ნატალია ჯვარიძე
08.04.2024

ნატოს გენარალური მდივნის მოადგილე, მირჩა ჯოანა აცხადებს, რომ ალიანსი მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ რუსეთი კიბერშეტევებისა და დეზინფორმაციის კამპანიებს ევროპულ არჩევნებზე გავლენის მოხდენის და მოსკოვისთვის უფრო მომგებიანი პოლიტიკური ძალებისთვის უკეთესი შედეგების უზრუნველყოფის მიზნით. მისივე თქმით, რუსეთი შეეცდება დაეხმაროს იმ ძალებს, რომელიც შესაძლოა პრორუსული არ არიან, თუმცა ანტიდასავლური არიან.

მირა ჯოანას თქმით, იმის გასაცნობიერებლად, თუ როგორი შეიძლება იყოს რუსული გავლენის მცდელობები, უნდა შეხედო, თუ რა ხდება მოლდოვაში. უკრაინული მედია ინფორმაციას გამოცემა- Digi24-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

„უნდა ველოდოთ რუსეთის დეზინფორმაციას და კიბერშეტევებს ევროპულ არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობებში. საპრეზიდენტო არჩევნებში (რუმინეთში) არც კი მინდა ვიფიქრო, რა მოხდება პროდასავლური ძალების გამარჯვების ხელის შეშლისა და ხელისუფლებაში უფრო ხელსაყრელი ვინმეს მოყვანის მცდელობაში". - განაცხადა მირჩა ჯოანამ, რომელიც რუმინეთის წარმომადგენელია.

საგარეო პოლიტიკის ექსპერტი, კორნელი კაკაჩია აცხადებს, რომ რუსეთი დიდი ხანია ევროპის ქვეყნების და აშშ-ს არჩევნებში ჩარევას ცდილობს და არც ეს იქნება გამონაკლისი. მისივე თქმით, პუტინს ბევრი ხერხი აქვს, მათ შორის ევროსკეპტიკოსი წარმომადგენლების მხარდაჭერა, თუნდაც ფინანსურად.

„რუსეთი უკვე დიდიხანია ევროპის ქვეყნების და აშშ-ის არჩვენებში ჩარევას ცდილობს და საზოგადოებრივ აზრს კონკრეტული ანტიდასავლური კანდიდატების სასარგებლოდ მართავს.

„ეს ბოლო ათეული წლების განმავლობაში მათი კორუმპირებული მეთოდია და ბუნებრივია, რომ გამონაკლისი არც რუმინეთის არჩევნები იქნება, რადგან რუსეთს აწყობს რაც შეიძლება მეტი ევროსკეპტიკოსმა პარტიებმა-წარმომადგენლებმა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, რათა ამით ევროპარლამენტში გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი გაართულოს და მათ სხვადასხვა საკითხების განსახილველად დრო აღარ დარჩეთ, განსაკუთრებით კი უკრაინის დასახმარებლად, რაც რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„რუსეთი ევროპულ არჩევნებში სხვადასხვანაირად ეცდება ჩარევას. პუტინი ჰიბრიდული ომის მექანიზმს აქტიურად იყენებს. იგი ევროსკეპტიკურ წარმომადგენლებს მხარს დაუჭერს, ეს აუცილებლად ფინანსური მხარდაჭერაც იქნება და ამით ეცდება მათ გაამარჯვებინოს. პუტინს კიდევ ძალიან ბევრი ხერხი აქვს და აუცილებლად გამოიყენებს". - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსის ნიკა ჩიტაძის აზრით, რუსეთი სოციალური ქსელების მეშვეობით ეცდება მათთვის მისაღები პარტიების წახალისებას. როგორც მან აღნიშნა, რუსეთის ამ ქმედებებს პოზიტიური შედეგი არ ექნება, რადგან ნატო და ევროკავშირი პუტინის აგრესიის კატეგორიული წინააღმდეგია.

„რა თქმა უნდა, რუსეთი ევროპულ არჩევნებში ჩარევას აუცილებლად ეცდება და ამის უამრავი მაგალითი გვაქვს. თუნდაც აშშ-ს 2016 წლის არჩევნები, როცა პუტინი დონალდ ტრამპს ფარულად მხარს უჭერდა.

„მათი მხრიდან ევროატლანტიკურ გზაზე მყოფ პარტიებზე კიბერშეტევები განხორციელდება და ამ მხრივ ძალიან დიდი გამოცდილება გააჩნიათ, თან კიბერსივრცე არის ერთ-ერთი მოწყვლადი სფერო და ცოტა რთულია კიბერშეტევის მოგერიება. გარკვეულწილად სოციალური ქსელების მეშვეობით, მათთვის მისაღები პარტიების წახალისება.

„რუსეთის ერთ-ერთი ცნობილი ხერხი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ დეზინფორმაციის აგორებაა. ასევე, მათი რჩეული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის ფარული ფინანსური მხარდაჭერაა. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, რუსეთის ქმედებები არასასურველია, თუმცა, რადიკალურ გავლენას მაინც ვერ მოახდენს, რადგან, როგორც ნატო, ასევე ევროკავშირი რუსეთის აგრესიული პოლიტიკის კატეგორიული წინააღმდეგი არიან" - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×