რა სტრატეგიული მნიშნელობა აქვს ამ ქალაქს და რას გამოიწვევს მისი დაცემა
თამთა ჩაჩანიძე
09.04.2024

უკრაინა-რუსეთის ომში ახალი მასშტაბური საბრძოლო ეპიზოდი იწყება - ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასოვ იარისათვის ბრძოლა ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი იქნება. ორივე მხარეს აქ დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა და სამხედრო ტექნიკა ჰყავს კონცენტრირებული. რა სტრატეგიული მნიშნელობა აქვს ამ ქალაქს და როგორი იქნება უკრაინელთა ახალი მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის სტრატეგია?

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ჩასოვ იარი შემაღლებული ადგილზეა და მისი აღების შემთხვევაში რუსეთს მიეცემა შესაძლებლობა, ცეცხლი უკეთესად მართოს დონეცკისთვის ბრძოლაში. ამასთან ქალაქთან ახლოს გადის სლავიანსკსა და კრამატორსკთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზა.

გარდა ამისა, ანალიტიკოსთა პროგნოზით, ჩასოვ იარისთვის ბრძოლა ისეთივე ინტენსივობის იქნება, როგორც ბახმუტისა და ავდეევკისთვის ბრძოლები იყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ერთი წლის წინ უკრაინელებმა ბახმუტისთვის ბოლომდე იბრძოლეს, მაშინ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი იყო. ამ წლის თებერვლის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად, ზალუჟნის ნაცვლად, ალექსანდრ სირსკი დანიშნა. მისი დანიშნვა ემთხვევა ავდეევკისთვის ბრძოლებს და დაახლოებით ორ კვირაში უკრაინულმა ძალებმა ქალაქის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. თუმცა, ექსპერტების აზრით, სირსკი ახლა ბოლომდე იბრძოლებს. მთავარია რესურსი ჰქონდეს უკრაინას, როგორც ცოცხალი ძალის, ისე შეიარაღების სახით.

რა ხდება ჩასოვ იარის ფრონტზე

როგორც გერმანული „ბილდი" წერს, რუსეთი ჩასოვ იარში წინ წაწევას ე.წ. ორმაგი დარტყმის ტაქტიკით ცდილიობს და ქალაქზე იგივე სტრატეგიას იყენებს, როგორც ბახმუტისა და ავდეევკის აღებისას. ეს შეფასება ეყრდნობა იმ ღია მონაცემების ანალიზს, თუ რა სახის მანევრებს ახორციელებენ რუსეთის შეიარაღებული ძალების ჩასოვ იართან ბოლო 10 დღის განმავლობაში.

„ორმაგი დარტყმის" ტაქტიკა გულისხმობს, ფლანგებიდან მოწინააღმდეგის პოზიციის შემოვლას, რომლის პარალელურადაც, მოწინააღმდეგის ყურადღების გასაფანტავად, ქალაქზე პირდაპირი ფრონტალური შეტევაც.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკის თქმით, ჩასოვ იარის მიმართულებით რთული ვითარებაა, თუმცა ქალაქი უკრაინის კონტროლქვეშ რჩება.

მანამდე, 5 აპრილს რუსებმა ჩასოვ იარის გარეუბანზე ძლიერი მასიური თავდასმა განახორციელეს. როგორც უკრაინული 92-ე ცალკეული თავდასხმის ბრიგადის ბატალიონ „აქილევსის" მეთაურმა იური ფედერენკომ განაცხადა, შეტევა უპრეცედენტოდ ძლიერი იყო, თუმცა რუსებმა როგორც ცოცხალ ძალაში, ისე შეიარაღებაში, მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს.

8 აპრილს რუსებმა დონეცკის ოლქზე მიიტანეს საჰაერო შეტევა და ჩასოვ იარიც ცეცხლის ქვეშ მოექცა. არის მსხვერპლიც მშვიდობიან მოსახლეობაში - დონეცკის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ვადიმ ფილაშკინი აცხადებს, რომ დაბომბვის შედეგად სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.

„ჩასოვ იარი საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა - დაიღუპა 77 წლის ქალბატონი, დაზიანდა 6 კერძო სახლი", - აცხადებს ფილაშკინი.

რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩასოვ იარს

გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ჩასოვ იარი შემაღლებული ადგილია, რომლის აღების შემთხვევაშიც, რუსეთს მიეცემა შესაძლებლობა ცეცხლი უკეთესად მართოს დონეცკისთვის ბრძოლაში.

„ჩასოვ იარი შემაღლებული ადგილია ბახმუტთან ახლოს, დასავლეთით და თავისთავად, სიმაღლის დაკავებით რუსებს მიეცემათ იმის შესაძლებლობა, რომ ცეცხლი უკეთესად მართონ. ამავე დროს, ჩასოვ იარიდან შესაძლებელია ჩრდილო-დასავლეთით კრამატორსკი-სლავიანსკის მიმართულებაზე მოძრაობის გაგრძელება და ამით დონბასის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლა. თუმცა, ეს რუსებისთვის მარტივი არ იქნება, იქიდან სლავიანკი-კრამატორსკამდე საკმაოდ დიდი მანძილია.

„იმ ტემპით, რომლითაც დღეს რუსეთი უკრაინის დასახლებულ პუნქტებს იღებს, ჩასოვ იარის შემდეგ, წლები დასჭირდება, რომ კრამატორსკამდე მივიდეს, ქალაქების აღებაზე არც ვსაუბრობ", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ არსენალის მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ავდეევკაში უკრაინელებს ერთი პლიუსი ჰქონდათ - იქ თავდაცვითი ზღუდეები 2014 წლიდან იქმნებოდა.

„გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებს საბრძოლო ინიციატივა აქვთ, ისინი ძირითადად სულ შეტევაზე არიან და უკრაინის მხარეს ძირითადად პოზიციების დაცვა უწევს. ავდეევკაში ერთი პლიუსი ის იყო, იქ 2014 წლიდან მოყოლებული უკრაინის მხრემ გააკეთა სერიოზული თავდაცვითი ზღუდეები - მიწისქვეშა და ბეტონის ბუნკერები. ამიტომაც იყო, რომ ამდენ ხანს - რამდენიმე თვიან შეტევებს უძლებდა.

„რუსეთმა ძლიერი საავიაციო ბომბების გამოყენება დაიწყო. მანამდეც იყენებდა, მაგრამ ახლა ბომბებს პლანირებისა და მართვის უნივერსალური ბლოკები დაუყენეს გასაშლელი ფრთებისა და ნავიგაციის სისტემით, რაც ამ ბომბის მიზნიდან 50-70 კმ-ის სიშორეზე ჩამოგდების საშუალებას იძლევა. რუსული ბომბდამშენი აღარ შედის მოწინააღმდეგის მეზენიტეების მოქმედების ზონაში, ხოლო „ფრთებგაშლილი" და „დაჭკვიანებული" ბომბი რამდენიმე ათეულ კმ-ს გაიფრენს და მიზანს მისაღები სიზუსტით ხვდება. ასეთი ბომბები კი მიწისქვეშა ბუნკერების დონეზეც მოქმედებს.

„ავდეევკისგან განსხვავებით, ჩასოვ იარი ბევრად უფრო სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქია, რადგან ის სიმაღლეზეა, ასევე ცენტრალურ საავტომობილო გზასთან მდებარეობს, რომელიც კონსტანტინოვკისკენ, კრამატორსკისა და სლავიანსკისკენ მიდის. არ მგონია, რომ ჩასოვ იარში უკრაინელებს ისეთივე თავდაცვითი მიწისქვეშა ბუნკერები ჰქონდეთ მოწყობილი, როგორსაც წლების განმავლობაში ავდეევკაში აკეთებდნენ", - განაცხადა ალადაშვილმა.

რა სტრატეგია აქვს ალექსანდრ სირსკის

გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ალექსანდრ სირსკი ბოლომდე იბრძოლებს ჩასოვ იარისთვის. მისივე თქმით ჯერჯერობით იმის რესურსი არის, რომ უკრაინელებმა ამ მიმართულებაზე თავის დაცვა მოახერხონ. ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, რუსები ჯერ ქალაქის მისადგომებთან იბრძვიან.

„სირსკიმ გააქტიურა ე.წ. არაპირდაპირი მოქმედებები, ანუ სიღრმისეული დარტყმები რუსეთის სიღრმეში დრონების საშუალებით. ასევე გაააქტიურა მოქმედებები ბრიანსკის, კურსკისა და ბელგოროდის მიმართულებაზე, რაც რუსეთს არ აძლევს საშუალებას, რომ თავი მოუყაროს ძალებს და დაარტყას ერთ წერტილში.

„ჩასოვ იართან დაკავშირებით სირსკი ბოლომდე იბრძოლებს. ჯერ აქვთ რესურსი, რომ უკრაინა თავდაცვაში იყოს. რუსეთი კი აქტიურობს და შეტევითი ინიციატივა კი აქვს, მაგრამ ძალიან მცირე მასშტაბებით და ძალიან დიდი დანაკლისებით და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ გადაადგილებებით კიდევ დიდხანს მოუწევს დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვრამდე გასვლა.

„ჩასოვ იართან არიან რუსები და ქალაქში არ არიან შესულები. დასახლებული პუნქტების დიდ რაოდენობას უკრაინელები კარგად იყენებენ. ჯერჯერობით რუსებს რაღაც მნიშვნელოვანი წარმატება არ აქვთ, ქალაქში არ შესულად და რომ შევიდნენ, კიდევ რამდენ ხანს მოუწევთ ბრძოლა, კაცმა არ იცის. რუსები ქალაქის გარეუბანთან მოძრაობაში საკმაო დანაკარგები აქვთ", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

ირაკლი ალადაშვილი კი აცხადებს, რომ უკრაინის არმიას ახლა უჭირს როგორც იარაღი, ისე ცოცხალი ძალა და მთავარსარდალს რა სტრატეგიაც არ უნდა ჰქონდეს შემუშავებული, თუ რესურსი არ ექნა, ბრძოლას ფიზიკურად ვერ შეძლებს.

„სირსკი კი არა, ვინც უნდა დაენიშნათ, შექმნილი სიტუაცია მეტყველებდა იმაზე, რომ ავდეევკა უკრაინას მანამდეც უნდა დაეტოვებინა, რადგან, ჯერ ერთი ნაკლები დანაკარგი იქნებოდა. ახლა საქმე იმაზეა, თვითონ არმია თუ შეძლებს ბრძოლის გაგრძელებას და შეიარაღების მარაგი თუ ექნება. ერთია აშშ-ის კონგრესის ქმედება, რომელიც უკრაინის დახმარების პაკეტს არ იღებენ და მეორე ისაა, რომ უკრაინის რადამ დღემდე ვერ მიიღო მობილიზაციის კანონი. უკრაინის არმიას ახლა ორივე უჭირს - როგორც იარაღი, ისე ხალხი", - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×