ნაზი ბერიძე
28.02.2024

პატიმრობაში გარდაცვლილ რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსეი ნავალნის 1-ელ მარტს მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსი ოპოზიციონერის პრესმდივანი, კირა იარმიში ავრცელებს.

„ალექსეის დაკრძალვა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში 1-ელ მარტს 14:00 საათზე გაიმართება. ადრე მობრძანდით", - განაცხადა კირა იარმიშმა. ნავალნის თანაგუნდელებმა განაცხადეს, რომ ეკლესიის პოვნა, რომელიც მსახურებას ჩაატარებდა, ძალიან რთული იყო.

შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის კოლონიაში 16 თებერვალს გარდაიცვალა. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის მტკიცებით, ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მის გადასარჩენად რეანიმაციული ღონისძიებები განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ.

მოგვიანებით, მედიამ, ნავალნის თანაგუნდელებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნავალნის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად „უეცარი სიკვდილის სინდრომი" დასახელდა. ალექსეი ნავალნის ცხედარი დედას 24 თებერვალს გადასცეს.

ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი „რეზონანსთან" გამორიცხავს, რომ ნავალნის გამო რუსეთში აქციები დაიწყოს.

„ეჭვი მეპარება, რომ რამე აქციები დაიწყოს რუსეთში, იმდენად მობილიზებულია პოლიცია და სამხედროები. ეს ომის ვითარება პუტინს პირველ რიგში მაგიტომ აწყობდა, რომ რუსეთში სრული კონტროლი დაემყარებინა, გამოსვლების აკრძალვისა და შეკრებების და თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით.

„შეიარაღებული ამბოხიც კი რამდენად ადვილად ჩაახშეს და შეუიარაღებელი ხალხის დაშლა და მათი განეიტრალება ძალიან ადვილი იქნება. მოსკოვში პოლიტიკური სპექტრი ძალიან დაქსაქსული და შესუსტებულია. ამიტომ, მათი მხრიდან შეუძლებელია გამოხატონ პატივისცემა ნავალნის მიმართ

„შეიძლება დიდი დემონსტრაციაც გამართონ, მაგრამ ეს ვერ გადაიზრდება რამე სერიოზულ პროტესტში. „ფსბ" აკონტროლებს ყველანაირ შესაძლებლობას. პროტესტი, ერთადერთი საიდანაც შეიძლება, ეს არიან სამხედროები - სამხედროებში ძირითადი ეს იყო ვაგნერი და ისინი დაშალეს, ხელმძღვანელობა მოკლეს და ა.შ. ანუ, ეს პერსპექტივა შეზღუდულია კარგა ხნით.

„სამოქალაქო ჯგუფის პროტესტი, როგორიც არის ნავალნის მომხრეები, მათ არანაირი კავშირი არა აქვთ არც იარაღთან და არც სამხედროებთან, ამიტომ შეუძლებელია, რომ მათ მოახერხონ რამე შეიარაღებული ამბოხის მოწყობა",-განაცხადა „რეზონანსთან" კახა გოგოლაშვილმა.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ იქნება მცირემასშტაბიანი აქციები ნავალნის პატივსაცემად, რასაც რუსეთის რეჟიმი მარტივად ჩაახშობს.

„მასშტაბი იქნება პატარა. შეიძლება მსხვილ ქალაქებში მოხდეს გამოსვლები 10- 15- 20 ადამიანი, შეიძლება 100, მაგრამ, არა მგონია მეტი. იქნება ადამიანების დაპატიმრებები. რუსეთში დარჩენილია ხალხი, ვინც აპროტესტებს რეჟიმის ასეთ ქცევებს და მიაჩნიათ რომ ნავალნის მიმართ იყო ჩადენილი საშინელი დანაშაული, თუმცა, რუსეთში გადატრიალების საფრთხე არ არსებობს", - განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×