ელზა პაპოშვილი
08.04.2024

დაიწყო თუ არა დასავლეთში უკრაინის ომის დასრულების სცეანრებზე ფიქრი და რატომ ემთხვევა ბოლო დროს ნატოს გენერალური მდივნის და ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოზიციები ერთმანეთს? დასავლური მედია უკვე რამდენიმე დღეს სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თუკი ტრამპმა ამერიკის პრეზიენტს არჩევნებში გამარჯვება შეძლო, არსებობს იმის ალბათობა, რომ უკრაინას რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიების დათმობა მოუწიოს. ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით კი უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს თუ რა სახის კომპრომისზე წავა რუსეთთან. 

სტოლტენბერგის თქმით, რომელმაც ამაზე „ბიბისთან“ ისაუბრა, ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, სამხედრო მხარდაჭერა უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რუსი სამხედროების თავისი ტერიტორიებიდან გასაძევებლად კიევს, შესაძლოა, დათმობებზე წასვლა მოუწიოს.

„საბოლოოდ, სწორედ უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორი სახის კომპრომისზე წასასვლელადაა მზად. ჩვენ მას უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ იყოს ისეთ მდგომარეობაში, სადაც რეალურად მიაღწევს მისაღებ შედეგს მოლაპარაკებების მაგიდასთან“, – აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივანი.

როგორც სტოლტენბერგი ამბობს, ის არ მოუწოდებს უკრაინას დათმობებზე წასვლას ახლავე, თუმცა აღნიშნა, რომ მშვიდობა მაშინ იქნება მიღწეული, როცა უკრაინა გაიმარჯვებს. ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, არსებობს ისეთი ავტორიტარული ალიანსები, რომლებიც ერთმანეთს მხარს უჭერენ, რაშიც, როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, რუსეთი, ჩინეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა იგულისხმა.

„ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთის საომარ ეკონომიკას თავდაცვის ინდუსტრიისთვის ძირითადი ნაწილების მიწოდებით, რის სანაცვლოდაც მოსკოვი პეკინს თავის მომავალს აძლევს“, – ამბობს სტოლტენბერგი.  

სავარაუდოდ, სწორედ იგივე აზრი აქვს ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს.  ტრამპს სურს, უკრაინას ყირიმისა და დონბასის რუსეთისთვის დათმობა აიძულოს, – ამის შესახებ გავლენიანი ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში დონალდ ტრამპი აპირებს, ზეწოლა განახორციელოს კიევზე, რათა მან რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმი და დონბასი დათმოს. როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, ეს მიდგომა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკისგან რადიკალურად განსხვავდება.

როგორც გამოცემას ანონიმური წყარო ეუბნება, ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთსაც და უკრაინასაც შექმნილი სიტუაციიდან გამოსვლა ისე სურთ, რომ ორივემ შეძლოს „სახის შენარჩუნება“ და რომ უკრაინის ზოგიერთი ნაწილის მცხოვრები არ არის წინააღმდეგი, რომ რუსეთის შემადგენლობაში აღმოჩნდნენ.

დიალოგის მომხრეა იტალიაც. მნიშვნელოვანია, რომ, უკრაინაში ინტერვენციის მიუხედავად, რუსეთთან დიალოგის არხები ღია დარჩეს, – ამის შესახებ იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროსეტომ განაცხადა.

„იმის მიუხედავად, რომ რუსეთის ფედერაცია შეიჭრა სუვერენულ ქვეყანაში და ამ მიზეზით იტალია და საფრანგეთი ყოველთვის მხარს უჭერენ, დაუჭერენ უკრაინას, მნიშვნელოვანია, რომ დიალოგის არხები ასევე დარჩეს ღია“, – ნათქვამია იტალიის თავდაცვის მინისტრის განცხადებაში.

კროსეტო გამოეხმაურა მიმდინარე კვირაში რუსეთისა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრებს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს. ეს მათი პირველი საუბარი იყო 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ. როგორც კროსეტომ აღნიშნა, მტკიცე და კრიტიკული კომუნიკაცია არსებითად მნიშვნელოვანია რუსეთის თავდასხმის შესაჩერებლად და სამართლიანი მშვიდობისთვის პირობების შესაქმნელად.    

ეროვნული უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი და უშიშროების პოლკოვნიკი  ბესიკ ალადაშვილი კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ თუკი დავუშვებთ იმას, რომ ტრამპს არჩევნებში გამარჯვების მეტი შანსი აქვს, მაშინ უკრაინას მის ინაუგურაციამდე  ერთი წელი მაინც დრო ექნება, რათა ფრონტის ხაზზე რაღაცა გარდატეხა შეიტანოს. მისი თქმით, ტრამპის ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, არსებობს ალბათობა, რომ მსგავსი სცენარი მართლაც განვითარდეს, თუმცა, ზელენსკის მმართველობის პირობებში ეს როგორ იქნება შესაძლებელი, საკითხავი ეს არის. 

„შესაძლოა დასავლეთში ასეთი სცენარი განიხილებოდეს, მაგრამ ამაზე ორივე მხარის დათანხმება იქნება საჭირო. ჯერ ერთი, რომ პუტინი ამაზე არ წავა, რადგან მას მადა აქვს უკვე აღძრული და 2014 წლებთან შედარებით, უფორ მეტი ტერიტორია აქვს დაკავებული. ამიტომ, ის არ მგონია უკან დახაევას აპირებდეს. პირიქით, რაც უფრო  მეტ ტერიტორიებს დაიკავებს, სავაჭროც მეტი ექნება. 

„უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმერ ზელენსკს რაც შეეხება, არც ის დათანხდება ამ სცენარს. ეს შესაძლოა მას თანამდებობის და სიცოცხლის ფასადაც დაუჯდეს. მაშინ რისთვის იომა ამ ხალხმა ხომ გაუგებარი ხდება. ქვეყანაში უნდა დაიწყოს სამოქალაქო დაპირისპირება, გადაგდონ ზელენსკი და მისი მთავრობა, მოვიდეს ვიღაც პრორუსული ხელისუფლება, რომელიც ამაზე დასავლეთს გაჰყვება. სხვაგვარად წარმოუდგენელია ზელენსკიმ ეს ამხელა ომი რამით გაამართლოს“, - ამბობს ალადაშვილი. 

ამიტომა ამ ეტაპზე ალადაშვილი გამოვრიცხავს რაიმე მოლაპარაკებაზე დაჯდომას. თუმცა მისი აზრით, უკრაინა მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდება, თუკი ევროპაშიც და ამერიკაშიც არჩევნების შემდეგ ხელისუფლებების ცვლილება მოხდება. 

„უკრაინას ახლა აქვს სადღაც ერთი წელი კიდევ დრო იმისთვის, რაც შეიძლება მაქსიმალური სამხედრო დახმარება მიიღოს და ომში რაღაცა გარდატეხა შეიტანოს. სამწუხაროდ უკრაინის ომის მიმართ დასავლეთში დამოკიდებულება ძალიან სწრაფად იცვლება. 

„საფრანგეთში თუ ოპოზიციამ გამარჯვება შეძლო, მაშინ უკრაინა მხარდაჭერას აქედანაც დაკარგავს. იტალიის დამოკიდებულება ისედაც ცნობილია და რუსეთს აქ ძალიან ბევრი მოკავშირე ჰყავს. გერმანიის დამოკიდებულებაც ცნობილია და ქვეყნის შიგნით მოსახლეობის განწყობა ომის მიმართ უარყოფითია. ამიტომ პუტინი ფსონს, როგორც დასავლეთის გამძლეობაზე, ასევე ამერიკის არჩევნებზე დებს“, - ამბობს ალადაშვილი            

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×