ნაზი ბერიძე
28.02.2024

ნატოს ქვეყნებსა და რუსეთს შორის პირდაპირი შეტაკება ალიანსის ქვეყნების ინტერესებში არ შედის, თუმცა, უკრაინაში ნატოს ჯარების გაგზავნის შემთხვევაში რუსეთსა და ნატოს შორის შეტაკება გარდაუვალი იქნება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ზოგადად, აქ, ალბათ, უკრაინაში ნატოს ქვეყნების გარკვეული კონტინგენტების გაგზავნის შესაძლებლობის განხილვის ფაქტი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ელემენტია. საფრანგეთის პრეზიდენტის გამოსვლებში ყველა სხვა ელემენტი ასე თუ ისე უკვე გაჟღერდა და ჩვენ ყველა მათგანი უკვე გავითვალისწინეთ", - განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მომავალში უკრაინაში დასავლეთის ჯარების გაგზავნა არ გამორიცხა, მაგრამ, აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მოკავშირეებს შორის კონსენსუსი ჯერჯერობით, არ არსებობს.

ნატო უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „ნატოს მოკავშირეები უკრაინას უპრეცედენტო მხარდაჭერას უწევენ. ჩვენ ამას 2014 წლიდან ვაკეთებთ და სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უფრო მეტად გავაქტიურდით. მაგრამ უკრაინის ტერიტორიაზე ნატო-ს ჯარების განთავსება არ იგეგმება", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

„ეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომია, რომელიც საერთაშორისო სამართალს უხეშად არღვევს. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უკრაინას, რა თქმა უნდა, თავდაცვის უფლება აქვს და ჩვენ უფლება გვაქვს, რომ მათ ამ უფლების დაცვაში მხარი დავუჭიროთ", - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

პოლონეთი თავისი ჯარების უკრაინაში გაგზავნას არ გეგმავს, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

„პოლონეთი არ გეგმავს თავისი ჯარების უკრაინაში გაგზავნას. მიმაჩნია, რომ დღეს მომავალზე სპეკულირება არ უნდა მოვახდინოთ არც იმაზე, იქნება თუ არა გარემოებები, რომლებიც ამ პოზიციის შეცვლას გამოიწვევს. დღეს ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას სამხედრო ძალისხმევაში", - აღნიშნა ტუსკმა პრაღაში, ვიშეგრადის ჯგუფის სამიტზე.

იგივე პოზიცია გააჟღერა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამაც: „დარწმუნებული ვარ, რომ უნდა განვავითაროთ უკრაინის მხარდაჭერის გზები, რომელიც რუსეთის აგრესიის შემდეგ დავიწყეთ. მიმაჩნია, რომ არ გვჭირდება სხვა მეთოდების ან გზების გახსნა," - განაცხადა ჩეხეთის პრემიერმა და დასძინა, რომ ამჟამად ყურადღება გამახვილებულია უკრაინის მიმართ სამხედრო დახმარებაზე და ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ მხარდაჭერაზე.

ამასთან, სლოვაკეთის პრემიერის, რობერტ ფიცოს განცხადებით, მისი ქვეყანა უკრაინაში იარაღსა და ჯარისკაცებს არ გაგზავნის.

„შემიძლია დავადასტურო, რომ არიან ქვეყნები, რომლებიც მზად არიან უკრაინაში თავიანთი ჯარისკაცები გაგზავნონ, არიან ქვეყნები, რომლებიც ამბობენ არასოდეს - სლოვაკეთი ერთ-ერთი მათგანია. ჩვენ არ გავაგზავნით იარაღს უკრაინაში, სლოვაკი ჯარისკაცი უკრაინაში არასდროს წავა", - აღნიშნა ფიცომ.

ევროპული სახელმწიფოები და ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნიან, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. „ის, რის შესახებაც ჩვენ თავიდანვე შევთანხმდით, მომავალსაც ეხება, კერძოდ, ევროპული სახელმწიფოების ან ნატოს ქვეყნების მიერ გაგზავნილი სახმელეთო ჯარები უკრაინის მიწაზე არ განთავსდება", - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" კომენტირებისას ამბობს, რომ ამჟამად ნატოსა და რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირების საფრთხეები და რისკები არ ჩანს, საინფორმაციო, ფსიქოლოგიური და კიბერომი ნამდვილად მიმდინარეობს.

„მე მგონი ნატოსა და რუსეთს შორის საინფორმაციო ფსიქოლოგიური ომი უკვე მიმდინარეობს სრული მასშტაბით.

„მე ეჭვი მეპარება რომ ნატოს და რუსეთს შორის დაიწყოს შეიარაღებული შეტაკება. რეალურად რომ ვილაპარაკოთ, ჯერჯერობით ამის ინდიკაციები არა ჩანს. არ ვიცი საიდან გაჩნდა მოსაზრება, რომ ნატო აპირებს უკრაინაში თავისი ალიანსური ძალების განლაგებას. ესეც უცნაური განცხადებაა იმიტომ, რომ ნატოს წარმომადგენლები ამაზე საერთოდ არ აკეთებენ კომენტარს და ბუნებრივია, ნატოს სამართლებრივი დებულებების მიხედვით კონცეპტუალურად არ ჩანს.

„ფსიქოლოგიური და კიბერომი კი სავსებით შესაძლებელია.„საინფორმაციო კიბერომში იგულისხმება კიბერ-შეტევები, კიბერ-ჯაშუშური ქმედებები ქსელების გათიშვა და რადიო ელექტრონული საშუალებების დაბლოკვა, რომლებიც აფიქსირებენ დრონები და რაკეტები როგორ მოფრინავენ, კოსმოსური სისტემების გამოყვანა მწყობრიდან. იმედია ეს არ გადავა ჰიბრიდულ ომში და შემდეგ კონვენციურ ომში, ანუ ალიანსურ ომში.

„კონვენციური ომი მოიცავს შემდეგ ელემენტებს: ეს არის ალიანსური ომი, დაბალი ინტენსივობის კონფლიქტი, რეგიონლური ომი, ლოკალური ომი, კონვენციური ომის ნაირსახეობა არის ალიანსური ომი.

„თუ ნატოს ალიანსზე ვილაპარაკებთ, ასევე შეიძლება სხვა ალიანსი ჩამოყალიბდეს: შეიძლება ვიხილოთ რუსეთი-ბელორუსი-ირანი, ანუ, ევრაზიული ალიანსი ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსის წინააღმდეგ. ევრაზიულ ალიანსს კიდევ რომელი ქვეყნები შეუერთდებიან, ეს არავინ იცის", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

ჯიპას ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ თუ რუსეთის მხრიდან გაგრძელდა მსგავსი ტიპის ქმედებები რასაც ის ევროპის სახელმწიფოებში ახორციელებს, ნატო მოახდენს რეაგირებას დაცვის მიმართულებით და არა შეტევის კუთხით.

„ამას წინ უძღოდა მთელი რიგი განცხადებები და ქმედებები რუსეთის მხრიდან, მათ შორის ისეთი მაღალჩინოსნებისაგან, როგორიც არის მედვედევი და პუტინსაც არ დაუმალავს საკუთარი ამბიციები ნატოს წევრი სახელმწიფოების მიმართ.

„საქმე ის არის, რომ რუსეთი მთელი ამ ხნის განმავლობაში არაფერს აკეთებს თუ არა პროვოცირებს და ცდის ნატოს მედეგობას, მდგრადობას და წინააღმდეგობის გაწევის უნარს.

„უკრაინა ერთია, მაგრამ უკრაინის გარდა არაერთი პროვოკაცია იქნა მოწყობილი ნატოს წევრი სახელმწიფოების მიმართ. ეს იყო როგორც სამხედრო თვითმფრინავების გადაფრენები და მიახლოება დასაშვებზე მეტ დისტანციაზე კონკრეტულ ობიექტებთან, ეს იყო ნორდ სტრიმის გაზსადენის აფეთქება, არჩევნებში ჩარევა და ა.შ. ასე რომ, რუსეთი თავად ახდენს ამის ესკალაციას და თავისთავად ერთი რამ ცხადია, რომ ნატოს ინტერესში კონფლიქტი არ შედის და ნატო არ არის ის ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებულია კონფლიქტზე, ის ორიენტირებულია თავდაცვაზე.

„მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ შეწყვეტს ამ ტიპის ქმედებებს, რასაც ის ახორციელებს, მაშინ ალიანსს მოუწევს იმ ტიპის პასუხის გაცემა, რომელიც რუსეთს აღნიშნულ ზრახვებზე ხელს ააღებინებს.

„ამას ემსახურებოდა მაკრონის განცხადება, რომ განიხილება ეს საკითხი, მაგრამ, მზაობა იმისა რომ ალიანსის წევრი ქვეყნების ჯარები ჩავიდნენ უკრაინაში, ამაზე ერთიანობა არ არის.

„ყველაფერი დამოკიდებულია რამდენად აგრესიული იქნება რუსეთი იმიტომ რომ ალიანსს მოუწევს სხვადასხვა ტიპის საფრთხეებზე სხვადასხვა ტიპის რეაგირება ხაზს ვუსვამ რეაგირება, ალიანსი მუშაობს რეაგირების რეჟიმში და არა შეტევის რეჟიმში"-განაცხადა „რეზონანსთან" თენგიზ ფხალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×