ნატალია ჯვარიძე
10.04.2024

ფინეთში ნატოს სახმელეთო ძალების შტაბ-ბინის გახსნა იგეგმება. ფინური გამოცემის „Iltalehti-ის ცნობით, აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში სავარაუდოდ, ივლისში ვაშინგტონში დაგეგმილ ნატოს სამიტზე დადგება. შტაბ-ბინა ქალაქ მიკელში განთავსდება და აშშ-ის ქალაქ ნორფოლკის გაერთიანებული ძალების სარდლობას დაემორჩილება. გეგმის თანახმად, იქ ნატოს წევრი ქვეყნებიდან 376 ოფიცერს გაგზავნიან.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული საკითხის შესახებ, ნორვეგიის მინისტრმა, ბიორნ გრამმა განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ფინეთი ნატოს 31-ე წევრი 2023 წლის აპრილში გახდა.

„ველოდებით, რომ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები ერთიანი თავდაცვის გეგმის ნაწილი და ერთი მეთაურის ქვეშ ვიქნებით. შსაბამისად, გვექნება ერთიანი თავდაცვა და შეკავება". - აღნიშნა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა.

ჯიპას ასოცირებული პროფესორის, თენგიზ ფხალაძის აზრით, რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებს განსაკუთრებული მხარდაჭერა და დაცვა სჭირდებათ, რადგან რუსეთთან ახლოს არიან და საფრთხის ქვეშ არიან, მითუმეტეს კრემლიდან ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ ხშირად აგრესია მოდის. მისივე თქმით, რუსეთი მაშინ, როცა ნატოს მობილიზებას ხედავს, ეგრე მამაცი აღარ არის, როგორიც თავი მოაქვს.

„რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნები ყველაზე მოწყვლადები არიან და კრემლს, რომ იქ არ ჰქონდეს რაიმე დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობა, ამიტომაც აპირებს ნატო შტაბ-ბინის გახსნას. ალიანსი მაქსიმალურად ზრდის უსაფრთხოებას. მითუმეტეს, პუტინი ბალტიისპირა ქვეყნების მიმართ აგრესიას არ მალავს, აქედან გამომდინარე, ნატო მობილიზდება, რომ კრემლის ამბიციებს შესაბამისი პასუხი გასცეს.

„თავდაპირველად, ქმედება რუსეთის მხრიდან იყო, რასაც ნატოს გაფართოება მოჰყვა და ფინეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწვრიანდა. პუტინმა უკრაინაში თავისი აგრესიით და უაზრო და მილიტარისტული განცხადებებით განაპირობა ის, რომ ნეიტრალურმა სახელმწიფოებმა, ფინეთმა და შვედეთმა თავი დაუცველად იგრძნეს და მათ ნატოს მიმართეს.

„პუტინი მაშინ არის მამაცი, როცა სუსტ და დაუცველ მსხვერპლს ხედავს. მაშინ კი, როდესაც იგი ამჩნევს, რომ მისი სამიზნე არის ძლიერი, დაცული და ნატოს მობილიზებას ხედავს, მაშინ ისეთი მამაცი ვეღარ არის, როგორც იქადნება ხოლმე და ამის მაგალითი ისტორიაში ძალიან ბევრია".- განაცხადა თენგიზ ფხალაძემ „რეზონანსთან"

ანალიტიკოსის ნიკა ჩიტაძის შეფასებითაც, ნატო ფინეთში უფრო უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს, ვიდრე რაიმე თავდასხმისთვის ემზადება.

„ნატოს ეს გადაწყვეტილება არის უფრო თავდაცვითი ზომა, ვიდრე რაღაც მცდელობა, რომ ნატო რუსეთს თავს დაესხას. ჩვენ ვიცით, რომ ნატო თავდაცვითი ორგანიზაციაა, შესაბამისად, მსგავს რაღაცას არ აპირებს.

„ფინეთი და შვედეთი იძულებულები გახდნენ ნატოს წევრი სახელმწიფოები გამხდარიყვნენ, სხვანაირად ამას არ იზამდნენ. აქედან გამომდინარე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ვალდებულია მისი წევრი ქვეყანა დაიცვას, მითუმეტეს რუსეთისგან, რომლისგანაც ყველაფერი მოსალოდნელია".- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×