თამთა ჩაჩანიძე
05.11.2023

ბოლო დროს როგორც დასავლეთში, ისე უკრაინაში სულ უფრო ხშირად კეთდება პესიმისტური განცხადებები ომის მიმდინარეობასა და უკრაინის პერსპექტივასთან დაკავშირებით. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის განცხადების შემდეგ ეს ტენდენცია უფრო თვალსაჩინო გახდა. დასავლური მედია იმასაც კი წერს, რომ აშშ და ევროკავშირი უკრაინასთან უკვე იმას განიხილავენ, თუ რამდენად მიზანშეწონილია სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება რუსეთთან და რისი დათმობა მოუწევს ამ შეთხვევაში ოფიციალურ კიევს. ამის პარალელურად კი ფრონტზე სამბრძოლო მოქმედების ინტენსივობა თანდათან იკლებს და და მხარეები ძირითადად საჰაერო იერიშებით შემოიფარგლებიან.

სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს პესიმიზმი რამდენიმე გარემოებითაა განპირობებული. პირველი ისაა, რომ რუსეთი ცდილობს შექმნას ილუზია, თითქოს უპირატესობა აქვს, ამისთვის კი თავის ბერკეტებს იყენებს როგორც პოლიტიკური, ისე მედიაზე გავლენის თვალსაზრისით. მეორეს მხრივ კი, ანალიტიკოსების აზრით, პრობლემა შეიარაღების მხრივ მართლაც არსებობს.

რაც შეეხება „ეკონომისტში" გამოქვეყნებულ ზალუჟნის წერილს, სადაც იგი ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება ჩიხში შევიდა, მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სამხედრო და პოლიტიკიურ წრეებში. სამხედრო სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ქართველები ანალიტიკოსებიც, მიიჩნევენ, რომ ჩიხში არა ომი, არამედ უკრაინელთა კონტრშეტევა შევიდა, რომელზეც პოლიტიკურად დიდ იმედებს ამყარებდნენ, მათ შორის დასავლეთშიც, რაც, ანალიტიკოსების თქმით, დიდი შეცდომა იყო, რადგან რუსეთთან ომი უფრო ხანგრძლივ დროსა და გამოფიტვაზე უნდა ყოფილიყო გათვლილი.

ამასობაში კი, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, საბრძოლო მოქმედებები ძირითადად დრონებისა და რაკეტების დაპირისპირებაში გადაიზარდა, თუმცა უშუალოდ ფრონტზე კვლავ რჩება ცხელი წერტილები - ავდეევკასთან რუსები უტევენ, ხოლო ზაპოროჟიეში, ხერსონსა და ბახმუტში უკრაინას აქვს ტაქტიკური უპირატესობა.

ბოლო ცნობები ფრონტიდან

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება ზამთრის ომში გადავიდა და მხარეები ძირითადად სარაკეტო და უპილოტი საფრენი აპარატით დარტყმებით შემოიფარგლებიან, თუმცა სახმელეთო ოპერაციების კუთხით ცხელი წერტილებიც არის.

„ეს ომი უკვე კაი ხანია დრონებისა და რაკეტების ომად გადაიქცა. არაკონვენციური რეიდები ხორციელდება და შემდეგ დარტყმა. რაც შეეხება უშუალოდ ფრონტზე არსებულ ვითარებას, რუსებმა ავდეევკის მიმართულებაზე შეტევა და მისი დაკავება სცადეს. ეს ბრძოლა ისევ მიდის, მაგრამ ჯერჯერობით რაღაც წარმატება არცერთ მხარეს არ ყოფილა.

„ყველგან უცვლელი სიტუაციაა. უკრაინელებს დნეპრის მეორე მხარეს საკვანძო პლაცდარმის მოწყობის მცდელობა ჰქონდათ, მაგრამ ჯერჯერობით აქაც რაიმე დიდ წისვლას ვერ ვხედავთ. რაც შეეხება ზაპოროჟიეს, აქაც იგივე მდგომარეობაა", - განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი „რეზონანსთან" ამბობს, რომ მიუხედავად საჰაერო დაპირისპირებისა, ფრონტზე სახმელეთო აქტიურობა მაინც არის.

„რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება დიდი ხანია ზამთრის ომში გადავიდა, თუმცა ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებში ტაქტიკურ უპირატესობას უკრაინელები ფლობენ და ზოგიერთზე - რუსები. ავდეევკის მიმართულებით რუსებს აქვთ ტაქტიკური უპირატესობა, ხოლო ზაპოროჟიეს, ბახმუტის, ხერსონის მიმართულებაზე - უკრაინას. რაც შეეხება ხარკოვის ფრონტს, უკრაინელებმა გეოსტრატეგიულ დონეზე სიტუაციის გამოსწორება შეძლეს და იქ ამ ეტაპზე თანანაბრი სიტუაციაა.

„ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ სამხედრო კონფრონტაციის ფაზა მეორე პლანზე გადავა, რადგანაც ახალი წლის მერე ორივე ქვეყანაში საარჩევნო პროცესები იწყება. მერე უკვე ქვეყნების შიდაპოლიტიკური ვითარება განსაზღვრავს ომის მიმდინარეობას", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

პესიმიზმის ნიშნები

1-ლ ნოემბერს „ეკონომისტმა" გამოაქვეყნა სტატია, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი ამბობს, რომ „ომი ჩიხში შევიდა". ამავე სტატიაში აღნიშნა, რომ ოკუპანტებთან ბრძოლაში „ღრმა გარღვევა არ მოხდება" და უკრაინას გამარჯვებისთვის უახლესი სამხედრო ტექნოლოგიები სჭირდება. ზალუჟნი დასძენს, რომ იმის იმედი, რომ რუსეთს საკუთარი ჯარისკაცების სისხლის დაღვრა შეაჩერებდა, შეცდომა იყო.

3 ნოემბერს ვაშინგტონში გაკეთდა კომენტარი ზალუჟნის მოსაზრებებზე. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის თქმით, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი, რომელიც ადასტურებს უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის აუცილებლობას.

ამერიკული „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" ანალიტიკოსებმა ზალუჟნის წერილის შეფასებისას განაცხადეს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი უფრო ფოკუსირებული იყო იმაზე, რომ ომი „თანდათანობით გადადის პოზიციურ ფორმატში". მათი თქმით, ამ სიტუაციის მოსაგვარებლად, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საჰაერო უპირატესობა სჭირდებათ, რომ რუსეთის თავდაცვითი ზღუდეები ღრმად გაირღვეს. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ომის ეფექტურობის ზრდაა საჭირო, რისთვისაც რეზერვები უნდა შეიქმნას და გადამზადდეს. ასევე რადიოელექტრონული ბრძოლის შესაძლებლობები გაძლიერდეს.

აქვე აღსანიშნავია, რომ უკრაინის დახმარევის გამოყოფას აშშ-დან გარკვეული წინაღობები შეექმნა. გასულ კვირას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ, ისრაელისთვის 14,3 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გამოყოფას დაუჭირა მხარი, სადაც უკრაინა ნახსენები არაა. საუბარი იყო იმაზეც, რომ დიდი ალბათობით პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვეტოს დაადებს უკრაინის გარეშე ისრაელის დახმარების კანონპროექტს, თუმცა დემოკრატები აცხადებენ, რომ აღნიშნულ კანონპროექტს სენატში არ განიხილავენ. ამჯერად აშშ უკრაინისთვის 425 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გადასცემით შემოიფარგლა.

პესიმიზმის კიდევ ერთი ნიშანი „ენბისის" მიერ გავრცელებული ინფორმაციაა იმის შესახებ, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოების შესაძლებლობასთან დაკავშირებით უკრაინულ მხარესთან კონსულტაციები დაიწყეს. როგორც მედია თავის წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, საუბარია იმაზე, თუ რაზე შეიძლება მოუწიოს უარის თქმა უკრაინას სამშიდობო შეთანხმების მისაღწევად. ერთ-ერთი ასეთი დელიკატური განხილვა გასულ თვეს „რამშტაინის" ფორმატში გამართული საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრისას შედგა. ანონიმური წყაროს თქმით, ეს დისკუსიები დაიწყო ამერიკელი და ევროპელი მაღალჩინოსნების შეშფოთების ფონზე, რომ ომი ჩიხში შევიდა.

თავად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საჯარო განცხადებებში რუსეთთან მოლაპარაკებას გამორიცხავს.

„ჩვენ რომ ახლა დავსხდეთ რუსეთთან, ვისაუბროთ და რაღაც მივცეთ, ეს არ მოხდება", - თქვა ზელენსკიმ კიევში ევროკომისიის ხელმძღვანელთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს მასზე არავინ ახორციელებს ზეწოლას, როგორც ეს იყო საომარი მოქმედებების დასაწყისში.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი მრჩეველი ალესეი არესტოვიჩი კი პრეზიდენტ ზელენსკის დაუპირისპირდა და აკრიტიკებს იმაზე, რომ ტყუილი იყო საუბრები „სწრაფ გამარჯვებაზე" და უკრაინას ომის მოგების შანსი არც არასდროს ჰქონია. 1-ლ ნოემბერს მან პოლიტიკური პროგრამა გამოაქვეყნა და არ მალავს, რომ მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა სურს.

„ჩვენს სწრაფ და ლამაზ გამარჯვებაში რიგითი მოქალაქის დარწმუნებაზე პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი წილი პირადად მე მეკისრება. იმ დროს შევქმენი ილუზია, რათა გადავრჩენილიყავით. დღეს კი (ამ ილუზიას) ვანგრევ, რათა გადავრჩეთ", - წერს „ტელეგრამზე" არესტოვიჩი.

სამშვიდობო მოლაპარაკება, თუ ომის გაგრძელება

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობა ჯერ არ ჩანს და დიდი ალბათობით, უკრაინა ბრძოლას გააგრძელებს, რისთვისაც შეიარაღებაა საჭირო.

„ჩიხში ომი არ შესულა, ჩიხში კონტრშეტევა შევიდა, რომელზეც პოლიტიკურად დიდი გათვლა ჰქონდათ და იმედები დაამყარეს, რაც დიდი შეცდომა იყო. ასეთი სწრაფი კონტრშეტევით რუსეთის უკან დახევა მალე ვერ მოხერხდებოდა. თავიდანვე ჩანდა, რომ ეს გრძელვადიანი ომი იყო და გრძელვადიანი გამოფიტვის სტრატეგიით გაკეთდებოდა აქცენტი გამარჯვებაზე.

„ახლა რასაც ჩვენ ვუყურებთ, უკრაინას არჩევანი აქვს, რომ მაღალი ინტენსივების კონფლიქტი, ანუ ბრძოლა გააგრძელოს. ამისთვის მას შეიარაღება და სხვა საშუალებები სჭირდება, რომელიც ძალიან მწირია, რაოდენობის მხრივ ძალიან გაჭირდა.

„რაც შეეხება მოლაპარაკებების შესაძლო დაწყებას, ჯერ ამის წინაპირობა არ ჩანს. ეს არჩევანი - რომ უკრაინა მოლაპარაკებებზე წავიდეს - ნიშნავს, რომ კონფლიქტი გაიყინება, რაც უბრალოდ ომს გადაავადებს. ჩემი აზრით, კონფლიქტის გაგრძელება აუცილებელია, თუმცა აშშ-ში დახმარების თვალსაზრისით ძალიან ტოქსიკური პოლიტიკაა, ეს კი ამ პროცესს სერიოზულად ვნებს.

„ომის გაგრძელების შემთხვევაში უკრაინას ძალიან კარგი შანსი აქვს, რომ თავისი ტერიტორიების დეოკუპაცია მოახდიონოს. ომის შეწყვეტის შემთხვევაში კი ხელში შერჩება გაყინული კონფლიქტი და ეს კი პირველ რიგში უკრაინისთვის კარგს არაფერს მოასწავებს", - განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ომის გაგრძელებასთან დაკავშირებული პესიმიზმი რამდენიმე მიზეზს უკავშირდება.

„ამ პესიმიზმს რამდენიმე მიზეზი აქვს. საერთაშორისო მედიაში გარკვეული პუბლიკაციები კრემლის კარგად ორგანიზებული ოპერაციაა. მაგალითად, „თაიმი" წერს ვინმე შუსტერზე დაყრდნობით, რომ თითქოს უკრაინა ომს აგებს. არის მეორე ვარიანტი - ზალუჟნის განცხადება. ის საკმაოდ ძლიერი ლიდერია და უკრაინაში აზრი ორად გაიყო. ერთმა ნაწილმა ჩათვალა, რომ ეს განცახდება არ უნდა გაეკეთებინა, მეორე ნაწილმა კი თქვა, რომ ეს აუცილებელი იყო, რასაც ვეთანხმები.

„ზალუჟნიმ რეალისტური სურათი დადო - რომ ეს ომი ყოველგვარი ილუზიების გარეშე უნდა შეფასდეს. თუმცა მისი განცხადებისგან ისიც ჩანდა, რომ ეს ომი გრძელვადიანი იქნება, რასაც მეც ვამბობდი, ეს სკეპტიკური კი არა რეალური ვარაუდებია. მან ფაქტიურად თქვა, რომ ამ გრძელვადიანი ომის პირობებში უკრაინას აქვს შანსი, რომ გამარჯვებული გამოვიდეს - ესაა ზალუჟნის მთავარი ფაბულა.

„მესამე მიზეზი ისაა, რომ 2024 წელს უკრაინას არჩევნები უწევს. მგონია, რომ მაინც ჩატარდება, რადგან ზელენსკის ხელისუფლება ცდილობს, რომ დემოკრატიული პრინციპები შინარჩუნოს. ზელენსკის კონკურენტი ეყოლება არესტოვიჩის სახით. ასევე არ გამოვრიცხავ, რომ ამ კამპანიაში ზალუჟნიც ჩაერთოს და ერთ-ერთ კანდიდატად ვიხილოთ.

„არესტოვიჩი ზელენსკის ღიად გადაუდგა და აკრიტიკებს. მისი განცხადებების სულისკვეთება იქითკენაა მიმართული, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყოს. იგი ამას რამდენიმე ხნის წინ კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და მის უკან ვინ დგას, უცნობია. რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირს ვერ ვიეჭვებ, რადგან ეს ისეთი პიროვნება არაა, თუმცა არ გამოვრიცხავ მოლაპარაკებები და პაუზა იმისთვის უნდოდეს, რომ არჩევნები ჩატარდეს. მას უკრაინის მოსახლეობაში გარკვეული მხარდაჭერა აქვს, განსაკუთრებით რუსულენოვან ელექტორატში.

„ჰუმანიტარულ საკითხზე რუსეთ-უკრაინის მოლაპარეკებები ისედაც მიდის, თუმცა პოლიტიკურ ნაწილშიც რომ დაიწყოს, ამას არ გამოვრიცხავ. რუსეთშიც არჩევნები იწყება. თან ორივე მხარეს ესმის, რომ ომი გრძელვადიანი იქნება და გაჭიანურდება. ორივე მხარეს სჭირდება ტაიმ-აუტი და როგორ მიაღწევენ, ეს ცალკე საუბრის თემაა. რუსეთს უფრო მეტი პრობლემა აქვს, ვიდრე უკრაინას, რადგან ჯერჯერობით გაურკვეველია პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისცემს თუ არა საშუალებას კენჭი იყაროს, თუ პოლიტიკური მემკვიდრე ეყოლება.

„ორივე მხარეს ესმის, რომ ტაიმ-აუტის აღება აუცილებელია. ორივე ქვეყანაში არჩევნები უწევს, რომელმაც შესაძლოა ორივე მხარეს ვითარება ფუნდამენტურად შეცვალოს. შესაძლოა ამის გათვალისწინებით მხარეებმა კონსენსუსს მიაღწიონ საომარი მოქმედებების დროებით შეჩერების შესახებ, შემდგომი გაგრძელების თვალსაზრისით, რადგან უკრაინული მხარე დათმობას არ აპირებს. რუსეთის მოტივაცია გაურკვეველია, თუმცა ისინიც არ მგონია გაჩერდნენ", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×