რეზონანსი
27.02.2024

25 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა  ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველად დაასახელა ომში დაღუპული სამხედროების რაოდენობა, მისი თქმით რუსეთის წინააღმდეგ ომში 31 ათასი უკრაინელი სამხედროა დაღუპული. 27 თებერვალს კი რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ უკრაინის დანაკარგები 444 ათასზეა. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან“  ორივე მხარის სავარაუდო დანაკარგზე საუბრობს.

„რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში, რომელშიც სამხედრო მოქმედებები 2 დღე მიმდინარეობდა დავკარგეთ 160  ჯარისკაცი, რუსებმა - დაახლოებით 106. ასეთ მასშტაბურ ომში (რუსეთ-უკრაინის) კი, რა თქმა უნდა, დანაკარგიც ძალიან დიდია. რთულია ზუსტი მონაცემების თქმა, თუმცა დაახლოებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 30-60 ათასამდე უკრაინელი სამხედროა დაღუპული, რუსეთიდან კი თითქმის ამდენივე, ან დაახლოებით 15 ათასით მეტი.

„რასაკვირველია, რუსეთი ფსიქოლოგიურად მოქმედებს და ავრცელებს დეზინფორმაციას, რომ უკრაინამ ძალიან ბევრი სამხედრო დაკარგა. რეალურად კი თითქმის თანაბარია დანაკარგი. 

„შესაძლოა ზელენსკიმ არ ასახა ერთად დაკარგული და დაჭრილი სამხედროები, თუმცა მან რა ციფრიც დაასახელა, ყველაზე ახლოსაა რეალობასთან. სავარაუდოდ, მან გამოითვალა მთავრობის მიერ დაღუპულთა ოჯახების დახმარებისთვის გაწეული კონპენსაციების მიხედვით, თორემ, ამის გარდა, ძალიან ბევრი სამხედროა დაკარგული“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ვახტანგ მაისაიამ.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ომში 31 ათასი უკრაინელი სამხედროა დაღუპული. მან დაჭრილთა და დაკარგულთა რაოდენობა არ დაასახელა. 

„არ ვიტყვი რამდენი დაიჭრა, რადგან რუსეთი გაიგებს რამდენმა ადამიანმა დატოვა ბრძოლის ველი“, - თქვა ზელენსკიმ.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ კი განაცხადა, რომ წლის დასაწყისიდან უკრაინის შეიარაღებული ძალები ყოველდღიურად საშუალოდ კარგავენ 800-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს და 120 ერთეულ სხვადასხვა სხვადასხვა საბრძოლო ტექნიკას. 

2023 წლის დეკემბერში შოიგუმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ზარალმა, მოკლულებისა და დაჭრილების სახით, 383 ათასი ადამიანი შეადგინა, აქედან 40%-ზე მეტი უკრაინის არმიის ზაფხულის კონტრშეტევის დროს. მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსაკუთრებითი დიდია დანაკარგი უკრაინის მხარეს მებრძოლ უცხოელებს შორის და ამან 5,8 ათას ადამიანს მიაღწია. მათი უმეტესობა კი პოლონეთის, აშშ-სა და ბრიტანეთის მოქალაქეა. 

უკრაინის შეარაღებული ძალების გენერალური შტაბის თანახმად კი, ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 21 თებერვლამდე, რუსული არმიის დანაკარგი შეადგენს 406 080-ს.

2024 წლის იანვრის ბოლოს, ჟურნალ Foreign Affairs-თვის დაწერილ სტატიაში, აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ უკრაინის ომის დროს სულ მცირე 315 ათასი რუსი ჯარისკაცი დაიჭრა ან დაიღუპა. მისი თქმით, ომის დროს განადგურდა რუსეთის ომამდელი სატანკო რეზერვების ორი მესამედი, ხოლო სამხედრო მოდერნიზაციის ათ წლიანი პროგრამა თითქმის სრულად განულდა.

2023 წლის დეკემბერში, დიდი ბრიტანეთის დაზვერვამ ყურადღება გაამახვილა 2023 წელს უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსული ძალების დანაკარგების მზარდ მაჩვენებელზე და იწინასწარმეტყველა, რომ ამ ტემპით 2025 წლისთვის რუსეთს 500 ათასზე მეტი მოკლული და დაჭრილი ეყოლება.

ნატალია ჯვარიძე

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×