თამთა ჩაჩანიძე
07.12.2023

უკრაინას დასავლეთის დახმარება მნიშვნელოვნად შეუმცირდა, რაც ფრონტზეც პროპორციულად აისახა და უკვე „იარაღის შიმშილზე" დაიწყო საუბარი. ამჯერად კიევი 120 მილიარდამდე დოლარის და ევროს დაფინანსებას ელოდება ვაშინგტონიდან და ევროკავშირისგან, თუმცა დიდი წინაღობებია - ოთხშაბათს უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარების დიდმა, 61-მილიარდიანმა პაკეტმა აშშ-ის სენატში პროცედურული კენჭისყრა ვერ გაიარა. ამასთან უნგრეთის პოზიცია არ იცვლება, მის დათანხმებაზეა დამოკიდებული ევროკავშირის 50-მილიარდევროიანი ეკონომიკური მხარდაჭერის პაკეტიც.

როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, მიუხედავად ბარიერებისა, აშშ-შიც და ევროკავშირშიც საკითხის შეთანხმების რესურსი არსებობს. ამასთან, დაფინანსების ჩაგდება კიევისთვის მძიმე დარტყმა იქნება და ეს შესაძლოა „გეოპილიტიკური ღალატის ტოლფასი იყოს".

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სენატს მოუწოდებს, უკრაინისთვის ფინანსური დახმარების პაკეტს დაუჭიროს მხარი. ამის შესახებ ბაიდენი „ტვიტერის" პირად გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.

„ვიცი, რომ უთანხმოებები გვაქვს. მოდით, ისინი წარსულში დავტოვოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია... მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს თუ რას იზამს აშშ. ვფიქრობ, უკრაინას თუ არ დავუჭერთ მხარს, რას იზამს დანარჩენი მსოფლიო? რას იზამს იაპონია, რომელიც უკრაინას ახლა უჭერს მხარს? რა დაემართება „დიდი შვიდეულის" პირობებს? რა დაემართება ნატო-ს პირობებს? რას გააკეთებენ ისინი?..

„ჩვენ თუ გვერდით გავალთ, ეს სხვა შესაძლო აგრესორებს მხოლოდ წააქეზებს. ამიტომ სენატს მოვუწოდებ რამე ქნას, და სწორი რამ - მხარი დაუჭიროს უკრაინელ ერს, პუტინის ტირანიის წინააღმდეგ დადგეს. თავისუფლებას დაუჭიროს მხარი", - განაცხადა ბაიდენმა.

ისრაელისა და ტაივანის დაფინანსების შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებდა 106 მილიარდი დოლარის ოდენობით დამატებითი დაფინანსებას, აქედან 61 მილიარდი უკრაინისთვის იყო განკუთვნილი. კანონპროექტის მიღებისთვის საჭირო იყო 60 სენატორის ხმა, თუმცა მას მხარი მხოლოდ 51-მა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 49 წავიდა. წინააღმდეგ ხმა ყველა რესპუბლიკელმა სენატორმა და დამოუკიდებელმა ბერნი სანდერსმა მისცეს.

უკრაინის დახმარების მაჩვენებელი ომის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა, ამ ინფორმაციას მედია საშუალებები გერმანიის კილის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

„უკრაინის მხარდაჭერის დინამიკა შენელდა. 2023 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე უკრაინისთვის დაპირებული ახალი სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 90 პროცენტით შემცირდა და 2022 წლის თებერვალში ომის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა", - აცხადებენ კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტში.

მათი მონაცემებით, 2023 წლის აგვისტო-ოქტომბერში უკრაინისთვის გაწეული დახმარების საერთო ღირებულებამ 2.11 მილიარდ ევროს მიაღწია, რაც 87%-იანი წლიური ვარდნაა. ამასთან, 42 დონორი ქვეყნიდან, უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი ბოლო სამი თვის განმავლობაში მხოლოდ 20-მა მიიღო, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ომის დაწყების შემდეგ.

ჯიპას ასპცირებული პროფესორი და ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ბარიერების მიუხედავად, კიევის დაფინანზებაზე შეთანხმების რესურსი არსებობს როგორც აშშ-ს სენატში, ისე ევროკავშირში უნგრეთის დათანხმების თვალსაზრისით, გადამწყვეტი კი ეს ერთი კვირაა.

„ბევრი რაღაცა დაკავშირებულია არა იმდენად უკრაინაზე, არამედ სხვა გარემოებებზე. თუ საუბარია სენატზე, დაიბლოკა როგორც უკრაინის, ისე ისრაელის დახმარება იმის გამო, რომ რესპუბლიკელების მხრიდან ეს მიგრაციის თემას მიება. ანუ, ამ თემის დაპაკეტება მოხდა სრულიად სხვა თემასთან, რომელიც შიდაპოლიტიკური დებატების თემა უფროა, რადგან რესპუბლიკელებს სურთ, რომ მიგრაციის პაკეტი გაიტანონ იმის სანაცვლოდ, რომ დემოკრატების მიერ წამოიყენებულ ინიციტივას მხარს დაუჭერენ. მგონია, რომ ამის შესაძლებლობა იქნება. არ უნდა გაგვიკვირდეს, როცა ამერიკა ფაქტიურად საარჩევნო ციკლშია შესული და ასეთი პოლიტიკური ვაჭრობები იქნება, თუმცა ეს შეუთანხმებელი თემა არაა და შეთანხმება მაინც მოხდება. საბოლოო ჯამში, ეს რეპუტაციულად რესპუბლიკელებსაც ძალიან დააზიანებს, რადგან აღმოჩნდება, რომ უკრაინა დახმარების გარეშე რესპუბლიკელების გამო რჩება. ამიტომაც საკმაოდ მნიშვნელოვანი შეთანხმების რესურსი არსებობს.

„უნგრეთის პრობლემა ისაა, რომ მას ევროკავშირში ის დახმარება აქვს გაყინული, რომელიც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს იმ პრეტენზიების გამოა, რომელიც დაკავშირებულია უნგრეთში არსებულ დინამიკასთან და რის გამოც ევროკავშირს უარყოფით შეფასებას გამოთქვამს. ეს უნგრეთისთვის ისევ და ისევ პოლიტიკური მინი-ჭადრაკის ნაწილია. კარგად ესმის რამდენად მნიშვნელოვანია მისი ხმა, რადგან ევროკავშირი საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებებს კონსენსუსით იღებს. 12 დეკემბერს მინისტრების დონეზე განხილული იქნება ზოგადად გაფართოების თემა, მათ შორის ჩვენი საკითხიც და როგორც ყოველთვის ბოლო დღეებში ამ ტიპის მოლაპარაკებები ძალიან მწვავეა-ხოლმე.

„უნგრეთს სურს მიიღოს მილიარდობით დახმარება, რომელიც ორბანის მთავრობას ძალიან სჭირდება. მეორეს მხრივ იქ ბრიუსელის და არა მხოლოდ ბრიუსელის პრეტენზიები არსებობს. სირთულეები არის, მაგრამ ასევე არსებობს რესურსი ამის მოგვარების - მომავალი კვირა ამ მხრივ გადამწყვეტია. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ რაღაცეები გადაწყდეს ბოლო მომენტში. მახსოვს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთ სამიტზე უნგრეთს მაშინაც საკმაოდ მწვავე და სკეპტიკური პოზიცია ჰქონდა, მაშინაც პრემიერი ორბანი გახლდათ და სულ ბოლო მომენტში, როცა სახელმწიფოთა ლიდების დონეზე ჩატარდა სამიტი, უნგრეთის დათანხმება მოხდა. ასე რომ, ერთი კვირა წინაა და შევხედოთ", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ „რეზონანსთან".

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ უკრაინაში უკვე იარაღის დეფიციტი დაიწყო და თუ დახმარების მიწოდება დროულად არ მოხდა, ფრონტზე რუსეთი სიტუაციას სათავისოდ შეატრიალებს.

„უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების არმიცემა და სენატში ამ საკითხის ჩაგდება კიევისთვის მძიმე დარტყმაა. ეს შესაძლოა გეოპილიტიკური ღალატის ტოლფასი იყოს. ეს ბაიდენის ადმინისტრაციას არ ეხება, ეს უფრო რესპუბლიკელების მიერ გადადგმული ნაბიჯია, ამას უკრაინის სამთავრობო დელეგაციის ჩასვლამაც ვერ უშველა.

„მეორეს მხრივ უნგრეთის მიერ უკრაინის მოლაპარაკებების დაწყებაზე ვეტოს დადება ნიშნავს ევროკავშირისგან 50-მილიარდიანი დახმარების გაყინვას. ეს სრული კატასტროფა იქნება. ამის პარალელურად რუსეთი 61 მილიარდ დოლარს ახმარს თავდაცვის სფეროს. რუსებმა ჩრდილო კორეიდან შეიარაღების დიდი რაოდენობა მიიღო, დახმარება ირანიდანაცაა. სამწუხაროდ რუსეთს სამხედრო მობილიზაცია არ უჭირს, რაც ფრონტის ხაზზე სერიოზულ გავლენას მოახდენს. დასავლელი ექსპერტებიც ადასტურებენ, რომ ოპერატიულ-ტაქტიკური ინიციატივა რუსების ხელშია.

„ახლა დასავლეთის ქვეყნებს შეუძლიათ „იარაღის შიმშილი" დროებით მაინც ამოუვსოს, მაქსიმუმ ორი თვის განმავლობაში. აშშ-დან და ევროპიდან საუბარია სულ მცირე 120 მილიარდ დოლარზე. თუ ეს დახმარება არ წავიდა, მარტიდან შეიძლება სტრატეგიულ დონეზე უკრაინას ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნას, შეიარაღების შიმშილი ფრონტის ხაზებსაც დაეტყობა. თუ ბაიდენის ადმინისტრაციამ რესპუბლიკელები და ევროკავშირმა უნგრეთი არ დაარწმუნეს, შესაძლოა გაზაფხულისკენ რუსებმა სიტუაცია სათავისოდ შეატრიალონ, ეს საშიშრიება არის. ეჭვი მეპარება, რომ ბაიდენმა სენატის გვერდის ავლით ფინანსური დახმარება შეძლოს, ეს ბოლო მომენტი იყო",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×