ნაზი ბერიძე
29.01.2024

ევროკავშირი მზად არის, უნგრეთის ეკონომიკას დაარტყას თუ ბუდაპეშტი, 1-ელ თებერვალს დაგეგმილ სამიტზე ვეტოს დაადებს უკრაინის შემდგომ დაფინანსებას, - წერს გამოცემა The Financial Times-ი. „ბრიუსელმა შეიმუშავა სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს უნგრეთის ეკონომიკის სისუსტეებისთვის მიზანმიმართული დარტყმის მიყენებას, მისი ვალუტის შერყევას და ინვესტორების ნდობის მოშლას სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკური ზრდის შემცირების მიზნით, თუ ბუდაპეშტი უარს იტყვის კიევის დახმარებაზე ვეტო-ს მოხსნაზე", - წერს გამოცემა ევროკავშირში შემუშავებულ დოკუმენტზე დაყრდნობით.

სტატიაში აღნიშნულია, რომ თუ ბუდაპეშტი უკან არ დაიხევს, ევროკავშირის სხვა ლიდერებს მოუწევთ საჯაროდ განაცხადონ, რომ მას ევროკავშირის დაფინანსებას შეუწყვეტენ.

2023 წლის 14-15 დეკემბერს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის სამიტზე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის 2024-2027 წლების ბიუჯეტში ცვლილებები დაბლოკა, რომელიც უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებდა.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული ევროკავშირმა ორბანის ვეტოს დასაძლევად სხვა დამცავი მექანიზმები გამოიყენოს უკრაინის დახმარებისთვის.

„ვფიქრობ, რომ ეს არ იქნება კარგი, ზოგადად პოლიტიკური კონტექსტით, რომ უნგრეთი ასე არ ეთანხმება საერთო ევროპულ პოლიტიკას, მაგრამ, ევროპელები იპოვიან სხვა საშუალებას დაეხმარონ უკრაინას.

„უნგრეთი ცდილობს რუსეთთან თავი მოიწონოს, თუმცა, ევროკავშირი სხვა ფორმით მოახდენს უკრაინის დახმარებას და ეს არ უნდა იყოს პრობლემა. როცა ასეთი სერიოზული ერთობაა ევროკავშირში, შეუძლებელია პროცესები გააჩეროს.

„ორბანი ვაჭრობს, არ არის მაინც და მაინც უკრაინის წინააღმდეგი, შეიძლება გულის სიღრმეში უხარია კიდეც რუსეთის დასუსტება, ძლიერი და აგრესიული რუსეთი დღეს არავის არ აწყობს. მაგრამ, მას თავისი გათვლები აქვს რუსეთთან - ნავთობის ფასი, გაზი და სხვა" - განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.

პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი „რეზონანსთან" ადასტურებს რომ ვეტოს შემთხვევაში ევროკავშირის სახელმწიფოები უკრაინას ფულადი რესურსით ინდივიდუალურად დაეხმარებიან.

„მაშინ წევრი ქვეყნები ინდივიდუალურად მისცემენ უკრაინას იმ ფულს, რაზეც არის საუბარი. უკრაინა არ დაიკარგება. უკვე დაიწყეს კიდეც ინდივიდუალურად მიცემა დანიამ, ჰოლანდიამ. ნორვეგია და ბრიტანეთი არ არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, მაგრამ მათაც მიაწოდეს უკრაინას დახმარება. გერმანიამ 7 მილიარდი ევრო გამოყო უკრაინისთვის. ცალკე ქვეყნები თვითონ გამოუყოფენ თანხებს თუ ევროკავშირის ფონდებიდან არ მოხდება უკრაინა მაინც საკმარის დახმარებას მიიღებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან",-განაცხადა „რეზონანსთან" კახა გოგოლაშვილმა.

ჯიპას ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ დიდი ალბათობით უნგრეთი ვეტოს უფლებას არ გამოიყენებს, მაგრამ, თუ ეს ასე მოხდა, მაინც გამოინახება გამოსავალი.

„დიდი ალბათობით ვეტოს არ დაადებს, იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში უფრო ასე გამოიკვეთა - უფრო დაახლოებისკენ არის პოზიციები უკრაინასა და უნგრეთს შორის, ისევე როგორც ევროკავშირთან. უნგრეთიდან იყო მინიშნება, რომ ისინი განიხილავენ პოზიციის შეცვლას უკრაინის ვეტოსთან დაკავშირებით. ასე რომ, არსებობს ნიშნები, რომ ის სამიტი, რომელიც უნდა გაიმართოს ამ დღეებში, დასრულდება უკრაინისთვის დადებითი შედეგით.თუ ეს ასე არ მოხდა, თავისთავად ცხადია რომ თემა გაჭიანურდება, გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში მოინახება",-განაცხადა „რეზონანსთან" თენგიზ ფხალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×