ნაზი ბერიძე
06.11.2023

გასული დღე-ღამის განმავლობაში ისრაელის არმიამ ყველაზე მძლავრი შეტევითი ოპერაცია განახორციელა ღაზაში და როგორ ექსპერტები ამბობენ, ამჟამად გაწმენდითი ტიპის მოქმედებებს ატარებს დაკავებულ ტერიტორიაზე.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სახმელეთო ჯარებმა კვირას ღამით ღაზის სექტორში „ჰამასის" საგუშაგო აიღეს და 450-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს. თავდაცვის ძალების ცნობით, საგუშაგო მოიცავდა „ჰამასის" სადამკვირვებლო პუნქტებს, საწვრთნელ ტერიტორიებსა და მიწისქვეშა გვირაბებს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ რომ „ჰამასის" რამდენიმე წევრისა და საველე მეთაურის ლიკვიდაცია განახორციელეს. ამასთან, ისრაელის გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა ღაზის სექტორში დარტყმა მიაყენეს „ჰამასის" 450-ზე მეტ სამიზნეს მათ შორის გვირაბებს, სადამკვირვებლო პუნქტებს და ტანკსაწინაააღმდეგო მართვადი რაკეტების გამშვებ პოზიციებს. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ერთ-ერთი ავიადარტყმის დროს „ჰამასის" სპეცოპერაციების ხელმძღვანელი, ჯემალ მუსა დაიღუპა.

რამდენად წარმატებულად ვითარდება ღაზაში სახმელეთო ოპერაცია ისრაელისთვის და რა წინააღმდეგობებს აწყდება, ამ თემაზე „რეზონანსს" პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე ესაუბრა.

„გუშინ, ალბათ, ყველაზე დიდი შეტევა იყო ისრაელის თავდაცვის ძალებისღაზაში როგორც ისინი ამბობენ 450 სხვადასხვა სამიზნე დააზიანეს. ეს შეიძლება ძალიან ბევრ რამეს ნიშნავდეს - დაკონკრეტებული არ არის, რა არის დაზიანებული და რა არა, მაგრამ, მათ მოახერხეს და ღაზა გაყვეს 2 ნაწილად ჩრდილოეთ ღაზა და სამხრეთ ნაწილი. ამიტომ ახლა ოპერაცია მიმდინარეობს რომ მოხდეს ჩრდილოეთ ღაზას მთლიანად დაკავება და გაწმენდა ჰამასის მებრძოლებისგან" - განაცხადა „რეზონანსთან" ლაშა ბერიძემ.

გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე: „ისრაელისთვის სამხედრო თვალსაზრისით პრობლემას არ წარმოადგენს ჰამასის განადგურება და ღაზას სექტორის ოკუპირება, ეს უკვე ფაქტია. აქ საკითხი დგას უფრო პოლიტიკური გადასახედიდან, პოლიტიკური თვალსაზრისით პრობლემა არის ის დიდი მსხვერპლი, რომელიც მოჰყვება ამ სამხედრო ოპერაციას.

„ჯერჯერობით ისრაელმა მოახერხა ჩრდილოეთ სექტორის მოკვეთა მთლიანი ღაზადან. მათ ყველაზე მოკლე მანძილზე ბლოკირება განახორციელეს, ზღვაზე გავიდნენ, მოკვეთეს ჩრდილოეთ ნაწილი სამხრეთ ნაწილს და ახლა ახორციელებენ ჩრდილოეთ ნაწილში ნაბიჯ-ნაბიჯ, სექტორ-სექტორ იმ ობიექტების დასუფთავებას, რომლებიც ალბათ წინასწარ ჰქონდათ მონიშნული.

„პრობლემა არის ზოგადად პალესტინელების პრობლემა - მოკლავენ „ჰამასის" ორგანიზაციას, აღმოცენდება სხვა ორგანიზაცია. აქ მნიშვნელოვანია რამდენად გადაწყვეტენ ამ პრობლემას ებრაელები. ძირითადი პრობლემაა, ხალხის მხარდაჭერა ამგვარი ორგანიზაციების მიმართ.

„სამხედრო თვალსაზრით, ახლა ისრაელი ახორციელებს ტიპიურ ოპერაციას ამბოხებულთა საწინააღმდეგოდ, რომელიც შედგება შემდეგი ალგორითმისაგან: ბლოკირება, დაკავება, გაწმენდა, აღდგენა. ახლა ისრაელი გაწმენდის ფაზაში იმყოფება" - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ კაპანაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×