ნაზი ბერიძე
26.02.2024

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის დევიდ კამერონის განცხადებით დასავლეთს საკმარისი არ გაუკეთებია უკრაინის მხარდასაჭერად. „ამერიკის ხმის" უკრაინულ რედაქციასთან ინტერვიუში მინისტრმა აღნიშნა რომ: „მოკლე პასუხი არის არა, ჩვენ საკმარისი არ გაგვიკეთებია".

„ბევრი დადებითი ცვლილებაა. მაგრამ, საკმარისი გავაკეთეთ ერთად? არა. უკრაინას არ აქვს საკმარისი ჭურვები. უკრაინას სჭირდება შეერთებული შტატების მხარდაჭერა. უკრაინას სჭირდება მეტი დაფინანსება, ისევე როგორც იარაღი. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი ნათქვამის ერთგული, ჩვენ ვამბობთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას, გვჯერა უკრაინელების. მაშინ ეს უნდა დავამტკივოთ იარაღით, ფულით, დიპლომატიური, სამხედრო და მორალური მხარდაჭერით", -აღნიშნა დევიდ კამერონმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინის არმიაში საბრძოლო მასალის მწვავე დეფიციტის გამო, ევროპის ქვეყნებიდან მესამე ქვეყნებში საბრძოლო მასალის ექსპორტი უნდა აიკრძალოს.

„ევროპაში წარმოებული საბრძოლო მასალის მესამე ქვეყნებში ექსპორტზე ყველა კონტრაქტი უნდა შეჩერდეს და ყველა ასეთი საბრძოლო მასალა უნდა გაიგზავნოს უკრაინაში. ევროპაში წარმოებული ყოველი ვაზნა უნდა ემსახურებოდეს ევროპის დაცვას ", - აღნიშნა კულებამ.

მისი თქმით, პარტნიორებთან ყოველ შეხვედრაზე ის საბრძოლო მასალის ნაკლებობაზე საუბრობს. „მათ ყველაფერი იციან ამის შესახებ. მათ დაუშვეს შეცდომები, რასაც აღიარებენ. გვიან გადაწყვიტეს საკუთარი წარმოების გაზრდა, გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმება და ახალი საწარმოო ხაზების ამოქმედება. სამწუხაროდ, ჩვენ ამ შეცდომების გამო შედეგებს ვიმკით", - განმარტა კულებამ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა კულებასთან საუბრისას პირობა დადო, რომ ევროკავშირი უკრაინას მარტის ბოლომდე 170 000-მდე ჭურვს მიაწოდებს. 2023 წლის მარტში, ევროკავშირმა მიაღწია შეთანხმებას უკრაინისთვის ერთი წლის განმავლობაში მილიონი საბრძოლო მასალის მიწოდებაზე. ამ დრომდე ევროკავშირმა უკრაინას 355 000 ჭურვი მიაწოდა, წლის ბოლომდე კი 1 155 000-ის გაგზავნა იგეგმება.

პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი თეთრ სახლში კონგრესის ლიდერებს, მათ შორის პალატის სპიკერს მაიკ ჯონსონს, შეხვდება, რათა ხელი შეუწყოს უკრაინის დახმარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დაჩქარებას, - ინფორმაციას ბლუმბერგი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შეხვედრა სამშაბათს გაიმართება და მისი მიზანია მოკავშირეებისთვის, მათ შორის უკრაინისთვის, მილიარდობით დოლარის გადაუდებელი დახმარების გახსნა და აშშ-ის მთავრობის დახურვის თავიდან აცილება.

„პრეზიდენტი ბაიდენი განიხილავს ეროვნული უსაფრთხოებისა და მთავრობის ღიად შენარჩუნების შესახებ ორპარტიული დოკუმენტის სწრაფად მიღების აუცილებლობას", - აღნიშნულია თეთრი სახლის პრესრელიზში. ჯონსონის ოფისმა ასევე დაადასტურა, რომ სპიკერი შეხვედრაზე დასწრებას გეგმავს. მასში ასევე მონაწილეობას მიიღებენ სენატის უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი, სენატის უმცირესობის ლიდერი მიჩ მაკკონელი და წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერი ჰაკიმ ჯეფრისი.

რა არის კიდევ გასაკეთებელი, რასაც დასავლეთი ამ ეტაპზე ვერ ან არ აკეთებს - ამასთან დაკავშირებით პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დასავლეთი არ ზრდის იარაღის წარმოებას, დროულად არ ეხმარება უკრაინას და ეს შესაბამისად აისახება ომის ვითარებაზე. აშშ-ს შემთხვევაში პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე ვერ ხერხდება უკრაინის დახმარების გადაწყვეტილების მიღება.

„გასაკეთებელია ის, რომ უნდა გაიზარდოს საბრძოლო მასალების წარმოება როგორც ევროპაში, ასევე ამაერიკის შეერთებულ შტატებში, რაც უკრაინას სჭირდება და გათვლა მოხდეს, რომ ეს იქნება გრძელვადიანი ომი და ომის ბოლომდე უკრაინას დასჭირდება მხარდაჭერა.

„ასევე, დაეხმარონ უკრაინას ააღორძინოს და გააუმჯობესოს შეიარაღების წარმოება ქვეყნის შიგნით. რატომ აგვიანებს ან რატომ არ აწვდის შეიარაღებას დასავლეთი უკრაინას? ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში ეს პოლიტიკური დილემაა, შიდა პოლიტიკური დაპირისპირებაა, რომელიც ძალიან რთულად მიმდინარეობს. რესპუბლიკური პარტია არ იღებს ამ გადაწყვეტილებას კონგრესში, რომ დააფინანსოს უკრაინა, ხოლო დემოკრატიული პარტია, რომელიც მმართველი პარტიაა, არ დგამს შესაბამის ნაბიჯებს.

„პოლიტიკური დილემაა რესპუბლიკელებს და დემოკრატებს შორის. საარჩევნო წელია და როგორ გადაწყდება ეს, არ ვიცი, აქამდე ოპტიმისტურად ვიტყოდი, მაგრამ, მიჭირს ახლა რამის თქმა. რესპუბლიკელები ცდილობენ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია წარმოაჩინონ სუსტებად, რომელიც ამერიკელ ხალხზე არ ზრუნავს და პრიორიტეტს ანიჭებს სხვა ქვეყნის დახმარებას" - განაცხადა „რეზონანსთან" ლაშა ბერიძემ.

პოლიტიკის ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ უკრაინას სჭირდება უფრო მეტი სამხედრო და ფინანსური დახმარება. საზოგადოებებს არა აქვთ გააზრებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინის გამარჯვება.

„თუ სამხედრო დახმარების მიწოდებაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, უკრაინას სჭირდება უფრო მეტი თვითმფრინავები, სჭირდება საშუალო დისტანციაზე მოქმედი რაკეტები, სჭირდება ჭურვები ძალიან დიდი რაოდენობით, რუსები ხუთჯერ მეტ ჭურვს ისვრიან ყოველდღე, ვიდრე უკრაინელები. სჭირდებათ, როგორც 155 მმ-იანი და 122 მმ-იანი ჭურვები აუცილებლად და მართვადი ჭურვები, რომლებიც უფრო ზუსტად ურტყამენ. რა თქმა უნდა, სჭირდებათ ბევრად მეტი რაკეტები, რომელსაც უშვებენ „ჰაიმარსის" დანადგარებიდან, მართვადი ფრთოსანი რაკეტები, რომელსაც უშვებენ „ჰაიმარსის" დანადგარებიდან და რომელიც მოქმედებს 300 და მეტ კილომეტრის მანძილზე.

„ამის გარდა, რა თქმა უნდა, სჭირდებათ მეტი ფინანსური დახმარება, მეტი რესურსები, და სხვა. დასავლეთი უნდა ხარჯავდეს იმაზე სამჯერ მეტ, რასაც ხარჯავს ახლა იმისთვის, რომ უკრაინამ იბრძოლოს გამარჯვებისთვის. რატომ არ აკეთებს ამას ახლა დასავლეთი? იმიტომ, რომ ბოლომდე არ აქვთ გააზრებული საზოგადოებებში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა არ დამარცხდეს ამ ომში, რამდენად მნიშვნელოვანია კონკრეტულად მათთვის.

„შესაბამისად, რა თქმა უნდა, რთულია მთავრობისთვის ისეთი გადაწყვეტილებები მიიღოს, რომელიც ბიუჯეტის მნიშვნელოვან ნაწილს მოაკლებს საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობის პროექტებს, მაგალითად, სოციალურ დახმარებებს, პენსიებს, ან ხელფასებს საჯარო სექტორში, გზების მშენებლობას, თავის სამხედრო თავდაცვის სისტემას მოაკლებს და გაუშვებს უკრაინაში. თავად ხომ არ იბრძვის მოსახლეობა და ყოველდღე არ კითხულობენ გაზეთებში რა ხდება უკრაინაში.

„ამ დროს ხედავენ რომ ყველაფერი გაძვირდა, ხელფასი დააკლდათ, პენსია დააკლდათ და ა.შ. ეგ ყველაფერი რა თქმა უნდა, რისკის ქვეშ აყენებს მთავრობებს. და მათ უჭირთ ასეთი გადაწყვეტილებების მიღება.

„მორალური მხარდაჭერა არის ის, რომ შენ ყოველდღე ახსენებ უკრაინას, რომ მის გვერდით დგახარ. მაგრამ, აქ მორალურ მხარდაჭერაში გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ალბათ, უფრო გულისხმობდა იმას რომ მატერიალურად იდგე უკრაინის გვერდით და ამას აკეთებდე ყოველგვარი დამადლების გარეშე" - განაცხადა „რეზონანსთან" კახა გოგოლაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×