს. ეს ძალიან კარგად იცის რუსეთმა, რომელიც ყველანაირი მხრიდან ცდილობს უკრაინის შევიწროვებას. ის რა თქმა უნდა, კონტრშეტევაზეც გადავა და ამის შესაძლებლობა ნამდვილად აქვს. 

„ევროპას აქვს თავისთვის განსაზღვრული და მცირე შეიარაღება, ამიტომ ამბობს ზელენსკი უკვე სათქმელს ღიად, რომ დახმარება დროზე გაუწიონ. რაც შეეხება ტრამპის ხელისუფლებაში შესაძლო დაბრუნებას და იმაზე საუბარს, რომ ის ამ ომს 24 საათში დაასრულებს, არარეალურია. ერთია რას ამბობს ის წინასაარჩევნდ და მეორე, როცა პრეზიდენტი გახდება მას ამის საშუალებას მისცემენ თუ არა. ამერიკის პოლიტიკა მხოლოდ ტრამპის სურვილზე არ არის დამოკიდებული. ამიტომ მისი საუბარი მხოლოდ წინასაარჩევნოდ განსაზღვრული დაპირებებია“, - ამბობს მაისაია.           

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×